გაორებული მოვუყვები...
გაორებული მივუყვები უკაცურ ქუჩას, ყველა შენობაც (მარტოსული) სარკეა თითქოს... ტანჯული ღამე, დასასრული რომ აღარ უჩანს, გათენებაზე მორიდებით და კრძალვით ფიქრობს. აჩრდილი კოცნის ლამპიონებს, დიდი ხნის ჩამქრალს, მათი შემყურე, სირცხვილით იწვის ვარსკვლავი ცივი და თავზე მადგამს შარავანდედს, ბნელეთში მიმქრალს, სადღაც შორიდან ქარბუქი კი სიმწრისგან კივის. სიზმრად ნანახი მეშლება თვალწინ ხეტიალისას, ლანდებად დამდევს დაუვიწყარი ღამის ზმანება; მთვარე კი მოჰგავს უცოდველ და ლამაზ ალისას, კურდღელს რომ გაჰყვა, თავი ზღაპრადაც რომ არ ანება. ახლა უცხოა ადრე ნაცნობი ყველა ადგილი, აწმყომ წარსული დაუნდობლად, დროდადრო შთანთქა... ნაჭდევად აწევს დიდრონ ხეებს ურვის სამხილი, ანგელოზების გალობა კი დუმილმა დანთქა. ღიღინს ვიწყებ და უნებური მიპყრობს სირცხვილი, რადგან სხვა შვება, სხვა ნუგეში არ დამრჩენია, თავად ვარ ძღვენი, შმაგ ღამისთვის რიდით მიძღვნილი და ეს წანწალიც ლირიკული განაჩენია. სულში იზამთრებს გაზაფხულის წამხდარი ნირი, კვირტების სკდომა ბეჩავ ტოტებს ღიმილით აკრთობს... სხივმა კანკალით დაივანა ადგილი მწირი, შემომათენდა. უკვე ცისკარი ადგილსაც არ თმობს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი