ლუკას ორი გაზაფხული


რა გემრიელიაა, თქვა ლუკამ და ბოლო შვილი მოაწიწკნა პაწაწინა ტყემლის ხეს.
რატომ გაკრიფეთ?!
ცოდვაა, განა არ შეგეძლოთ გაზრდა დაგეცდიათ?!
თოთო შვილები შეუჭამეთ მთლად, - უთხრა უფროსმა მართამ ბავშვებს.
მე არა, მე არა, იმან, იმან... და ასე იმან იმან გაისმოდა უბანში ზარად.
შეხედეთ, გაბუტულია ხე...
მოიცადეთ
დახეთ რას ამბობს.
ჩემი შვილები მინდაო.
ვინაა მაგის შვილები? -  ჩაიბურტყუნა ლუკამ.
შენ რომ ტყემლები შეჭამე ის.
ლუკა შეიშმუშნა.
და თვალებში ისევ ტყემლის შვილების სურვილი ჩაუდგა.
ჩუმად... დახეთ რას ამბობს...
რას?
ბავშვები თუ ცარიელ ფოთლებს შემიჭამენ, ისევ ხელახლა დავიკვირტები და ორმაგად ბევრ ტყემალს მოვისხამო.
ლუკას გაეცინა.
ბევრ ტყემლებს მოისხამს?!
მე რომ ფოთლები არ მიყვარს?
და ერთი მოაცალა,
თუ მჟავეა.
სულელო, მართლა კი არ მოისხამს, - გამოექომაგა სანდრო.
არა, მოვისხამო, - დააზუსტა დიდმა მართამ.
მოვისხამო ამბობს, დიდ, ნესვივით დიდ ტყემლებს, ცალ ლოყა დაბრაწულას.
მინდააა
და ლუკა დაუფიქრებლად ეცა ფოთლებს.
ჩუ ლუკა...
მოვატყუოთ ხე.
ამდენი ფოთლების ჭამით მუცელი გაგიმწვანდება, ამწვანებულ ჭაობში კი ბაყაყები დაიწყებენ ყიყინს.
ლუკა ახითხითდა...
და მართა ლუკას ბაყაყებს ჩართავს ყოველ დღე...
გადაიკისკისა ანამ.
ჩუმად... აი იძინებს ხე...
ჩვენ უნდა მოვატყუოთ ის.
როგორ?
მძინარი ვერ გაიგებს, ფოთლები შევუჭამეთ თუ გადავუყარეთ.
მოდი დავაცალოთ სიბნელეში ფოთლები და გადავუყაროთ.
და მართლაც მთელი გულმოდგინებით აშიშვლებდნენ ღამე ხეს.
გათენდა.
ლუკასავით ტიტლიკანამ გაიღვიძა ხემ...
დიდ თვალთაგანს არავის უხილავს ტყემლის აყვავება, არც შვილიერება, არც სიშიშვლე.
და ახლა უკვე ჩაცმულმა ლუკამ დილაადრიან მოირბინა ხესთან. არ აყვავდაო და ჯუჯღუნით გასწია მართასკენ.
მართამ დაამშვიდა, ჯერ, ფოთლები რომ დავაწიწკნეთ, იარებს იშუშებსო ხე.
თან წვიმააო და მზეს მოაქვსო ყვავილები...
და ასე დიდი მოთმინებით ელოდა ლუკა მზიან კვირეებს.
ერთ დილით კი, როცა საამო სიკაშკაშემ გააღვიძა, ტყემლებიო და ფეხშიშველი გაიქცა ხისკენ.
ხე ნამტირალევ ანგელოზს ჰგავდა, კვირტებზე ნამი შერჩენოდა.
დაკვირტულიყო და გასაფურჩქნად ამზადებდა გულს.
სულელი ლუკა, ვერაფერს მიხვდა, ხე ისევ უსირცხვილოდ ტიტველიაო და ჯუჯღუნით გასწია მართასკენ.
ყოველივე ამას კი მართა ფანჯრიდან ადევნებდა თვალს.
და დაძახებისთანავე გამოეგება ლუკას.
ხე ტიტველაა... მოგვატყუე? და ბავშვს ბუთხუზა სახე ცრემლით დაენამა.
წამომყევი.
და მართამ დაკვირტული ხე ანახა. გული გაუხსნა და ჯერ მოუმწიფებელი თეთრი ყვავილები აჩვენა ლუკას.
ყვავილებს მოისხამს, მერე შვილებს გამოჩეკს.
და მხიარულ ტყემლის ხეს გარს უვლიდა ლუკა
როდის გაზრდის ყვავილებს?
მალე...
აი, ცა რომ ყველაზე ლურჯი იქნება და მზეც ყველაზე მცხუნვარე, მაშინ.
მაშინ გაუთბება კვირტს მკერდი და გახსნის გასაფურჩქნად გულს.
მალე დათბება?...
და ორმაგადვე სირბილს მოჰყვა ბავშვი.
ხე კი თითქოს იზრდებოდა და მწიფდებოდა, მწიფდებოდა ერთ სეზონზე ხელახალი აყვავებისთვის.

 

 
27 აპრილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი