P.S.


თავს არ შეგაწყენ ათასი სიტყვით,
მრავალ აბზაცით ან თუნდაც რითმით...
დავწერე შენთვის მცირე წერილი,
მოკლე ფრაზები ქაღალდს ფენილი.
და ფოსტალიონს გამოვატანე,
მანამდე ჯიბით დიდხანს ვატარე,
მისამართს, ქუჩა რომ გასდევს ფონად,
ვიმედოვნებ, რომ დავწერდი სწორად.
ახლა კი, თუკი კითხულობ ნაწერს
და ვერაფრით ცნობ ყოველის დამწერს,
აქ დავასრულებ წერილსაც ჩუმად
და შენთან მოვალ ვრცელ პოსტსკრიპტუმად.

P.S.
როგორც შეხედე, წერილი არის ათი მარცვლისგან შემდგარი წყება,
მაგრამ გა-ოც-და ათივე პწკარი და შეიფერა საამო შვება,
გაერთიანდა, გნებავს - შეუღლდა, ანუ შეერწყა ერთურთს ათივე,
გაორმაგებით, ჭირსა თუ ლხინში, მრავალი ღამე ერთად ათიეს.
თუ ჯერაც ვერ მცნობ, ნურც მაგას ჩივი, ეს ელეგია გიჩვენებს, ვინც ვარ,
შენთვის სიტყვები დაემსგავსება კეკლუც ყვავილზე გაჩენილ თბილ ცვარს.
გახსოვს, სახლისკენ ნელა მიმავალს გზად ისე უცბად რომ გაგიწვიმდა,
ვერც მოასწარი სადმე შემალვა (ჭექა-ქუხილსაც ხმა დაუწვრილდა),
და დაუბერა თავნება ქარმაც - ფოთოლთა დასი შემოგაყარა,
ღრუბლის ნაფლეთის ანარეკლმა კი თითქოსდა გუბეს წვიმა ახარა.
თმებს გიმორცხვებდა სველი კოცნებით წვეთად მოსული ბგერების გმინვა
(აქ ჰიპერბოლამ მოიკოჭლა და აღარ მაღირსა დღის შუქის ხილვა).
იქვე რომ იდგა მოხუცი ქალი და ნორჩ ყვავილებს თავსხმაში ყიდდა,
ენატრებოდა გამვლელის კითხვა - თითო ყვავილი რამდენი ღირდა...
რაღა თქმა უნდა, უხმოდ გაჩუქა მომცრო იების თაიგული და
გამოგიწოდა დაკოჟრილ ხელით - ბაღში იების გუნდს რომ უვლიდა.
მადლიერებით აღსავსე ტემბრით გადაუხადე დიდი მადლობა,
შენი სიტყვები კი ჩაიკარგნენ წვეთებში, როგორც ტკბილი გალობა.

...აქ სწრაფად წყდება ლექსის წერის და რითმების ხატვის მარდი ქმედება,
რადგანაც თვალებს შენი ანფასის ხილვის სურვილი ისე ედება,
რომ აშრობს მელანს, კალამს აწუხებს ნაცოდვილარი სიტყვის ხველება,
ფრაზები ქრება იმ მთვარესავით, განთიადისას შნო რომ ელევა.
ახლა მხოლოდღა ვუსმენ საათს და მის მჟღერად ბანებს - წიკწიკ-წიკწიკას,
კვლავ ვიმედოვნებ, არ დამიწუნებ ეპითეტებს და ზოგად ლექსიკას.
ეგება ვცადო და რომ გამართლდეს, რომ გადაეფრქვეს ქაღალდს მელანი,
ნუთუ ამგვარად წვალობს წერისას სასიქადულო ყველა მწერალი?

...არ იფიქრო, რომ ამის დამწერი ჭკუაშემცდარი, გიჟი, შლეგია -
ვგონებ, რომ უკვე არის მდიდარი სინონიმებით ეს ელეგია -
არ მაქვს ბოროტი აზრი-სურვილი-ზრახვა-ნდომა და გულისწადილი,
უბრალოდ, შენთვის გავპოსტსკრიპტუმდი, აქ მივუჩინე რითმას ადგილი.
ახლაც კი მახსოვს (სულ მეხსომება) ის წვიმიანი ამინდი, როცა
შენ გიყურებდი, ვსველდებოდი და კვლავ გრძელდებოდა ისეთი მოცდა,
რომ არ უჩანდა ბოლო წერტილი და დასასრული, როგორც ამ ფრაზებს
და შენს სარკმელში შემოპარულ და დაბინავებულ მზის სხივთა ხაზებს,
რომლებიც წყრომას ვეღარ მალავდნენ, წვეთად ტიროდნენ ფანჯრის რაფაზე
(თუ როგორ მიჭრის მე წარმოსახვა, შენვე განსაჯე და შეაფასე).
ქუჩის კუთხეში დიდხანს ვიდექი და არ ვიცოდი, თუ რას ველოდი,
შენ მიიხურე უცბად ფანჯარა იმ შიშით, თითქოს დასველდებოდი. 
ჩამობნელდა და გადაეფარა ქუჩებს ჩრდილების შავი არშია,
თითქოს სამყარომ ნაცნობ სინათლეს უცნობი ღამე ისევ არჩია,
არც მახსოვს, როგორ მოვედი სახლში, როგორ ავანთე ბნელში ნათურა,
ვწერე, წავშალე და ქაღალდებზე კალამმა ხელი მოაფათურა...

დასაწყისშივე როგორც გითხარი, არ შეგაწყენდი თავს ბევრი სიტყვით,
გთხოვ, მომიტევო ყველა ტაეპი, დასასრული ხომ ყოველ წამს ითვლის,
გავილექსე და კვლავ გამიგრძელდა სიტყვა, რომელიც არ უნდა მეთქვა
(ან უნდა მეთქვა, ასო-ბგერებად უნდა მექცია მე გულის ფეთქვა).

ჩვენში დარჩეს და სულ მაკვირვებდა - რატომ არ სძინავთ მკრთალ ლამპიონებს
და სად მიდიან ის წერილები, ჩანთით რომ დააქვთ ფოსტალიონებს?

P.P.S
უკვე კარგად ვცნობ იმ ფოსტალიონს, რომ დააბიჯებს ქუჩა და ქუჩა,
რომ არ ბეზრდება ხეტიალი და კაკუნით იკლებს ყველა კარს ურჩად.
წეღან ჩემს კარებს მოადგა შფოთვით, ბრახუნ-ბრახუნით მეტად აიკლო,
დავთარის მსგავსში ჩაიხედა და უფრო ზუსტად კი - თავით ჩაეფლო.
მითხრა: უთითებ ისეთ მისამართს, რომელიც თურმე არ არის არსად!
ჯახირობ, წვალობ, ანდა თამაშობ და შენივე თავს ასაღებ ფარსად!
მან დამიბრუნა ყველა კონვერტი საგულდაგულოდ შენთვის ხელთქმნილი,
დამცინა, ქუჩას უნდა მივადგე, რომელიც გახლავს შენი შექმნილი!
კვლავ და კვლავ ვზივარ ჩემს მაგიდასთან, პირს ღიმილი მაქვს გადაფენილი,
აუარება წერილი მიმზერს, შენთვის მრავალჯერ გადაწერილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი