ლირიკული ონკანი


მე ლირიკული ონკანი მაქვს და მოედინება წვეთი წანწკარით
და ყოველ ხანგრძლივ ინტერვალებში ლექსი სველდება მორიგი პწკარით,
ჩემი ონკანი წააგავს ღრუბელს, წააგავს წყაროს და ქალის ძუძუს,
რომ ღვთაებრივი საჩუქარივით წყალი აგემოს დამაშვრალ უძლურს.
წვეთების კვნესა ცივ ნიჟარაში წკაპ! და ჩერდება... წკაპ! და ჩერდება...
დუმილით ნაჭამ უცხო ოთახში, ვით დროის ბზარვა, ისე ჟღერდება.
რა არ ვქენი და რა არ ვეცადე, სულ რომ მომეშთო წვეთების წყება,
მაგრამ ჯიუტად (და რა ხანია) მათი წანწკარი არაფრით წყდება.
როცა მინდება ვუსმინო ჰაიდნს, ვუსმინო ბახს და შტრაუსის პოლკას,
დახამებული მეზღვაურივით, როგორც სირინოზს, ვუსმენ ჩემს ონკანს.
შევადარებდი მის მზაკვრულ ჩურჩულს ღამის ლოცვებს და მორზეს იმ ანბანს,
რომ იდღაბნება სახურავებზე წვიმის სახით და ცოდვილებს განბანს.
საათს უარი, კომპასს უარი, დროსა და სივრცეს მტკიცე უარი
(ჩემს ყოველ ფიქრსაც ხედავს ონკანი, მუდმივად მისმენს, განა ყრუ არი),
არიან მხოლოდ წვრილი ბგერები, დღისა თუ ღამის ორიენტირად,
ზოგჯერაც ვგავარ ჩემივე ონკანს და ისიც მაშინ, თუ ამეტირა
უსასოობით ძალაგამოცლილს, დატანჯულს, ცოდვილს, დავრდომილს ანდა
იმედით სავსეს (როცა ვიყავი მაშინ, როდესაც ონკანი გაჩნდა).
გაჩნდა წვეთად და უვერტიურა ჩაარაკრაკა, ანუ დამიკრა,
სწორედაც მაშინ ჩამოღამდა და თითქოს სიბნელემ თვალი ჩამიკრა.
მას შემდეგ ვზივარ უფუნქციოდ და ძლივს ვაკოწიწებ იმ წყვეტილ აზრებს,
ანჟამბემანი რომ ეწოდება, მუდამ რომ სერავს სტრიქონთა ხაზებს.
მუდმივად ვუცდი, როდის გასკდება ონკანი უცბად და შემომფარქვევს
ისეთ ლირიკას და ესთეტიკას, სახელს ვერავინ რომ ვერ დაარქმევს.
ცხოვრება (ანუ მჟღერი ონკანი) გამყინავ წვეთებს წერტილს არ უსვამს
და ახალგრძლივებს ინტერვალებში გამაყრუებელ მწარე პაუზას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
არტი ბორნიდრამატურგი2 წლის წინ

😂😂

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი