მე პროლოგიდან გამოვიპარე...


მე პროლოგიდან გამოვიპარე და შემიფარა იმ ნარატივმა,
ჩანჩქერისავით რომ დაშვებულა, ისე ძლიერად და ისე წრფივად,
მინდა-არ მინდა, ნაკადს მივყვები, თავით ვეხლები გვერდების ნომრებს
და ვეკიდები სიტყვების შორის რთულად გახლართულ დეფიზის ზონრებს.
ისე მაწუხებს ქაღალდის სუნი, არომატისგან მესხმება რეტი,
რომ არ შევასკდე თავის დასაწყისს, კვლავ აღმიდგება წინ პარაპეტი,
რომელიც მიცავს კვანძის შეკვრისგან, დაძაბულობას უმალ აოკებს
და თვალწინ მიშლის ქაღალდზე გართხმულ მრავალი სიტყვის არსს თუ რაობებს.
გადავეყრები გზად პერსონაჟებს - პროტაგონისტებს, ანტაგონისტებს,
მოათეისტო თუ მოთეისტო მოფილოსოფოს-მოშოვინისტებს -
ყველა მაბეზრებს თავს და დაღლილი დავესვენები მორიგ ქვეთავში,
მაგრამ ამ წიგნის ურჩი გმირები კვლავ გადადიან დაუკრეფავში.
ვეხლები წერტილს, ზოგჯერაც მძიმეს, ხანდახან თავში მესვრიან ტირეს,
ერთხელაც ისე ამიცდა ფეხი სამწერტილებზე, ყოფაც მიტირეს...
კვანძი იკვრება, მეტიც - იხსნება, ამ ჩემი ნების საუკუღმართოდ,
მე კი არ ძალმიძს, რომ ნარაცია ჩემს ხუშტურებზე ჯიუტად ვმართო;
მთელი ცხოვრება ვცდილობ გავერკვე, რა დავუშავე, სულ რომ ხელს მიშლის,
უნამუსოდ რომ წინ მეღობება და წოდება აქვს წიგნის სანიშნის.
მელანქოლიაც უნდა ჩავურთო, თორემ მკითხველი ნეტავ რას იტყვის,
გულსაკლავია ქაღალდის მოთქმა, რომ დაფარულა ცხადი სიყვითლით.
მორჩა, გათავდა, უკვე აშკარად გადავიღალე მონოლოგებით,
ცნობიერების ნაკადებით თუ კვლავ არ შემდგარი პოლილოგებით.
და ეპილოგის კარსაც შევაღებ, იქვე შევიტან წერტილის სარჩელს,
შემდგომ ამისა - შევეგებები ჩემს ნანინანატრ და სათუთ სარჩევს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი