ფერიცვალება
ნოველაში ბევრი სიმართლის მარცვალია, გამგები დასთესს, ვერ გამგები კი დათესილს ამოძირკვავს. როგორ წვიმს! შეხედე, რა ლამაზად იწონებენ ლამპიონების შუქზე წვეთები თავს! როგორ შეიცვალა ცა... მგლოვიარესავით გაშავდა და მერე უცებ გასკდა... სუფთა ცრემლები დააფრქვია დედამიწას... შეხედე! თუმც შენ იმაზე მეტს ხედავ, ვიდრე მე. აქეთ უნდა მითხრა, შეხედეო. ხვალ შენი დღეა და გინდა ვიგრძნოთ. ვაი, ვგრძნობ. როგორ ცივა, მაინც არ შევალ შინ. აქ ცასთან ახლოს ამ ფერებს მინდა ვუყურო. შავი - ლურჯი, მუქი - ლურჯი, თეთრი, შიგადაშიგ მოწითალო - მოყვითალო. ცა ათასფერია ღამით, ისეთი, თვით მხატვარსაც რომ შეშურდება. შეხედე... ოჰ, ეს მე უნდა შევხედო. ყოველივე ხომ ჩვენთვისაა. შევხედე, ვიგრძენი, ტანში მთლიანად დამიარა ყველა ფერმა... ვიგრძენი, ხელი ჩავჭიდე, გავთბი. ხვალ შენი დღე თენდებოდა. ხვალ ცისარტყელას მსგავსი ფერიცვალება იყო. შენი ფერიცვალება, უფალო... ფერი იცვალე... ნეტა მან?! მათ?! იმათმა... არ ვიცი... და მე?! მე ახალი ფერები შევმატე ნახატს... ნახატი სულთან ახლოსაა, მაგრამ ფერიცვალებასთან?! იგი მეტად ღრმაა, ბევრს არ ნიშნავს ეს, კიდევ? ხო, ოდნავ დავემსგავსე ადამიანს. აა, ხოო მეტად გავხდი. განა ეს არაა ფერიცვალება?! სულიო, მეტყვი ახლა... ხორცილიაო ეს. მაგრამ, მაგრამ სისუსტე ხომ სულზე მეტყველებს. სევდას იტევ, იტევ და მერე გწვავს... მეტიო კიდევ მეტყვი. ხოო... არ ვიცი. გათენდა... დგები, იცვამ. დღეს კარგი დღეა! ფერიცვალება ხატვას მირჩევნოდა, სველი ფუნჯი. ბოლო ნამით გაერეცხა და ახლა თავადვე ელოდა გაშრობას, სხივები ხარბად დაჰნათოდა ტილოზე აღბეჭდილ ათასფერ ფერს... შრებოდა ტილო... შრებოდა ბუნება. ფერიცვალებაა... და თვალი გამექცა იმ დახუნძლული ხეხილისაკენ, პრანჭია გოგოებივით რომ შეუღებავთ ცალი მხარე. ეგრძნო ფერიცვალება ყოველივე უსულოს ირგვლივ. ვიგრძენი მე?! მან?! მათ?! არ ვიცი. ჩავიცვი. თავსაფარს ვიბურავდი რომ ფუნჯს ჩემი თმას შეუღებავს. თუმც ფუნჯს არა, ფერიცვალებას. დღეს ფერიცვალებაა... და მეც მეცვალა ფერი... მაგრამ, ნუთუ... ჯერ ხომ არ... თუმცა მარტო სიბერის ბრალი როდია იგი. ავღელდი... კარგი რა, მორჩი! დღეს ფერიცვალებაა... დაივიწყე. ამაოა დიდად, თან თეთრი ფერი უფლის ფერია. მორჩი დღეს მაინც, კმარა. ამაოებაა... ტაძარს მივადექი. ზარი ისევ რეკდა. წირვა იწყებოდა... ხვალ შესაძლოა დეპრესიას მოვეკალი, მაგრამ დღეს არა! დღეს სიხარულს ვგრძნობდი, მაგრამ აი ამ სიხარულშიც კი მივხვდი, როგორ შევცვლილვარ თურმე. ტაძარში შევედი, იქ ისეთივე ფერები იყო, როგორც წუხელ ფერიცვალების დადგომამდე ცაში. წირვას ჩავუღრმავდი... და დასასრულს ისე მიუახლოვდა ვერც ვიგრძენი, ზიარების ხანგრძლივი რიგი იდგა. არ ვჩქარობდი. ბოლოს ორნი დავრჩით. ამბიონს მივუახლოვდი. წინ ერთი იდგა. და მან უცებ წამიერად ღვთის დიდი შიშითა და მოწიწებით, მოძღვარს საბარძიმე კოვზი გამოსტაცა და თავადვე ეზიარა. ყველაფერი წამებში მოხდა, ცარიელი კოვზი კი სტიაქროსანს ხელში ისე ეჭირა, გეგონებოდათ სროლას აპირებს ვინმეზეო. მოძღვარი დუმდა. სამაგეროდ „ცხვრები“ აჩოჩქოლდნენ, ბაზრის ხმას ჰგავდა ყოველივე. რა მოხდა მამაო?! თავი გამოიდო მრევლმა. მას ჰკითხეთო და მოძღვარი ისე მიიმალა, თვით ღმერთიც კი ვერ გამოიყვანდა საკურთხევლიდან. მაგრამ... ჩემი ზიარება. ეზოში ხალხი ირეოდა და ყმაწვილისგან პასუხს ელოდა. მამაოს როგორ აკადრეო, მესმოდა ხმები. ახალგაზრდა ბრბოში იდგა და მისი ერთადერთი მიზანი მათგან თავის დაღწევა იყო. რატომ გააკეთეო?! ყმაწვილი დუმდა/// ბოლოს იღრიალა. მომცილდით! მას კითხეთ, მან ყველაფერი იცისო. ეს „მან“ ალბათ მღვდელი იყო. არ ვიცი, მაგრამ ცხადია, დავინტერესდი. მრევლი მამაოსკენ გაემართა. ამ დროს კი ყმაწვილმა ტაძრის ეზო გადაკვეთა. გავყევი მეც. და ყმაწვილთან ისე აღმოვჩნდი, ვერც გავიაზრე. შემომხედა. მიცნო, ვიგრძენი ფერიცვალებას გილოცავთ - მეთქი. დუმილი ჩამოვარდა. შენც იმ ცნობისმოყვარეებში ერიეო? არა - მეთქი... ვიცრუე... ჩაფიქრდა... მაშ, ოდნავ განსხვავდები ალბათ მაგათგანო. ჯერ ის უნდა ვიცოდე, ასე რატომ მოიქეცით - მეთქი... ცოტა ხნით დუმდა... შეხედეო? ტაძარს - მკითხა. კი - მეთქი. მერეო? რა მერე - მეთქი. შიგნით ხომ იყავიო? კი შენს წინ მეთქი. ფრესკებს უმზერდიო? შესვლისას შევავლე - მეთქი თვალი. მერეო? დავიბენი... ახლა ეს გამოცდას თუ მიწყობს, სად რა იყო გამოსახული, გაუფერნია - მეთქი. ნუთუ მხატვრობა არ შეგებრალაო?! რა ჭირს მხატვრობას ჩემი შესაბრალი?!... ძველი კი არის, მაგრამ... ტაძარიც არაა ახალი - მეთქი. ვერ მივხვდიო, ხელი ჩაიქნია. რას - მეთქი? მოსპო იმ კაბოსანმა ფრესკებიო! ბუხრის კვამლში შემალაო წმინდანები. ახლა კი მივხვდი რას გულისხმობდა. ტაძარი იმ შავ ღრუბელს ჰგავდა... წუხელ რომ მგლოვიარესავით უცქერდა დედამიწას. რა მოხდათქო დაწვრილებით გამოვკითხე. ტაძრის შესასვლელში ბუხარია... იგი ვნებს მხატვრობასო. ავღელდი, მახსოვს პირველად როგორ აღვფრთოვანდი ამ მხატვრობით. დღეს უწინდელივით ვეღარ მომხიბლა, თუმც ვერ მივხვდი რატომ. შეხედეო გაშავებულ ფრესკებს. როგორ მოამზადესო ქრისტე ფერიცვალებისთვის ამ დღეს... ვინ, ვინ გააკეთა - მეთქი. კაბოსანმაო - მიპასუხა. ნებართვა? - მეთქი. მასზე ზემდგომმა კაბოსანმა მისცაო. რატომ? - მეთქი. სიბნელემ წალეკა ყოველივეო, მიპასუხა. მთაზე ასული, ათასფრად ფერშეცვლილი ქრისტე, ჭვარტლით დაფარეს უღმერთოებმა. უღმერთო... ვიუცხოვე. მაინც ცუდად მომხვდა გულზე. ნუთუ ვერაფერს გავხდებით - მეთქი. გაეცინა... ვერ ხედავ რამდენი არიან... ყველას მისი ანაფორის ნაგლეჯი მოსავსო... მაშ ქრისტე ფერიცვალებას, მის ტაძარში ბნელშია - მეთქი. ამოიოხრა. ეტყობოდა საუბარი არ სურდა. დავიღალეო... მგონია სხვა ენაზე ვსაუბრობ, რომ ვერავის ვაგებინებო. ამ ტაძარში დადიხარ - მეთქი?! ახლა კარგა ხანია აღარ ვყოფილვარო. აქ თუ საერთოდ - მეთქი. გაიცინა. მიმიხვდა, მაინტერესებდა მიტოვებული ჰქონდა თუ არა ეკლესია, როგორც მრევლს. არა არ მიმიტოვებია. აქ ვეღარ დავეტიე უბრალოდო. ღმერთი სხვაგან ვიპოვეო. და დღეს მეთქი... დღეს ფერიცვალებააო. შენო, მითხრა ბოლოს. აქ მეორედ ვარ მეთქი. დამემშვიდობა. მინდოდა მესაუბრა, მაგრამ მძიმედ იყო დიდად. წამოვედი. გზად ისევ ტაძარი უნდა გამევლო. ეზოში შევიარე, იქ ისევ ირეოდა ხალხი. შიგნით შევედი. ელდა მეცა... მეგონა აქამდე ბრმა ვიყავი და ახლა ამ ყმაწვილის წყალობით დამიბრუნდა ხედვა. ერთი წლის წინ სხვა იყო მეთქი. ქრისტეს შევხედე. გაჭვარტლული ძლივსღა მიმზერდა. ავტირდი... ქრისტე რა დაგმართეს - მეთქი. პასუხი ვერ გამცა, მხოლოდ დიდი წყლიანი თვალებით მიმზერდა და თითქოს კვამლისგან ახლაც ეწოდა. ლამისაა დიდი გორგალი მოსწყდეს და წყაროდ დაედინოს კედელს.... ღმერთო, შენი ხელთუქმნელი თვალები ადამიანთა უგუნურებით ახლა ცრემლით იყო სავსე. ქრისტე, რა დაგიშავეს მეთქი?! ისევ დუმდა... ქრისტე მაგალითი იყო , იმ შეურაცხმყოფელ წუთებშიც კი ჩვენი. საკურთხევლიდან ხმაური გაისმა. შემეშინდა. შემდეგ დედა ღვთისას შევხედე. იგი იმ წამს შვილზე მეტად საბრალოდ მომეჩვენა. დედა დედა, დედა ღვთისა! შენც? - მეთქი ისიც დუმდა... თითქოს ის ჭვარტლი ახლა მისთვის მსუბუქი იყო, ყოველივე იმის მერე, რაც გავაკეთეთ. და გამახსენდა წუხელ ის შავი ფერი ცაზე, შავი მგლოვიარე ზეცა. მგლოვიარე დედას ჰგავდა იმ დღეს ღვთისმშობელი. დასტიროდა ალბათ ტაძარში მოზიარეთ და მის გასწვრივ გაჭვარტლულ, ჯვარცმულ ყრმას... აღარ შემეძლო... ვეღარ დავიტიე. საკურთხეველში შევვარდი. მღვდელი იჯდა და სიტკბოებას შეექცეოდა. ვერ ავიტანე და თითქოს ღმერთმა მიხსნა. გარეთ გამოვვარდი. ფერიცვალება იყო... და დღეს უნდა ვზიარებოდი... არც გამხსენებია. ღმერთო ფერი იცვალა ქრისტემ სინათლისკენ. ფერი იცვალა ბრბომ სიბნელისკენ. დავფიქრდი... რამდენი ეზიარა იმ დღეს ტაძარში! რამდენმა შეჰღაღადა შავებში შემოსილ ქრისტეს ბნელი თვალებით, თითქოს ძვირფასი გაეკეთებინოთ რამე. რას ფიქრობენ ნეტავ?! რა ედოთ გულში?! ვაიმე, შევიშლები და უცებ ავტირდი. დღეს არ მინდოდა ზიარება... აქ. მეც ხომ იმ ბარძიმის წევრი გავხდებოდი, რომლის მრევლი ყოველდღე ჯვარს აცვამდა ქრისტეს და უცებ ვიგრძენი, რომ ამ ორიდან, ვინც შაოსან დედა ღვთისას შევსტიროდით, იმაზე მეტად ვიცვალეთ ფერი, ვიდრე მათ. მაგრამ ვინ იცის ეს ფერიცვალება იყო კი ბედნიერება?! თუ სინათლეა ბედნიერება, მაშ რატომ არა?! მაგრამ სინათლე ყოველთვის როდი ნიშნავს ბედნიერებას. მივხვდი, რომ იმ დღეს, მარადიული ტკივილისკენ ვიცვალე ფერი დედამიწაზე. აგვისტო, 2018 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი