მესაათე
ოთახში მეფობს ჩუმი წიკწიკი, როგორც წვიმის დროს ბგერები ტბორის და რა ხანია, თორმეტს გადასცდა, ნახევარია მემგონი ორის. გარეთ კი ყეფენ შავი ძაღლები, ვით ოპერაში სცენის მგოსნები, შემოდგომისას ხიდან ფოთლები ცვივა ზაფხულის თბილი ოცნებით. იდილიაში, მყუდროებაში მაგიდას უზის მესაათე და ვინ იცის, უკვე მერამდენეა, მორიგი ღამე რომ დაათენდა, ისე ღიღინებს აუჩქარებლად, რიტმულად, მშვიდად, ლოცულობს თითქოს და მასთან ერთად კედელზე მყოფი ყველა საათი წამებზე ფიქრობს. იქვე თვლემს კატა (ძაღლებს არც უსმენს) და მშვიდად ფშვინავს ყვითელ ბალიშზე, კუდის ქიცინით ის მესაათეს (არავინ იცის), თუ რას ანიშნებს. ფარდებს კი არხევს თბილი ნიავი და თითქოს კოცნის საათის ისრებს, მინავლებული ბუხარში ცეცხლი უკანასკნელად ძალ-ღონეს იკრებს... ჭანჭიკები თუ მომცრო ხრახნები ამექანიზმებს ცნობიერებას და დროის მდორე მდინარებაში აუფერულებს ყოფიერებას. მესაათეს კი რიდით რომ ჰკითხო, თუ რას აკეთებს, რას ჩაჰკირკიტებს, პასუხს არ გაგცემს, საქმეს განაგრძობს, მწარე სარკზმით ჩაიხითხითებს. და გაიხსენებს სიყმაწვილის წლებს, როცა დროებას არად აგდებდა, როცა რიცხვები წამის თუ წუთის, ანდა საათის მყისვე დანებდა... როცა გაჩერდა დროის ღელვა და როცა ტალღები ძლივსღა დაოკდნენ, როცა საათზე თუ კალენდარზე შავი რიცხვები უცბად დაობლდნენ. მოგონებები მოჰგავს ციფერბლატს და ერთურთს წამში ენაცვლებიან, გადაყვითლებულ ქაღალდებზე რომ სიტყვები ძრწოლით იმარცვლებიან. დროს შეეყინენ თეთრი ლანდები, მერმისი მწარედ გაბუნდოვანდა, გახუნებული, უცხო დუმილი გახმოვანდა თუ გათანხმოვანდა. დრო (ანუ ჩქარი მატარებელი) აღარ ჩერდება ბაქანზე დიდხანს და შესქელებულ, მრუმე სიჩუმეს საათი ურჩი წიკწიკით ხიბლავს. ყველა კუნჭული თუ ყველა კუთხე მტვერივით იფენს კაკაფონიას, (ეს ყველაფერი ცალსახად მოხდა, მე არაფერი მომიგონია). ...მესაათეს კი რიდით რომ ჰკითხო, თუ რას აკეთებს, რას ჩაჰკირკიტებს, მის ნაცვლად პასუხს საათი გაგცემს და სარკასტულად ჩაიწიკწიკებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი