მინაწერი წიგნის ყდაზე
რახან გადაშალე წიგნი გაცრეცილი, გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, არ ინანებ... კარი ჩარაზე და ფარდაც მოეფარა სნეულ ხის ტოტებს და სხივნიც გაინაბნენ. წიგნში არ შეგხვდება უცხო ესთეტიკა, მძაფრად ბანალური გრძელი საუბარი, პერსონაჟები კი ყველა მოსაწყენი, ამბის ნარატივი - მდორედ ნაუბარი. რომანს შუაზე ჰყოფს ორი ნაწილი და კიდევ, ღმერთმა უწყის, რამდენი ქვეთავი, ყდაზე ძლივსღა მოჩანს მცირე ავტოგრაფი, შავი მელნით ქმნილი, უხმო და მწვეთავი. ახლა ფურცლებს უდით სუნი სიძველისა, ყველა გადაყვითლდა, როგორც ბალახები, არც კი გაირჩევა ზოგან ნაბეჭდი და ქაღალდს ეფინება მწუხრის დალალები. კარზე კაკუნია, მგონი, გაწუხებენ! წარბსაც არ შეიხრი, უმალ აიგნორებ, კიდევ გაბრძოლება კარზე უიმედოდ, მაგრამ კაკუნის ხმას ვეღარ გაიგონებ. დასაწყისიდანვე წიგნი მოგხიბლავს და ყოველს დაგავიწყებს დღისით, თუნდაც - ღამით, ახლა შენს ხელში ვარ, ყოვლად უიმედო, გთხოვ, რომ მომისმინო მხოლოდ ერთი წამით... დაბინავებული ორ ძველ ქაღალდს შორის, მათი სურნელით და ეშხით გამომთვრალი, მე ვარ უსახელო, უცხო პერსონაჟი, მჭკნარი, მიბნედილი, ბევრჯერ ნაზამთრალი. და რომ აირეკლავს ყველა ასო-ბგერას შენი წრფელი თვალი, ზოგჯერაც მზაკვრული, მერე სიფაქიზით ქაღალდს შეეხები, გაურკვევლობისგან მეტად დაზაფრული. თავსაც არ შეგაწყენ, უკვე მომაგენი, მგონი, გაგახსენდი, კადრიც აღიდგინე - შემოდგომა იყო, შენ რომ ჩამომწყვიტე წიფლის გამხმარ ტოტს და გულზე დამიფინე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი