წმინდა თეკლას მარტვილობა


მთარგმნელის წინასიტყვაობა

„და მე გიმნაზიელივით შეყვარებული ვარ მის სახელზე. ბლოკნოტებზე, უბის წიგნში, ცარიელ ქაღალდზე, ყველგან მის სახელს ვწერ. მინდა მუდამ მისი სახელი მესმოდეს.“
-კ.გამსახურდია

წმინდა თეკლას მარტვილობა, როგორც მე მას ვუწოდე, ლათინურად კი იწოდების “Acta Pauli et Theclae”, ახალი აღთქმის აპოკრიფული ტექსტებიდან ერთ-ერთია. თუ როდის და ვინ შექმნა ტექსტი, სადავო საკითხია. ყველაზე ადრეული წყარო, რომელიც ამ ტექსტის არსებობას ადასტურებს, ტერტულიანეს წიგნი, “Ad Baptismo-ა“, რომელიც დაახ. ა.წ. 190-200 წლებშია დაწერილი. ტერტულიანეს ვერსიით, აბსურდია ისტორია, სადაც ქალი ქადაგებს და ნათლავს; აკრიტიკებს ყველა იმ ქრისტიან მოღვაწეს, რომელიც ამ ტექსტით იცავს ქალთა უფლებებს ქრისტიანობაში და წერს, რომ ამბავი შეთხზულია მცირე აზიელი სასულიერო პირის მიერ, რომელმაც აღიარა ნაწარმოების შექმნა და ამის შემდეგ იგი ეკლესიიდან მოჰკვეთეს.

თანამედროვე კონსენსუსით ტერტულიანეს ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება. დიდი ალბათობის, მისი ნაწერების მიზანი ქრისტიანობაში ქალთა უფლებების მოძრაობის დისკრედიტირება იყო და თანამედროვე გადმოსახედიდან უზუსტობად მიიჩნევა ისტორია მცირე აზიელ მღვდელზეც. ტერტულიანეს ნაწერებით ერთადერთი იმის თქმა შეგვიძლია, რომ ტექსტი ა.წ 190 წლამდეა დაწერილი.

უძველესი შემორჩენილი ხელნაწერები, რომლებიც წმინდა თეკლას ნარატივის ნაწილებს მაინც შეიცავს, მე-3-მე-4 საუკუნეებით თარიღდება. სრული ხელნაწერი კი, რომელიდანაც ტექსტის დღევადელი სახე აღადგინეს, მე-10 საუკუნით თარიღდება და ბერძნულ ენაზეა.

ტექსტი ფართოდ არასოდეს ყოფილა მიღებული როგორც კანონიკური, თუმცა მცირე აზიაში, სირიაში და ეგვიპტის ნაწილებში, წმინდა თეკლა უმნიშვნელოვანეს წმინდანად ითვლებოდა და შესაბამისად ამ ტექსტსაც კითხულობდნენ ეკლესიებში წირვისა თუ ლოცვის დროს. შემორჩენილია მე-6 საუკუნის ხელნაწერი, სადაც „წმინდა თეკლას მარტვილობა“ ბიბლიის ახალი აღთქმაშიც კი არის შეტანილი. მე-6 საუკუნეშივე პაპმა გელასიუს პირველმა თავისი დეკრეტის მეხუთე თავში ჩამოწერა წიგნები, რომელთა გამოყენებისგანაც ეკლესიებს თავის შეკავებას ურჩევდა, მათ შორის ეს ტექსტიც.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორის შესახებ არაფერი ვიცით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტექსტის წერისას მისი განზრახვა არ ყოფილა ხალხისთვის ტექსტის კანონიკურობა მიეყიდა. ტერტულიანე ასევე წერს, რომ როდესაც მცირე აზიელ მღვდელს ჰკითხეს, თუ რატომ დაწერა მან ეს ამბავი, მისი პასუხი იყო “პავლეს სიყვარულის გამო“ (amor Pauli). ტერტულიანეს წყარო სანდო არაა, თუმცა ლიტერატურული ანალიზით ტექსტის სტრუქტურა ძალიან წააგავს მაშინდელ ბერძნულ-რომაულ რომანებს, რომლებიც მაშინ ძალიან გავრცელებული იყო.

ამასთანავე იმ დროისათვის აბსოლუტურად მიღებული იყო წმინდანის ცხოვრებაში გამოტოვებული ადგილების შევსება ისტორიებით, რომლებიც ხალხში რწმენას გააძლიერებდა, მათ ქრისტიანობისკენ უბიძგებდა. შესაბამისად თანამედროვე კონსენსუსით ტექსტის ავტორი ქრისტიანი იყო, რომელსაც რელიგიის გავრცელება სურდა და ამ მოტივაციით დაწერა ერთგვარი რომანი, სადაც ტრადიციული მიჯნურობის ისტორია ღმერთისადმი სიყვარულითა და თავდადებით ჩაანაცვლა.

***

მინდა წინასწარვე დავძინო, რომ ყოველი მთარგმნელობითი გადაწყვეტილება არის სრული პასუხისმგებლობით მიღებული. ტექსტში აღრეულია არქაული და თანამედროვე ქართული არა ჩემი ენის უცოდინრობის, არამედ თანამედროვე მკითხველისთვის მაქსიმალურად გასაგებობის მიზნით. ტექსტს ასევე დავურთე მრავალი კომენტარი, რომელიც იმედი მაქვს, ტექსტის გაგებას გაამარტივებს.

და ბოლოს — ეს არ არის ჰაგიოგრაფიული ტექსტი. ტექსტის არაკანონიკური ბუნების მიღმა, არც ჩემი თარგმანია რელიგიური თარგმანი, ეს ყოველივე არ გამიკეთებია ჩემთვის ადრეული ქრისტიანობის კვლევის მნიშვნელოვნებისა თუ საერთოდ რაიმე სამეცნიერო მიზნებისათვის. ჩემი მიზანი იყო განმედიდებინა სილამაზე თეკლასა - წმინდანისა, ისტორიული ფიგურისა, მისი მარტვილობისა და უმთავრესად უშუალოდ ყოვლად დიდებული სახელისა.

წმინდა თეკლას მარტვილობა
პირველი თავი
1. ოდეს ანტიოქიიდან დევნის შემდეგ პავლე მოციქული იკონიას [1]ჩავიდა, დემასი და ჰერმოგენესი, [2]მაშინ ჯერ კიდევ ფარისევლები, მისი თანამგზავრნი გახდნენ.[3]

2. მაგრამ პავლემ, უმზერდა რა ღმერთის სიკეთეს, მათ არ ავნო, არამედ უყვარდა იგინი ძლიერად.

3. მან სცადა შეესმინებინა მათთვის წინასწარმეტყველებანი და პრინციპნი ქრისტესი და სიბრძნე სახარებისა ღმერთის საყვარელი შვილისა, ასწავლიდა მათ ქრისტეს სიტყვას, როგორც თავად მიიღო იგი.

4. ერთი კაცი, ონესიფორესი, გაიგო რა პავლეს ჩამოსვლის შესახებ იკონიას, მუნთქუესვე გაემართა მასთან შესახვედრად თავის ცოლ ლექტრასთან და შვილებთან სიმიასა და ზენოსთან ერთად, რათა მიეპატიჟებინა იგი თავის სახლს.

5. რამეთუ ტიტეს [4]აღეწერა მათთვის პავლეს პიროვნება და ისინიც ჯერ არ იცნობდნენ მას პირისპირ, არამედ მხოლოდ აღწერას მისი პიროვნებისა.

6. იჯმნენ მეფის შარაგზაზედ ლისტრას და იდგნენ იქ, ადარებდნენ რა ყოველ გამვლელს აღწერილობას, რომელიც ტიტესგან მიეღოთ.

7. და დაინახეს შორს კაცი მომავალი, დაბალი აღნაგობისა; მელოტი; მოხრილი ბარძაყებით და ხანდახან იგი მოსჩანდა კაცად ხოლო ხანდახან გამომეტყველება ანგელოზისა ჰქონდა. და დაინახა პავლე ონესიფორესმა და გაუხარდა.

8. და სთქუა ონესიფორესმა: გამარჯვება, წმინდა ღმერთის მსახურო. ჰრქუა პავლემან, ღვთის მადლი შეგეწიოთ შენ და ოჯახს შენსას.

9. მაგრამ დემასი და ჰერმოგენესი შურმა მოიცვა და ფარისევლურად სთქუეს, ნუთუ ჩვენ არ ვართ წმინდა ღმერთის მსახურნი? რატომ ჩვენ არ მოგვიკითხე?

10. ონესიფორესმა მიუგო: რამეთუ მე თქვენში ვერ დავინახე ხილი უმწიკვლოებისა. მიუხედავად ამისა, თუკი თქვენც ასეთნი ხართ, თქვენც გიმასპინძლებთ ჩემს სახლში.

11. შევიდა პავლე ონესიფორესის სახლში, რამაც უმალ დიდი ბედნიერება მოჰგვარა შიგნით მყოფ ოჯახს და შესდგნენ იგინი ლოცვას, პურის გატეხვითა და მოსმენით პავლესა, რომელიც ქადაგებდა ღმერთის სიტყვას ზომიერებისა და აღდგომის შესახებ. და ქადაგებდა პავლე ასე:

12. ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.[5]

13. ნეტარ არიან ხორცშეუბილწავნი, ვინაიდან ისინი არიან სასახლე ღმერთისა.

14. ნეტარ არიან ნებისყოფის მქონენი, ვინაიდან ღმერთი გამოეცხადება მათ.

15. ნეტარ არიან ვინც დაივიწყებენ საერო სიამოვნებებს, ვინაიდან ღმერთი მიიღებს მათ.

16. ნეტარ არიან ვინც თავს შეიკავებენ ცოლოსნობისგან[6], ვინაიდან ისინი გადიქცევიან ღმერთის ანგელოზებად.[7]

17. ნეტარ არიან ვინც თრთიან ღმერთის სიტყვაზე, ვინაიდან ისინი სიმშვიდეს ჰპოვებენ.

18. ნეტარ არიან წმინდად მონათლულნი, ვინაიდან ისინი სიმშვიდეს ჰპოვებენ მამასთან, ძესთან და სულთან წმინდასთან.

19. ნეტარ არიან ვინც მიჰყვებიან სიბრძნეს იესოსა ქრისტესა, ვინაიდან მათ უწოდებენ უმაღლესის შვილებს.

20. ნეტარ არიან ვინც ისმენენ მითითებებს იესოსა ქრისტესა, ვინაიდან ისინი დამკვიდრდებიან მარად სინათლეში.

21. ნეტარ არიან ვინც ქრისტეს სიყვარულით მიატოვებენ ამქვეყნიურ დიდებებს, ვინაიდან ისინი განსჯიან ანგელოზებს და დასხმულ იქნებიან ქრისტეს მარჯვენა ხელად და არ იგემებენ სიმწარეებს განკითხვის დღისა.

22. ნეტარ არიან სხეულნი და სულნი ქალწულთა, ვინაიდან ისინი არიან მოსაწონნი ღვთისა და არ უნდა დაკარგონ ძღვენი ქალწულობისა, ვინაიდან სიტყვა მათი ზეციერი მამისა იქნება გზა მათი ხსნისკენ დღეს მისი შვილისა [8]და ისინი ჰპოვებენ სიმშვიდეს სამარადჟამოს.[9] [10]

მეორე თავი
1. ოდეს პავლე ამას ქადაგებდა ონესიფორესის სახლის ეკლესიაში, ერთი ქალწული, თეკლად წოდებული, რომლის დედასაც თეოკლია ერქვა [11]და მითხოვილი იყო კაცზედ, სახელად თამირისზედ, ჩამოჯდა ერთ-ერთ ფანჯარაზედ თვის სახლშიად.

2. საიდანაც, მეშუეობით ფანჯრისა სახლში, სადაც პავლე იყო, მას დღისითა და ღამით ესმოდა პავლეს ქადაგება ღმერთზედ, ქველ-მოქმედებაზედ, ქრისტეში რწმენაზედ და ლოცვაზედ.

3. არ შორდებოდა იგი ფანჯარას, სანამ უდიდესი ბედნიერებით არ დაჰმორჩილდებოდა რწმენის პრინციპებს.

4. ოდეს ჰხედავდა, როგორ შედიოდნენ მრავალი ქალი და ქალწული პავლესთან, თავადაც გულწრფელად სურდა ჰღირსებოდა მის გარემოცვაში ყოფნა და ქრისტეს სიტყვის მოსმენა, რამეთუ აქამდე არ ენახა პავლე, არამედ მხოლოდ მისი მოძღვრება მოესმინა.[12]

5. მაგრამ ოდეს თეკლას ვერ აიძულებდნენ მოშორებოდა ფანჯარას, დედამისმა მოიყვანა თამირის, რომელიც მოვიდა დიდი სიამოვნებითა და მოლოდინით, რომ ცოლად მოიყვანდა მას და შესაბამისად ჰკითხა თეოკლიას, სად არის ჩემი თეკლაო.

6. თეოკლიამ მიუგო, თამირის, ფრიად უცნაური რაიმე უნდა გითხრა, რამეთუ თეკლა სამი დღის განმავლობაში არ შორდება ფანჯარას თუნდაც საჭმელ-სასმელადაც კი და ფრიად მიმართულია, ისმინოს ვინმე უცხოელის ცბიერი, მცდარი ქადაგება. და ეს მე ძლიერ მაკვირვებს, თამირის, რომე მისნაირი კლდევამოსილი ქალიშვილი ასეთ გავლენას მოახდენინებს ვინმეს მასზედა.

7. ვინაიდან ამ კაცმა შეაწუხა მთელი იკონია, შენი თეკლაც სხვათა შორის. ყველა ქალი და კაცი აწყდება მას, რათა მიიღონ მისი ღაღადი და იგი კი, სხვა ყველაფერთან ერთად, მათ ეუბნება, რომ არს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელსაც უნდა ვეთაყვანოთ და რომე ხორციელი სიამოვნებების გარეშე უნდა ვიცხოვროთ.

8. მიუხედავად ამისა ჩემი ქალიშვილი, თეკლა, როგორც აბლაბუდა ობობისა, მონუსხულია პავლეს ქადაგებებით და მათ დიდი მოწადინებითა და სიამოვნებით სწავლობს. და ასე, მისი ლაპარაკის მოსმენით, ქალიშვილი დაბმულია. აწ კი მიდი და დაელაპარაკე მას, რამეთუ შენზედ არს მოთხოვილი.

9. და მივიდა თამირის და მოიკითხა რა იგი, თანაც ისე რომ არ შეეკრთო, სთქუა, თეკლა, საცოლევ ჩემო, რად ზიხარ ამ ნაღვლიან ჯდომშიად? რა უცნაური შთაბეჭდილებები მოგხვევია გარშემო? მობრუნდი თამირისისაკენ და შემომხედე.

10. დედამისიც დაელაპარაკა მას იმავე მიდგომით და სთქუა, შვილო, რატომ ჩამომჯდარხარ სევდიან ჯდომშიად და გახევებულივით პასუხს არა გვცემ?

11. და ყველანი მწარედ ატირდნენ. თამირის, რამეთუ მას საცოლე დაეკარგა; თეოკლია, ვინაიდან მას ქალიშვილი; მსახურნი, რადგან ქალბატონი დაჰკარგვოდათ და ერთსულოვანი გლოვა გამეფებულიყო სახლში.

12. მაგრამ ეს ყოველივე თეკლას საკმარისად არ აწუხებდა, მათკენ მიტრიალებულიყო და შეემჩნია იგინი, ვინაიდან ჯერ კიდევ პავლეს ქადაგებას აყურადებდა.

13. შემდგომ თამირის ქუჩაშიად წინ და უკან ბოლთას სცემდა, დაჰკვირვებოდა, ვინ იყო ის ხალხი, პავლესთან რომ შედიოდა და გამოდიოდა. და დაინახა ორი კაცი მშვიდად კამათობდნენ და ჰკითხა მათ:

14. ბატონებო, რა საქმე გაქვთ თქვენ აქ? და ვინ არს ის კაცი შიგნით, თქვენიანი, რომელიც გონებას უბინდავს კაცთ — ვაჟებსა და ქალიშვილებს, უმტკიცებს მათ, რომე არ უნდა დაქორწინდნენ, არამედ გააგრძელონ როგორც არიან?

15. საგრძნობ თანხას გთავაზობთ თუკი მის შესახებ ცნობებს მომაწვდით, რამეთუ მე ვარ მმართველი ამ ქალაქისა.

16. დემას და ჰერმოგენეს მიუგეს: ჩვენ არ ვიცით ზუსტად ვინ არს იგი, თუმცა ეს ვიცით, რომ იგი აშორებს ვაჟებს მათ მომავალ ცოლებს და ქალწულებს მათ მომავალ ქმრებს თვისი სწავლებით, რომე ვერ იქნება აღდგომა, თუკი უარს არ იტყვი ხორციელ სიამოვნებასა და ავხორცობაზე.

მესამე თავი
1. შემდეგ სთქუა თამირისმა: წამომყევით ჩემს სახლს და მოილხინეთ. და წაჰყვნენ ისინი მოსალხენად. იყო მრავლად ღვინო და მდიდრული მასპინძლობა.

2. მიიყვანა იგინი მაგიდასთან მდიდრულად გაწყობილთან თამირისმა და ასვა ათი ათასი მისი თეკლასადმი სიყვარულისა და მისი ცოლად მოყვანის სურვილის დასალოცად.

3. და სთქუა თამირის: მსურს, შემატყობინოთ, რა არს მოძღვრება ამა პავლესი, რომე გავიგო იგი, რამეთუ ძლიერ შევწუხებულვარ, ვხედავ რა, ისე კრძალვით ისმენს უცხოს ქადაგებას, რომე ჩემი სასურველი ცოლი შეიძლება, დავკარგო.

4. და მიუგეს დემას და ჰერმოგენეს ერთხმად და სთქუეს: დაე, წარსდგეს იგი პრეფექტ კასტელიუსის [13]წინაშე, რამეთუ კეისრის განკარგულებით ყველა, ვინც შეეცდება შეიტყუოს ხალხი ქრისტიანთა ახალ რელიგიას, სიკვდილით დაისჯება, რის შედეგადაც შენ მოიპოვებ ცოლს შენსას.

5. რა დროსაც ჩვენ მას ვასწავლით, რომ აღდგომა, რომელზედაც იგი ქადაგებს, უკვე მოვიდა და ამისათვის შვილები უნდა ვშვათ და რომე უკვე აღვზევდით ოდეს ღმერთი შევიცანით.

6. თამირის, შეისმინა რა ეს მონათხრობი, მწველი სიძულვილით აღივსო.

7. და დილით ადრე ამდგარი გაემართა ონესიფორესის სახლისაკენ, შეკრებილიყვნენ სადაც მაგისტრატნი, ციხის ყარაულები და ზღვა ხელჯოხიანი ხალხისა და ჰრქუა პავლეს:

8. შენ შებილწე ქალაქი იკონია და სხვა მრავალს შორის თეკლა, რომელიც მოთხოვილ არის ჩემზედ და აწ ცოლად აღარ მომყვება. ამიტომ უნდა წამომყვე, წარსდგე პრეფექტ კასტელიუსის წინაშე.

9. და კაცთა ბრბომ წამოიყვირა: შორს ეს ჯადოსანი, რამეთუ მან შებილწა გონებანი ჩვენი ცოლებისა და ყოველი კაცისა, ვინც მას უსმენდა.[14]

მეოთხე თავი
1. თამირის, იდგა რა პრეფექტის მსაჯულის სკამის წინაშე, ლაპარაკობდა ხმამაღლა და ლაპარაკობდა ასე:

2. ო, პრეფექტო, მე არა ვუწყი, საიდან მოდის ეს კაცი, მაგრამ ის არს რომელიც მოძღვრავს, რომ დედობა არაკანონიერია. უბრძანე მას შესაბამისად, გამოაცხადოს წინაშე შენსა თუ რატომ ღაღადებს ასეთ ფიქრებს.

3. და ოდეს იგი ამას წარმოსთქვამდა, დემას და ჰერმოგენეს ჩასჩურჩულეს თამირისს და უთხრეს: სთქვი, რომე იგი ქრისტიანია და მას უმალვე სიკვდილით დასჯიან.

4. მაგრამ პრეფექტი უფრო თავშეკავებული იყო და ჰკითხა პავლეს: ვინა ხარ შენ? რას ასწავლი? იგინი ბრალს გდებენ მძიმე დანაშაულებშიად.

5. და სთქუა პავლემ ხმამაღლა: ვინაიდან მოისურვეთ მონათხრობისა მოსმენა ჩემი მოძღვრების შესახებ, ო პრეფექტო, თქვენს ყურადღებას ვითხოვ.

6. ღმერთმა, რომელიც არს ღმერთი შურისძიებისა და რომელსაც არა სწადია მის ქმნილებათა ხსნის მეტი, გამომგზავნა, რათა ამოვიყვანო იგინი თვისი სიბილწეებისა და წარმართობებისაგან, ცოდვილი სიამოვნებებისა და სიკვდილისაგან. და რომე დავარწმუნო ისინი, აღარ იცოდვილონ.

7. ამისათვის ღმერთმა გამოგზავნა თავისი შვილი, იესო ქრისტე, რომლის სიტყვასაც მე ვქადაგებ და ვურჩევ ხალხს, მას მიანდონ თავიანთი იმედები, რამეთუ მე შემეცოდა ეს სამყარო, შეცდენილი და მოტყუებული და ვქადაგებ, რომე ეს მიწა არ განისაჯოს და განადგურდეს, ო პრეფექტო, არამედ იპოვოს ხსნა რწმენას, ღვთის მიმართ მოწიწებას, რელიგიის შეცნობასა და ჭეშმარიტების სიყვარულშიად. [15]

8. ამიტომ თუკი მე მხოლოდ ვასწავლი იმას, რაც გამოცხადებით ღმერთისგან მივიღე, რა არის ჩემი დანაშაული?

9. ოდეს პრეფექტმა ეს მოისმინა, უბრძანა პავლე შეებოჭათ და დილეგში ჩაეგდოთ, სანამ მზად იქნებოდა მისთვის უკეთ მოესმინა.

10. მაგრამ ღამით თეკლამ მოიხსნა თავისი საყურე, გაუწოდა საპყრობილის ყარაულს და მანაც გაუღო კარი თეკლას და შეუშვა იგი შიგნით.

11. და ოდეს საპყრობილის მმართველს ვერცხლის სარკე გაუწოდა, შევიდა ოთახში, სადაც პავლე იმყოფებოდა. და ჩამოუჯდა იგი პავლეს ფეხებთან და მოისმინა დიადი სიტყვა ღვთისა.

12. და ოდეს დაინახა, რომ პავლეს არ ეშინოდა განსაცდელის, არამედ ზეციური მფარველობით ლომგულად ეჭირა თავი, მისი რწმენა ისე გაძლიერდა, რომე აკოცა პავლეს ჯაჭვებს.

მეხუთე თავი
1. რაღაც ხნის შემდეგ, თეკლა სახლში მოისაკლისეს და თამირის ოჯახთან ერთად ეძებდა მას ყოველ ქუჩაზე, ვითარც დაკარგულს, მაგრამ მოსამსახურე კარისკაცისგან გაიგეს, რომე იგი ღამით გასულიყო.

2. და დაკითხეს კარისკაცი და მიუგო მან, იგი ციხეს წასულიყო იდუმალი კაცის სანახავად.

3. და იჯმნენ იგინი კარისკაცის მითითების მიხედვით და იქ იპოვეს თეკლა. და ოდეს გამოვიდნენ ციხიდან, შეკრიბეს ბრბო, იჯმნენ და მოუთხრეს პრეფექტს, რა მომხდარიყო.

4. და ბრძანა პრეფექტმა, წარმდგარიყო პავლე მსაჯულის წინაშე.

5. და წაიყვანეს რა პავლე, თეკლა ჩამოჯდა იმა ადგილას, სადაც პავლე იჯდა ოდეს მას ასწავლიდა. გაიგო რა, პრეფექტმა ბრძანა, თეკლაც წარმდგარიყო მსაჯულის წინაშე, მოხმობას კი თეკლა მხოლოდ სიხარულით შეხვდა და იჯმნა.

6. და ოდეს მოიყვანეს პავლე, ბრბომ გულმხურვალედ წამოიყვირა: ჯადოსანია, დაე მოკვდეს.

7. ყველაფრის მიუხედავად, პრეფექტმა სიამოვნებით მოისმინა პავლეს მონათხრობი ქრისტეს წმინდა საქმეთა შესახებ და საბჭოსთან გასაუბრების შემდეგ, თეკლას მოუხმო და ჰრქუა მას: რატომ იკონიელთა წესის მიხედვით თამირისზედ არ ქორწინდები?

8. თუმცა იდგა იგი გაუნძრევლად, მისი თვალები პავლეს მიშტერებულნი. და არ გასცა რა პასუხი, ბრბოდან თეოკლიამ, დედამ მისმა ამოიგრგვინა: დაე, კოცონზედ დაიწვას ეს ურჯულო არსება. დაე, დაიწვას თეატრის შუაშიად თამირისის უარყოფის გამო, რათა სხვა ქალებმა ჭკუა ისწავლონ, რომე ასე აღარ მოიქცნენ.

9. ანერვიულდა პრეფექტი და ბრძანა, პავლე გაემათრახებინათ ქალაქიდან, ხოლო თეკლა კოცონზედ დაეწვათ.

10. და წარმოდგა პრეფექტი და მუნთქუესვე თეატრს შევიდა. და შეჰყვა მას ნაკადი ხალხისა, სანახავად ამ მოჟამული სანახაობის სამზერლად.

11. მაგრამ თეკლა, როგორც ბუნებაში დაკარგული ცხვარი ეძებს მეცხვარეს, გარშემო პავლეს ეძებდა.

12. და აცეცებდა რა თვალებს გარშემო, ხალხის ბრბოშიად გამოარჩია პავლეს მიმსგავსებული უფალი იესო და გაიფიქრა, მოვიდა პავლე ჩემი გაჭირვების სანახავად. და მიაცქერდა მას, მაგრამ იგი უმალ აიჭრა სამოთხეში.

13. და ჭაბუკნმა და ჭაბუკიდნმა მოიღეს მატყლიძელი დასაწუელად თეკლასა, რომელიც მოჰყავდათ რა შობადითურთ შიშუელი, კურცხალი წარმოადინა პრეფექტს, განლიგებულს მისი სახიერებისა და სიპირმწყაზარის ყოვლად-დიდებულებითა.[16]

14. და ოდეს დაამთავრეს ძელის დაწყობა, უბრძანეს მას ზედ ასულიყო. და დაემორჩილა იგი, გამოისახა პირჯვარი ასვლამდე.

15. ცეცხლის ალში გაეხვა ნაფოტი და იყო ვეება ცეცხლი, თუმცა იგი თეკლას არ შეჰხებია, ვინაიდან ღმერთმა შეინდო იგი და ამოჰხეთქა მიწიდან და ჩამოღვარა ღრუბლებიდან დიდი ოდენობის წყალი და სეტყვა.

16. იმდენად, რომე მიწის გასკდომამ მრავალი საფრთხეში ჩააგდო და მოჰკლა რამდენიმე, ცეცხლი კი ჩააქრო და თეკლა დაიხსნა.

მეექვსე თავი
1. ამავდროულად პავლე ონესიფორესთან, მის ცოლთან და შვილებთან, მარხულობდა რაიმე გამოქვაბულში, რომელიც იკონიიდან დაფნესაკენ გზაზედ მდებარეობდა.

2. და ოდეს იმარხულეს რამდენიმე დღე, ბავშვებმა უთხრეს პავლეს: მამაო, ჩვენ გვშია და არაფერი გვაბადია, რომე პური ვიყიდოთ, რამეთუ ონესიფორესს მთელი ავლა-დიდება დაეტოვებინა, რათა ოჯახითურთ პავლეს გაჰყოლოდა.

3. და პავლემან, გაიხადა რა მოსახამი, ჰრქუა ბიჭს: წადი, შვილო ჩემო, იყიდე პური და მოიტანე ის აქ.

4. მაგრამ ოდეს ბიჭი პურს ჰყიდულობდა, დაინახა მეზობელი თვისი, თეკლა, და გაუკვირდა და ჰრქუა მას: თეკლა, საით გაგიწევია?

5. მან მიუგო: პავლეს ძებნაში ვარ, რამეთუ გადამარჩინეს მე ცეცხლის ალთაგან.

6. ბიჭმან კი მას ჰრქუა: მიგიყვან მე მასთან, ვინაიდან იგი ძლიერ აღელვებულია შენზედ და ექვსი დღეა, მარხვასა და ლოცვაშია.

7. ოდეს თეკლამ მიიწინა ქვაბულს, დაინახა პავლე დაჩოქილი მუხლებზედ და ამბოდა იგი: ო, წმინდავ მამაო, ო, მეფევ იესო ქრისტე, განარიდე ცეცხლი თეკლას და უწყალობე მას, რამეთუ იგი შენი მორჩილია.

8. თეკლამ კი, მის უკან მდგარმა, აღმოსთქვა: ო, უმაღლესო მეფევ, შემქმნელო ცისა და დედამიწისა, მამავ შენი საყვარელი წმინდა შვილისავ, განგადიდებ, რომე მიხსენ ცეცხლის ალთაგან და პავლეს მორიგჯერ შემახვედრე.

9. წამოდგა პავლე და დაინახა რა იგი, სთქუა: ო, ღმერთო, რომელიც გულის სიღრმეებს სწვდები, ჩემი მხსნელის, იესო ქრისტეს მამავ, განგადიდებ, რომე შეისმინე ჩემი ლოცვა.

10. და იყო იქ ქვაბულს მათ შორის დიდი სიყვარული. პავლე, ონესიფოროსი და ყველა დანარჩენი დიდი ბედნიერებით აღსავსენი იყვნენ გამოქვაბულში.

11. ჰქონდათ მათ ხუთი პური, მწვანილი და წყალი და ლაღობდნენ ქრისტეს წმინდა საქმეებზე მასლაათით.

12. მაშინ ჰრქუა თეკლამან პავლეს: თუკი მოგესურვება, გამოგყვები სადაც კი გასწევ.

13. ხოლო მიუგო პავლემ: აწ ადამიანნი შეპყრობილნი არიან მრუშობით და ამიტომ შენი მშვენების გათვალისწინებით, მეშინია, განსაცდელმა არ გძლიოს.

14. მიუგო თეკლამ: დამასვი ქრისტესმიერი ბეჭედი, [17] და ვერანაირი განსაცდელი მოახერხებს ჩემს ძლევას.

15. მიუგო პავლემ: მოთმინება იქონიე, თეკლა, და შენ მიიღებ ქრისტეს ძღვენს.

მეშვიდე თავი
1. გაგზავნა პავლემ ონესიფორეს ოჯახითურთ უკან, სახლში და თავად კი თეკლასთან ერთად ანტიოქიას გაეშურა.

2. და როგორც კი შევიდნენ ქალაქს, ვინმე სირიელმა, სახელად ალექსანდრემ, ქალაქის მაგისტრატმა, რომელსაც ქალაქისთვის მრავალი სიქველე გაეკეთებინა თავისი მაგისტრატობისას, დაინახა თეკლა და შეუყვარდა იგი. და მრავალი მდიდრული საჩუქრით სცადა მიეპყრო პავლეს ყურადღება.

3. მაგრამ ჰრქუა პავლემან: არ ვუწყი ქალისა, რომელზედაც შენ საუბრობ და არცა კუთვნილებაა იგი ჩემი.

4. მაგრამ ალექსანდრემ, როგორც ძალაუფლებიანმა პირმა ანტიოქიაში, შეიპყრო თეკლა ქუჩაში და აკოცა მას, რაც თეკლამ არ მოითმინა და პავლეს ძებნაში ხმამაღალი, შეწუხებული ხმით ამოიტირა: ნუ მძლავრობ ჩემზედა, რამეთუ უცხო ვარ. ნუ მძლავრობ ჩემზედა, რამეთუ მე ღმერთის მსახური ვარ. თავადის ოჯახიდან ვარ[18], იკონიიდან, და მხოლოდ იმიტომ მომიწია გამოქცევა, რომე თამირისზედ არ ვქორწინდებოდი.

5. შემდეგ კი ხელი ჩაავლო ალექსანდრეს, დაგლიჯა მისი მანტია, მოჰხადა გვირგვინი თავიდან და დასაცინი გაჰხადა ხალხის წინაშე.

6. მაგრამ ალექსანდრემ, ნაწილობრივ თეკლას სიყვარულით [19]და ნაწილობრივ შერცხვენილმა მისი ქმედებით, მიიყვანა იგი პრეფექტთან და, აღიარა რა მან თავისი ქმედება, მხეცებში შეგდება მიესაჯა.[20]

მერვე თავი
1. და ოდეს ხალხმა გაიგო ამის შესახებ, სთქუეს: ამ ქალაქში მიღებული გადაწყვეტილებები უსამართლოა. მაგრამ თეკლამ უბრალოდ სთხოვა პრეფექტს, მისი ქალწულობის შენარჩუნებაზე ეზრუნა სანამ მხეცებში შეაგდებდნენ.

2. მოიკითხა პრეფექტმა, ვინ შეიფარებდა მას, რის გაგონებაზედაც ერთმა ვინმე მდიდარმა ქვრივმა, სახელად ტრიფინამ, რომელსაც ქალიშვილი მცირედი ხნის წინ გარდაცვლოდა, მოისურვა მისი შეფარება და ექცეოდა თეკლას როგორც საკუთარ შვილს.

3. საბოლოოდ დადგა დღე, ოდეს მხეცნი უნდა დანახვებოდნენ. თეკლა ამფითეატრს მიიყვანეს და მრავალი მნახველის თვალწინ შეიყვანეს მძვინვარე ძუ ლომის გალიაში.

4. ტრიფინა გაბედულად შეჰყვა თეკლას და ძუ ლომმა თეკლას ფეხები აულოკა. დანაშაული, დატანილი მის ტიტულუსზედ, [21]მკრეხელობა იყო. და წამოიყვირეს ქალებმა: ო, ღმერთო, ამ ქალაქის გადაწყვეტილებები უსამართლოა![22]

5. ოდეს მხეცნი აჩვენეს, ტრიფინამ დაიწყვანა თეკლა სახლში და ორთავემ დაიძინეს. და გამოეცხადა ტრიფინას ძილში ქალიშვილი მისი, რომელიც მკვდარი იყო, და ჰრქუა მას: დედაო, დაე იყოს შვილი შენი დღეიდან ჭაბუკიდი თეკლა ჩემს მაგიერ და სთხოვე მას, ილოცოს ჩემთვის, რომე აღვზევდე ნეტარებაში.[23]

6. ტრიფინამ, მგლოვიარედ, სთქუა: ჩემი ქალიშვილი, ფალკონელა, გამომეცხადა და მიბრძანა, მის ოთახში მიგიღო და მინდა, თეკლა, რომე ილოცო ჩემი ქალიშვილისთვის, რომე იგი აღზევდეს ნეტარებაში.

7. ოდეს თეკლამან ეს გაიგო, უმალ დაიწყო ლოცვა და სთქუა: ო, მეფეო ღმერთო ცისა და მიწისა, იესოვ ქრისტევ, შვილო ყოვლად უმაღლესისა, ინებე, რომე ქალიშვილმა მისმა, ფალკონელამ, მარად იცხოვროს. ტრიფინამ, მოისმინა რა ეს, ისევ ამოიხვნეშა და სთქუა: ო, რა უსამართლოა გადაწყვეტილება! ო, რა ბოროტია განგება, რომე ასეთი არსება ისევ მხეცებს უნდა მიუგდონ!

8. შემდეგ დღეს, გამთენიისას, ალექსანდრე მოვიდა ტრიფინას სახლს და ჰრქუა: პრეფექტი და ხალხი იცდიან. გამოიყვანეთ დამნაშავე.

9. მაგრამ ტრიფინა ისე უმალ ეცა ალექსანდრეს, რომე შეკრთა იგი და მოკურცხლა. ტრიფინა სამეფო ოჯახის წევრი იყო და შესაბამისად, მან გამოხატა თავისი წუხილი: ოჰ! ორი რამ გამჭირვებია — ჩემი ქალიშვილის დაკარგვა და უძლურობა თეკლას გადარჩენაში და არავინაა, ვინც ამ ტკივილს შემიმსუბუქებს. მაგრამ ახლა, ო, უფალო, იყავ მხსნელი თეკლასა, შენი მორჩილისა.

10. და სანამ იგი ასე იყო გართული, პრეფექტმა თავის მსახურთაგან ერთ-ერთი გაგზავნა თეკლას მოსაყვანად. ტრიფინამ ჩაჰკიდა ხელი და ჰრქუა: ფალკონელას საფლავამდე გავყევი. ახლა კი თეკლას მხეცებთან უნდა შევყვე.

11. და ოდეს გაიგო თეკლამ ეს, ქვითინით შეჰლოცა ღმერთს და სთქუა: ო, უფალო მეფეო, რომელიც ხარ ჩემი რწმენა და თავშესაფარი, დაუფასე ტრიფინას ჩემდამი თავდადება და ქალწულობისა ჩემისა შენახვა.

12. და იყო დიდი ხმაური ამფითეატრს. მხეცები ღრიალებდნენ, კაცნი კი ყვიროდნენ: შემოიყვანეთ დამნაშავე.

13. მაგრამ ქალები ამბობდნენ: დაე, მთელი ქალაქი დაისაჯოს ასეთი დანაშაულებისათვის. ო, პრეფექტო, დაე, ყველა დაგვსაჯე ამავენაირად. ო, რა უსამართლოა მართლმსაჯულება! ო, რა საშინელი სანახაობაა!

14. სხვები კი ამბობდნენ: დაე, მთელი ქალაქი განადგურდეს ამ ბილწი ქმედებისთვის. ო, პრეფექტო, დაე, ყველა მოგვკალი! ო, რა საშინელი სანახაობაა! ო, რა უსამართლოა მართლმსაჯულება!

მეცხრე თავი
1. შემდეგ გამოსტაცეს თეკლა ხელიდან ტრიფინას, გააშიშვლეს, მხოლოდ წელზედ შემოარტყეს ფუტა,[24] და შეაგდეს ადგილას, რომელიც განკუთვნილი იყო მხეცებთან ბრძოლისათვის. და გამოუშვეს ლომები და დათვები.

2. მაგრამ ძუ ლომმა, რომელიც ყველაზე შმაგი იყო მათ შორის, უმალ მიირბინა თეკლასთან და მის ფეხებთან გაწვა, რის დანახვაზეც ქალების გუნდი აღტაცებით ახმაურდა.

3. და გაიქცა დათვი მისკენ, მაგრამ ძუ ლომმა იგი მუნთქუესვე ნაკუწებად აქცია.

4. ამჯერად ხვადი, რომელიც გაწვრთინილი იყო კაცთმკვლელად და რომელიც ალექსანდრეს ეკუთვნოდა, გაემართა მისკენ, მაგრამ შეება მას ძუ ლომი და მოჰკლეს მათ ერთმანეთი.

5. და აღელდნენ ქალები, ვინაიდან ძუ ლომი, რომელიც თეკლას ეხმარებოდა, მომკვდარიყო.

6. გამოიყვანეს კიდევ მრავალი მხეცი. მაგრამ თეკლა იდგა, ხელები სამოთხისაკენ აღეპყრო და ლოცულობდა. და როდესაც გაათავა ლოცვა, შემობრუნდა და დაინახა მცირე გუბე და სთქუა: დროა ახლა ჩემი ნათლობისა.

7. შესაბამისად ჩახტა იგი წყალში და სთქუა: შენი სახელით, ჩემო მეფეო, იესო ქრისტე, ამა დღეს მონათლული ვარ. ქალებმა და ხალხმა, დაინახეს რა ეს, წამოიყვირეს: არ ჩახტე წყალში და წამოიყვირა თავად პრეფექტმაც კი, გაფიქრებაზე რომე ასეთი სილამაზე თევზებს უნდა მოესპოთ.

8. მიუხედავად ამისა ჩახტა წყალში თეკლა და ჩახტა სახელით მეფისა ჩუენისა, იესოსა ქრისტესა.

9. მაგრამ თევზები, დაინახეს რა ელვა და ცეცხლი, უმალ ყველანი დაიხოცნენ და ამოტივტივდნენ წყლის ზედაპირზე, ხოლო თეკლას შემოერტყა ცეცხლის ენები, რომე მხეცები ვერ მოსულიყვნენ მასთან ახლოს; რომე ხალხს ვერ დაენახა მისი სიშიშუელე.

10. მაგრამ მაინც უშვებდნენ ახალ მხეცებს, რაზეც ქალებმა მგლოვიარედ ამოიხვნეშეს და გააპკურეს არენაზედ მრავალგვარი საცხებელი [25]ისე, რომ საცხებელის რაოდენობა ჭარბი იყო არენაზე მყოფ ხალხის რაოდენობასთან შედარებით და ამის შედეგად გაწვნენ მხეცნი, თითქოს ღრმა ძილში ყოფილიყვნენ[26] და თეკლას არც შეხებიან.

11. შედეგად ალექსანდრემ უთხრა პრეფექტს: რამდენიმე მძვინვარე ხარი მყავს. მომეცით ნება, მივაბა იგი მათზედა, რაზეც პრეფექტმა აღელვებულმა უპასუხა: მოიქეცი ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლი.

12. და შემოარტყეს თეკლას წელზედ ბაწარი, რომელიც უბორკავდა ფეხებსაც და ამ ბაწრითვე მიაბეს იგი ხარებზედ, ხოლო ამ უკანასკნელს კი ცხელი უთო დაასვეს სასქესო ორგანოებზედ, რომე კიდევ უფრო გამწარებულიყვნენ და თეკლა მის სიკვდილამდე ეთრიათ.

13. და ხარებიც დარბოდნენ შმაგად, თან უშვებდნენ ყველაზე უშნო შესაძლო ხმას. მაგრამ ცეცხლმა, რომელიც თეკლას გარშემო იყო, მოსწვა ბაწარი, რომელიც ხარებზედ იყო მობმული და იდგა თეკლა არენის შუაგულში ისე, თითქოს არც კი მიუბამთ.

14. მაგრამ ამავდროულად ტრიფინას, რომელიც ამ ყოველივეს თვალს ადევნებდა მაყურებლებს შორის, გული წაუვიდა და მოკვდა, რის შესახებაც მთელი ქალაქი სწუხდა.

15. და შეშინდა თავად ალექსანდრე და სთხოვა პრეფექტს: გემუდარები, დაგვინდე მეც და ესა ქალაქიც და გაანთავისუფლე ქალი, რომელიც შეებრძოლა მხეცებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეც, შენც და ქალაქიც მთელიც აღიგავება პირისაგან მიწისა.

16. ვინაიდან თუკი კეისარი გაიგებს, რა მოხდა ახლა, იგი მუნთქუესვე გაანადგურებს ქალაქს, რამეთუ ტრიფინა, სამეფო წარმოშობის ადამიანი და ნათესავი მისი, მკვდარია თვის სკამზედ.

17. და მოიხმო პრეფექტმა თეკლა თავისთან და ჰკითხა მას: ვინ ხარ შენ? და რატომ ამ მხეცთაგან არცერთი გეხება?

18. თეკლამან ჰრქუა მას: მე ვარ მორჩილი ცოცხალი ღმერთისა და მწამს იესოსა ქრისტესა, ძისა მისი, რომელიც ღმერთს ძლიერ უყვარს. და სწორედ ამიტომ შემეხო მხეცთაგან ვერცერთი.

19. მხოლოდ იგია გზა სამარადისო ხსნისკენ და საძირკველი სამუდამო ცხოვრებისა. იგი არს თავშესაფარი გაჭირვებულთა; დამხმარე სნეულთა; იმედი და დაცვა უიმედოთა და მოკლედ, ყველა ვისაც მისი არ სწამს, არ იცოცხლებს სამუდამოდ, არამედ იგემებს სამუდამო სიკვდილს.

20. როდესაც მოისმინა ეს პრეფექტმა, ბრძანა მისი ტანსაცმელი მოეტანათ და ჰრქუა თეკლას პრეფექტმან: შეიმოსე.

21. თეკლამ მიუგო: დაე ღმერთმა, რომელმაც შემმოსა მხეცთა შორის ვიყავ ოდეს, განკითხვის დღეს შეგმოსოს ხსნის ხალათით შენც. და შეიმოსა თეკლა თვისი ტანისამოსით და პრეფექტმან უმალ გამოაქვეყნა განცხადება: ვანთავისუფლებ თეკლას, მონას ღვთისას.

22. და ქალებმან, გახარებულებმან, ერთხმად წამოიყვირეს: არს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელიც არს ღმერთი თეკლასა და რომელმაც თეკლა გამოგვიგზავნა.

23. და მათი ყვირილი იყო ისე ხმამაღალი, რომე ირხეოდა მთელი ქალაქი და ტრიფინა, გაიგო რა კარგი ამბავი, აღდგა და ბედნიერი მივარდა თეკლასთან და ეხვეოდა რა მას, სთქუა: ახლა მწამს, რომ არს აღდგომა მიცვალებულთა; ახლა მწამს, რომ ჩემი ქალიშვილი ცოცხალია. წამოდი ჩემთან სახლში, ასულო ჩემო, თეკლა, და შენ გიანდერძებ რაც კი რამე მაბადია.

24. წაჰყვა თეკლა ტრიფინას და დაჰყო იქ რამდენიმე დღე, ასწავლიდა მას ღვთის სიტყვას, რის შედეგადაც მრავალი ჭაბუკიდი გაქრისტიანდა. და იყო დიდი ბედნიერება ტრიფინას ოჯახში.

25. მაგრამ თეკლას ეწადა პავლეს ნახვა და დაგზავნა ყოველ მხარეს ხალხი მის საპოვნელად. და ოდეს ბოლოს შეატყობინეს, პავლე მირას იმყოფებოდა, ლიკიას, შეკრიბა მრავალი ჭაბუკი და ჭაბუკიდი. და შემოირტყა ფუტა, შეიმოსა ვით მამაკაცი და იჯმნა მირას, ლიკიის მხარეს და იქ ჰპოვა პავლე, ქადაგებდა რა ღვთის სიტყვას. და დადგა თეკლა ხალხის გუნდში.

მეათე თავი
1. და ძლიერ გაუკვირდა პავლეს, ოდეს იხილა თეკლა და მასთან მყოფი ხალხი და აღელდა, იგინი მორიგ თავისტკივილს არ გახვეულიყვნენ.[27]

2. მიხვდა თეკლა ამას და ჰრქუა მან პავლეს: მოვინათლე, ო, პავლე, რამეთუ ის, ვინც შემწეობას გიწევს ქადაგებაში, დამეხმარა მოვნათლულიყავი.

3. შემდგომ იჯმნენ პავლე და თეკლა ჰერმესის სახლს და მოჰყვა თეკლამ ყოველივე, რაც მას ანტიოქიას შემთხვეოდა. გაოცდა პავლე ზეცამდე, ხოლო ყველას, ვინც კი ეს მოისმინა, რწმენა განუმტკიცდა და ილოცეს ერთად ტრიფინას ბედნიერებისათვის.

4. შემდეგ წარმოდგა თეკლა და უთხრა პავლეს: იკონიას მივდივარ, ხოლო პავლემ კი მიუგო: წადი და ასწავლე ღვთის სიტყვა.[28]

5. ამასთანავე ტრიფინას თეკლას მეშუეობით პავლესთვის გაეგზავნა დიდი ოდენობის ფული და ტანისამოსი, რათა დახმარებოდა იგი უპოვრებს.

6. და იჯმნა თეკლა იკონიას. ოდეს მიიწინა ონესიფორესის სახლს, დაჯდა იმ ადგილზედ, სადაც მჯდარიყო და უსწავლებია პავლეს და აცრემლებულმა დაიწყო ქადაგება. აქებდა და განადიდებდა უფალს ამა სიტყვებით:

7. ო, ღმერთო, უფალო, ამა სახლისა, რომელშიაც მე პირველად განვმანათლე შენ; ო, იესო, ძეო ცოცხალი ღმერთისა, რომელიც იყო მხსნელი ჩემი პრეფექტისა თუ ცეცხლის წინაშე; შენ ხარ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი სამარადჟამოდ. ამენ.

8. ჰპოვა თეკლამ ახლა თამირის მკვდარი, თუმც დედა მისი ისევ ცოცხალი იყო და მიმართავდა რა მას, თეკლამ სთქუა: თეოკლია, დედაო ჩემო, შესაძლებელია, რომე მიიღო რწმენა, რომ არა არს ერთი ღმერთის გარდა, რომელიც ცაში სახლობს? თუკი გწადია ვრცელი სიმდიდრე, ღმერთი ამას მოგცემს ჩემი მეშუეობით. თუკი ისევ გინდა საკუთარი ქალიშვილი, აქ ვარ.

9. ეს და სხვა მრავალი ჰრქუა თეკლამან დედას თვისას, ცდილობდა რა დაერწმუნებინა იგი, მაგრამ თეოკლია არად აგდებდა მარტვილ თეკლას ნათქვამს.

10. მიხვდა რა თეკლა, რომე ფუჭად ცდილობდა, პირჯვარი გამოისახა მთელს თავის სხეულზედ, დატოვა სახლი და დაფინესთან იჯმნა. და ოდეს მიიწინა იქ, იჯმნა ქვაბულს, სადაც წინად პავლე და ონესიფორეს ეპოვა, დაემხო მიწაზედ და მწარედ აქვითინდა ღვთის წინაშე.

11. ოდეს წარმოვიდა იქიდან, გაემგზავრა თეკლა სელევკიას და შეასწავლა იქ მრავალს ქრისტეს ცოდნა.

12. და მარად თან დაწყვებოდა მას მოწმენდილი ცა.

13. და ოდეს უკვე ჩასულიყო სელევკიას, იჯმნა ადგილს ქალაქს გარეთ, მიახლოებით ერთი უტევნის [30]მანძილზე, ეშინოდა რა ადგილობრივების, რამეთუ იგინი კერპთაყვანისმცემლები იყვნენ.

14. და გაუძღვნენ მას ღრუბლები ერთი მთისკენ, ერქვა რომელსაც კალამეონი ან როდეონი.[31] დაჰყო იქ მან მრავალი წელი, რომლის განმავლობაშიც ეშმამ მრავალჯერ სცადა, ეცდუნებინა იგი, თუმცა ქრისტეს დახმარებით მან ყოველი ასეთი მცდელობა შესაბამისად მოიგერია.

15. საბოლოოდ მიდიოდნენ მასთან ქალბატონნი, რომელთაც ყური მოეკრათ მისი საქმიანობისთვის და შეასწავლა მათ თეკლამ ღმერთის წინასწარმეტყველებანი. მათმა დიდმა ნაწილმა მიატოვა საერო საქმიანობანი და დაიწყო მონაზვნური ცხოვრება.

16. შესაბამისად ყველგან გავრცელდა კეთილი ხმა თეკლას შესახებ და მან მრავალი განკურნა სასწაულებრივად ისე, რომ მთელს ქალაქს და ახლო ქვეყნებს თავიანთი ავადმყოფები იმ მთაზედ მოჰყავდათ და ყველა იკურნებოდა სანამ ქვაბულის კარამდე მოასწრებდნენ მისვლას.

17. განიდევნა უწმინდური სულები, რომლებიც განდევნისას საშინელ ხმას უშვებდნენ; არცერთი სნეული დარჩა განუკურნავი და ყოველივე მათგანი განადიდებდა ღმერთს, რომელსაც ასეთი ძალით დაეჯილდოებინა ქალწული თეკლა.

18. იმდენად, რომ სელევკიის აქიმნი აღარავის სჭირდებოდა და დაკარგეს მათ შემოსავალი, რის გამოც აღვსილიყვნენ იგინი ბოღმით და დაიწყეს ფიქრი, როგორ ჩამოეცილებინათ ღვთის მონა ესა.

მეთერთმეტე თავი
1. ეშმამ შთაბერა მათ გონებაში ავი აზრი და შეიკრიბნენ ერთ დღეს სათათბიროდ და მოილაპარაკეს ერთმანეთში ასე: ქალწული დობილია დიადია ღვთაებისა, დიანასა [32]და რასაც კი იგი მოითხოვს მისგან, მიეცემა მას, რადგან იგი ქალიშვილია და შესაბამისად უყვარს იგი ყველა ღმერთს.

2. მაშ ვიპოვოთ რამდენიმე გარყვნილი მამაკაცი და მას შემდეგ, რაც კარგად დავათრობთ და საგრძნობი რაოდენობის თანხას მივცემთ, ვუბრძანოთ, იჯმნენ და შებილწონ ეს ქალიშვილი. შევპირდეთ უფრო დიდ ჯილდოს, თუკი ამას წარმატებით მოახერხებენ.

3. ვინაიდან მათ მოითათბირეს, რომე თუკი მის შებილწვას შეძლებდნენ, ღმერთები მას აღარ დააფასებდნენ და აღარც დიანა განკურნავდა სნეულებს მისთვის.

4. მოიქცნენ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და ვაჟნი მივიდნენ მთასთან, ვით გაშმაგებული ლომებივით აკაკუნებდნენ კარზედ.

5. წმინდა მოწამე თეკლამ, იმედით ღმერთისა, რომლისაც ძლიერ სწამდა, გაუღო მათ კარი, თუმცა კი წინასწარ იცოდა მათი განზრახვა და ჰრქუა თეკლამან მათ: ყმაწვილნო, რა გწადიათ?

6. მიუგეს მათ: არს აქ ვინმე, ჰქვია რომელსაც თეკლა? მიუგო თეკლამ: რა გსურთ მისგან? სთქუეს მათ: თანადომა მას თანა გვწადია.

7. მიუგო წმინდა თეკლამ: თუმც ერთი მოხუცი ქალი ვარ, მაინც ჩემი ღმერთის, იესო ქრისტეს მონა ვარ. და თუმც ჩემს წინააღმდეგ ავი განზრახვა გაქვთ, ვერ შესძლებთ მის განხორციელებას. მათ კი მიუგეს: შეუძლებელია, მაგრამ უნდა შევძლოთ ჩავიდინოთ ის, რაც განგვიზრახავს.

8. და ოდეს ამას ამბობდნენ, მოჰკიდეს მას ძალით ხელი და უნდა შეებილწათ იგი. ამ დროს თეკლამ, გაწონასწორებულად, უთხრა მათ: ჭაბუკნო, მოთმინება იქონიეთ, და იხილეთ ღვთის სიდიადე.

9. და ეჭირათ რა იგი, აიხედა თეკლამ ცაში და სთქუა: ო, ღმერთო, ყოვლად პატივცემულო, რომელსაც ვერავინ შეგედრება; რომელიც ყოველთვის იმარჯვებ შენს მტერზედ; რომელმაც მიხსენი კოცონისაგან და არ დამთმე თამირისზედ და არ დამთმე ალექსანდრესთან; რომელმაც მიხსენი ველური მხეცებისაგან, მიხსენი თევზებისგან ნათლობისას; რომელიც ყველგან ჩემი დამხმარე იყავ და განადიდე საკუთარი სახელი ჩემშიად

10. მიხსენ ახლა ამ უზნეო და უგუნური კაცებისგანაც, არ მისცე მათ უფლება შებილწონ ჩემი ქალწულობა, რომელიც აქამდე შევინახე შენი პატივისცემით, რამეთუ მე შენ მიყვარხარ, გელტვი და განგადიდებ,ო, მამავ, ძეო, და სულო წმინდავ, სამარადჟამოდ. ამენ.

11. და გაისმა ხმა ციდან: ნუ გეშინია, თეკლა, ჩემო მორჩილო მსახურო, ვინაიდან მე შენთან ვარ. იხილე ადგილი, რომელიც ხსნილია შენთვის. იქ უნდა იყოს შენი მარადი სასუფეველი, იქ უნდა მიიღო ნეტარი ხედვა.

12. წმინდა თეკლამ იხილა, როგორ იხსნა ქვა ზუსტად იმდენად, რომე შიგნით ადამიანი გატეულიყო. და მოიქცა იგი როგორც უბრძანეს, მუნთქუესვე გაიქცა ხროვისგან და შევიდა კლდეში, რომელიც უმალ დაიხურა ისე, რომე არ დაუტოვებია ბზარიც კია.

13. იდგენენ ვაჟნი შეშფოთებულნი ასეთი სასწაულით და უძლურნი იყვნენ ღვთის მორჩილის წინააღმდეგ. თავსაბურავზე ჩაბღაუჭებულნმა, მხოლოდ მისი ნაგლეჯის მოხევა მოახერხეს.

14. და თავად ესეც კი იყო ნებართვით ღვთისა, რომე ყოფილიყო ეს ნაგლეჯი განმამტკიცებელი რწმენისა მათთვის, ვინც მოვიდოდა ამ წმიდა ადგილას და რომე გადაეცა წყალობა მომავალი თაობებისთვის, რომლებსაც წმინდა გულით ეყვარებოდათ მეფე ჩვენი, იესო ქრისტე.

15. ასე ეწამა პირველი მარტვილი, [33]მოციქული ღვთისა და ქალწული, თეკლა, რომელმაც დატოვა იკონია თვრამეტი წლის ასაკში და შემდგომში, მოგზაურობითა თუ ეკლესიური ცხოვრებით ქვაბულში, სამოცდათორმეტი წელიწადი იცოცხლა და იყო იგი ოთხმოცდაათი წლის, ოდეს ღმერთმა მას ფერი უცვალა.

16. ასე მთავრდება ცხოვრება მისი.

17. დღე, რომელიც წმიდაა მისი ხსოვნისათვის, არს ოცდამეოთხე დღე ენკენისთვისა[34]. დიდება მამას, ძეს და სულს წმინდას ახლა და სამარადჟამოდ. ამენ.

კომენტარები
[1] ქალაქს ბერძნულად „იკონიონი“ ერქვა, ლათინური ვერსია კი „იკონიუმია.“ თარგმანში გამოყენებულია ქართულში დამკვიდრებული ვერსია „იკონია.“

[2] აქ და შემდგომში ბერძნული სახელები, რომლებსაც გავრცელებული ქართული შესატყვისი არ გააჩნიათ, არ არიან ბიბლიის არსებული თარგმანის მეშუეობით ცნობილნი ქართულ საზოგადოებაში, ითარგმნა როგორც იქნებოდა ორიგინალ, ბერძნულ ენაში.

[3] ტექსტის ბიბლიისეური დანომვრა ჩამატებულია ინგლისურ თარგმანში, რათა მაქსიმალურად დამსგავსებოდა ჭეშმარიტ კანონიკურ ტექსტს.ჯ

[4] წმინდა ტიტე - ქრისტიანი მისიონერი და ეკლესიის წინამძღოლი, პავლე მოციქულის მოწაფე.

[5] მათე 5:8. თარგმანი „ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტისა“

[6] ინგლისურში „who have wives, as though they had them not“ რაც მოიცავს სრულიად უარის თქმას ხორციელ სიამოვნებაზე ქორწინების შემთხვევაშიც კი. ადრეულ ქრისტიანობაში გარცელებული იყო მოსაზრება, რომ ხორციელ სიამოვნებაზე უარი უნდა გეთქვა ქორწინების შემთხვევაშიც კი სულიერი სრულფასოვნებისთვის.

[7] 1კორ 7:29, თუმცა აქ არსებული თარგმანიდან ზუსტი ციტატა არ არის. მთარგმნელმა არჩია, ეს მონაკვეთი თავად ეთარგმნა, რადგან წერილში კორინთიელთა მიმართ იგივე სიტყვების ქვეშ სხვა კონტექსტია და სხვა რამ იგულისხმება.

[8] დღე მისი შვილისა - დღე იესოსა, მეორედ მოსვლა, განკითხვის დღე.

[9] ბერძნულ ვერსიაში არის კიდევ ერთი მოწოდება, რომელიც მცირედით სახეცვლილი ვერსიაა მათე 5:7-ისა, რომელიც ინგლისურ თარგმანში არ არსებობს. არსებობს ვარაუდი, რომ ეს მოწოდება ორიგინალის შემდეგ დაემატა, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო სახარებაში მოთხრობილ იესოს მთაზე ქადაგებასთან.

[10] პავლეს ქადაგება ცხადად წააგავს იესოს ქადაგებას მთაზედ, რაც მორიგი მტკიცებულებაა, რომ ტექსტის უცნობი ავტორი კარგად იცნობს სახარებას.

[11] ისტორიისთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ საინტერესოა, რომ თეკლას დედას ფაქტობრივად იგივე სახელი ერქვა. სახელი „თეკლა“ მომდინარეობს ბერძნულიდან „თეოს“ ანუ ღმერთი და „კლეოს“ ანუ დიდება. „თეოკლია“ ეტიმოლოგიურად ზუსტად იგივეა და არამარტო, პირველი პირდაპირ მომდინარეობს მეორედან. „თეკლა“ უბრალოდ დროდადრო „თეოკლიას“ შემოკლების შედეგია. დამატებითად ძველ წყაროებში წმინდა თეკლა ზოგგან წმინდა თეოკლიადაც კი არს მოხსენიებული.

[12] იგულისხმება, რომ პირისპირ არ იცნობდა პავლე მოციქულს.

[13] აღსანიშნავია, რომ პავლე მოციქულის მოღვაწეობის პერიოდში არც იკონიასა და არც ანტიოქიას არ ჰყოლია მმართველი, სახელად კასტელიუსი. ეს მორიგი მტკიცებულებაა, რომ ეს ტექსტი ერთგვარი რელიგიური ალეგორიაა და მოთხრობილი ამბავი არ შეესაბამება რეალობას.

[14] ეს ნაწილი საგრძნობლად შთაგონებულია სახარების მიერ, სადაც ბრბო პონციუს პილატეს წინაშე ითხოვს, იესო ჯვარს აცვან.

[15] ღმერთმა გამოგზავნა თავისი შვილი, იესო ქრისტე, სამყაროს სიბილწის გამო. და მე ხალხს მოვუწოდებ, მიჰყვნენ იესოს სიტყვას, რათა იპოვონ ხსნა და ჭეშმარიტება.

[16] „და მოიტანეს ახალგაზრდა გოგოებმა და ბიჭებმა შეშა თეკლას დასაწვავად, რომელმაც, მოჰყავდათ რა შიშველი კოცონამდე, ცრემლი წარმოადინა პრეფექტს, გაოგნებულს მისი მშვენიერებით.“

[17] Seal (ბერძნულში “სფრაგის”) of Christ - ასე მოიხსენიებდნენ ნათლობას ადრეულ ქრისტიანობაში.

[18] Principal person - მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი. რადგანაც ქართულში ამისი ზუსტი შესატყვისი არ გვაქვს, ქართული რეალობისთვის ყველაზე ბუნებრივი ისევ „თავადია.“

[19] ბერძნულში გამოყენებულია სიტყვა „ეროს“ და არა „აგაპე.“ ორივე სიყვარულს ნიშნავს, თუმცა „ეროს“ არის უფრო ეროტიული, ხორციელი სიყვარული და ამაზე უფრო მნიშვნელოვნად სიყვარული, რომელიც არ აკეთილშობილებს ადამიანს, არ არის თავგანწირული და უანგარო. სიყვარულის ერთგვარი განშტოება, ახლოს „ლტოლვასთან.“

[20] გარდა იმ ფაქტისა, რომ ალექსანდრეს „სიყვარული“ თეკლასადმი იყო „ეროს“ და არა „აგაპე,“ აქ არის მეორე ფაქტორიც. ალექსანდრე მისი პრეფექტთან მიყვანით სულაც არ ცდილობს მის მოკვლას, მისი მიზანი თეკლას ერთის მხრივ მცირედი დასჯაა მისი შერცხვენის გამო, რამეთუ „ღირსებას“ (თუმცა ამას არაფერი აქვს საერთო ღირსებასთან) დიდი როლი ეკავა მაშინდელ რომაულ საზოგადოებაში, და მით უმეტეს კი ხშირი იყო ქალების მიერ გულნატკენი კაცების მხრიდან მათზე შურისძიების მცდელობა, რაც ერთგვარად ვიხილეთ თამირისის სახითაც და მეორეს მხრივ, სურს, რომ ამ მცირედი სასჯელისა და სამართალაღსრულების სტრესის ქვეშ თეკლა მარტივად გატყდეს, რის შედეგადაც მის „ხარჭად“ დასმას თუ ხორციელ გამიჯნურებას შეძლებს.

[21] ტიტულუსი - სიტყვა-სიტყვით „ნიშანი“ ან „ირალიყი.“ რომაული სამართლით, სიკვდილმისჯილს კისერზე ეკეთა ან მისი დასჯისას გამოსაჩენ ადგილას იყო ჩარჭობილი ხის ფიცარი, რომელზეც დატანილი იყო დანაშაული, რომლის გამოც სიკვდილმისჯილი ისჯებოდა.

[22] 8:1-ში ქალაქის მოსახლეობა უკვე გამოთქვამს უკმაყოფილებას მიღებული გადაწყვეტილებისადმი, თუმცა ეს ორი უკმაყოფილება განსხვავდება ერთმანეთისგან. 8:1-ში უკამყოფილება ზოგადია და პოლიტიკურია, სადაც ხალხი აპროტესტებს ქალაქში კორუფციას, ელიტის (ალექსანდრეს) გავლენასა და ძალაუფლებას. 8:4-ში გამოთქმული უკმაყოფილება და პროტესტი კი, პირველ რიგში, რელიგიურია, რამეთუ ქალაქმა მკრეხელობის ბრალდებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ქალს, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, თავად ღმერთი მფარველობს და ამასთანავე ეს პროტესტი და ჯანყი არის ფემინისტური, (რაც კიდევ უფრო თვალშისაცემი იყო ტექსტის დაწერის პერიოდში) სადაც ქალები (და დედანში ბავშვებიც) აპროტესტებენ პატრიარქალური სისტემის უსამართლობასა და ჩაგვრას.

[23] იგულისხმება სამოთხეში მოხვედრა.

[24] ერთგვარი ნაჭერი, რომელიც წინსაფარს წააგავს. ისე არის განასკვული, რომ ყველაზე გრძელი უშუალოდ სხეულის წინა მხარესაა, სადაც დაახლოებით მუხლებამდე სწვდება, დანარჩენი მენჯის ძვლის გარშემო კი დაფარვა მინიმალური აქვს.

[25] იგულისხმება სუნამოსმაგვარი თხევადი ნივთიერება.

[26] ავტორის გამოყენებულმა ფორმულირებამ შეიძლება მკითხველი აფიქრებინოს, რომ მხეცნი მოკვნდნენ. სინამდვილეში ისინი მხოლოდ გაითიშნენ, ეს ფორმულირება უბრალოდ გათიშვის უეცარ ბუნებაზე მიანიშნებს.

[27] იგულისხმება, რომ პავლესთან ასოცია ავტომატურად ნიშნავდა შესაძლო საფრთხეს.

[28] დიდი ალბათობით, თავდაპირველად აქ მთავრებოდა თეკლას ამბავი და ამისი შემდგომი ნაწილი ორიგინალი ავტორის შემდეგ არის ჩამატებული.

[30] გამოყენებულ ინგლისურ დედანსა და ანგლიკანურ სამყაროში საზომი ერთეული „Furlong”, რომელიც 201 მეტრია. ქართულსა და სომხურ ენებში არსებობს ამის ერთგვარი შესატყვისი - „უტევანი,“ რომელიც უდრიდა იმ მანძილს, რა მანძილზეც გასროლილ ისარს შეეძლო წასულიყო ძველად, 200-300 მეტრს. „Furlong” კი განიმარტებოდა, როგორც ის მანძილი, რომლის მოხვნაც ხარების ჯგუფს დაუსვენებლად შეეძლო.

[31] ასეთი სახელის მთები ისტორიული არ არის, არამედ ალბათ უბრალოდ გამოგონილი ადგილებია და ეტიმოლოგიურად კი როდიონი ნიშნავს ვარდიან ადგილს, ვარდიან ბაღს, ხოლო კალამეონი ლელქაშიან, ლერწმიან, ჭაობის მცენარეებიან ადგილს.

[32] ბერძნულ მითოლოგიაში - არტემიდე. ნადირობის, ბუნების მფარველი. ითვლება, რომ იყო თავად ქალწული ღმერთი და ქალიშვილობის მფარველი.

[33] ცხადია, ავტორი არ ამტკიცებს, რომ თეკლა არის პირველი მარტვილი ქრისტიანობაში, არამედ გულისხმობს მის მნიშვნელობას, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ამასთანავე პირველი და უდიდესი მანდილოსანთ შორის.

[34] იულიუსის კალენდრით (ქართულ ეკლესიას) მეშვიდე დღე ღვინობისთვისა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი