თვითმკვლელის საფლავზე


თვითმკვლელის საფლავზე

    შევკრათ დიდი გოდოლი, ბაბილონის გოდოლის მსგავსი 
და ყველა განსხვავებულნი ჩავყაროთ შიგ, სანამ თავად არ 
გავუგზავნივართ ამ სამყაროს ჯანდაბაში თუნდაც, 
თვითმკვლელობისკენ მიმავალ გზაზე.
ვუძღვნი ყველა თვითმკვლელ ახალგაზრდას 
და არა მარტო ახალგაზრდას.



     წუხელ დამესიზმრა, რომ თავი მოვიკალი...
აი ასე ავდექი და ჩემი საყვარელი ფანქრის რეზაკი გავირჭე ყელში.
მერე... მერე დავდექი და თავის მართლება დავიწყე, რეალობას ვეღარ გავუძელი და მაგიტომ  მეთქი, მაგრამ რომ გეკითხათ, როგორი იყო ჩემი ყოფა, გპირდებით კრინტსაც არ დავძრავდი, რადგან სიცოცხლეშიც უცხოდ ვსაუბრობდი თქვენთვის და ახლა მითუმეტეს.
და მაინც რა იყო ჩემი რეალობა?!
ბუდიდან გადმოვარდნილი, დაკარგული ბარტყის ტანჯვა იყო, რომლის ტკივილიც მტანჯავდა სიზმარშიც... ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ ეს ოხერი ცრემლიც კი წვეთებს  მაყვედრიდა და მარილის გროვებად მედებოდა გულზე. დუმილს კი ისე მაგრად ჩაებღუჯა ძლიერი ხელები, რომ ყველაზე იმედდანაცრულ დღეებშიც კი არ მტოვებდა, რომ მეყვირა. იმ ოხერ, ზოგჯერ აუტანელ სიმშვიდეს კი ისე ძლიერ ვუყვარდი, რომ საკუთარი ლანდივით თან დამსდევდა, ვფიქრობდი, რომ მოვბეზრდე და მიმატოვოს ალბათ შევიშლები - მეთქი. 
    ქვემოთ, მარჯვნივ კი ისე ძლიერ მეწოდა რაღაც, მეგონა მარილის გროვები უბრუნდებოდა პირვანდელ მდგომარეობას და ნაჭრილობევ სხეულს სიმლაშეში ბანდა, მაგრამ ამოუცნობი ტკივილის წამალი ვერ ვიშოვე, უბრალოდ, ტკივილ-გამაყუჩებელი, რადგან იმ შავ სიფრიფანა დიდ ჯიბეებიან მოსაცმელში პატრა-პატარა წიგნებისა და ნაწერების გარდა არა მქონდა რა.
    და მეც მძიმე ტკივილი ვეღარ ავიტანე, დღითიდღე ვმძიმდებოდი, ვფიქრობდი ცოტას მოვითმენ - მეთქი, მაგრამ...
    თანაც არ მინდოდა ჯერ სიკვდილი, მსურდა გვირილების მოსვლამდე მომეთმინა, მაგარმ ისინი ახლახანს გავისტუმრე, დიდი ხნით წავიდნენ, მე კი ვეღარ ვძლებდი. ბოლოს ავდექი და თავი მოვიკალი. უამრავი წიგნი დამრჩა წასაკითხი, რამდენიმე მოთხრობა და ნახატი კი დაუმთავრებელი. კიდევ უწყლოდ დარჩენილი ხმელი ტირიფი დამრჩა მოსავლელი და შემოდგომით ფერადი ფოთლები შესაგროვებელი. ზამთრობით ფიფქები დამრჩა დასათვლელი. ზაფხულობით, ოჰ ზაფხულობით ბავშვებთან ერთად ციცინათელები მყავდა დასაჭერი. გაზაფხულობით კი, გაზაფხულობით გვირილები დამელოდებოდნენ, ისე როგორც ახლა მე ველოდი. 
    მაგრამ, გვირილებიც შეეჩვეოდნენ ლოდინს. თოვლიც მოვიდოდა, შემოდგომაც დამცვივდებოდა საფლავზე ათასფრად, ციცინათელებიც იფრენდნენ დასაჭერად, მაგრამ ვეღარავინ დაიჭერდა მათ ჩემსავით.
    ყოველივე ამით ვცხოვრობდი მე, მშვენიერ, უსიტყვო არსებებთან, მაგრამ ცხოვრება ბევრად მეტი მეგონა, ვიდრე ზემოთ თქმული. აი ვთქვათ ახლა, ადამიანებს ბუნება, მთები და ასეთი არსებები აქვსო საცხოვრისად. არ წამოგცდეთ ასეთი სიბრიყვე, დიპლომიანი შტერები და თქვენც, მეტად საბრალო, მთლად უწიგნურები, არც ის თქვათ ახლა ყველა ზემოთ თქმულის გამო მოიკლა თავი, არ თქვათ და თუნდაც თქვით, დაგცინებთ, დაგცინებთ ცხოვრებაში პირველად, ისიც მკვდარი ცოდვად რომ არ ჩამეთვლება და რომც ჩამეთვალოს, თვითმკვლელობას ვერ ვიტვირთავ, თორემ მაგ ცოდვით გავიდოდი როგორმე ფონს. მე კი ვიტყოდი ყველა ამ თვისებამ აქამდე მომიყვანა, შემდეგ კი მე თავად დავტოვე ისინი, რადგან რაღაც ბუნდოვანმა ძალამ გამომსხლიტა ხელიდან ყველა. შიგნიდან მჭამდა, სულელივით უცნაურ მანერებს მახვევდა, მებრძოდა, მებრძოდა და ბოლოს დამიმორჩილა. თანაც ჩემი გვირილების სამყარო უცხო იყო იმ დიდ, ბოროტ სამყაროსთან, რომელსაც შევეჩეხე და მე გავუცხოვდი მათგან, რადგან ჩემი ადგილი მქონდა, მხოლოდ ჩემს ხელებში და იმ გვირილებში, რომელსაც ველოდი, ველოდი დუმილით, სიყვარულით, მანამ სანამ ამ დუმილმაც და სიყვარულმაც არ დამამძიმა, რადგან უმწეო ხელებით ვეღარ ვზიდე მარტო. შემეშინდა, გაღვიძება მინდოდა, ვბორგავდი, ვიწოდი, თითქოსდა იწოდა ჩემი საწოლიც.
    ბევრი რამ აღარც მახსოვს. დილა, დილა მახსოვს მხოლოდ, რომ ავდექი და თავი მოვიკალი. არ მახსოვს ვინ მიპოვა, რა თქვეს ჩემზე, მაგრამ ახლა ვხედავ ბევრ რამეს და ვგრძნობ, ისევ რომ სიზმარში ვიყო, ახლად გაღვიძებული კიდევ მოვიკლავდი თავს, რადგან ზუსტად ისეთია ეს სამყარო, როგორიც სიზმარში იყო, სანაგვე... სანაგვე... მაგრამ ამ სანაგვის გამოც არ მომიკლავს თავი, არა, რადგან არასდროს ვეკუთვნოდი მას. სხვა იყო, სხვა რაღაც გაურკვეველი ტანჯვა. 
    ხო, ვწევარ ახლა და მოდის უამრავი ხალხი, მეგობაროო, უახლოესოო, უსაყვარლესოო და ამ დროს თვითმკვლელი სული უფრო მიმძიმს, რამდენი მეგობარი მყოლია თურმე, მე კი არ ვიცოდი და როგორ ვყვარებივარ. ოჰ, რა დიადი ვარდის კონები მომართვეს, ძვირადღირებული ალბათ. 
    თქვე ოხრებო, გვირილებს ველოდი, ახლაც გვირილებს ვნატრობ, თუნდაც ენძელა, კესანე, ბორბალა, იელი, თქვე სულელო არსებებო, წადით ისინი მომიტანეთ - მეთქი, მაგრამ თქვენ, ნიღბოსნებო, მათ ვერ დაკრეფთ, ვერასოდეს შეგწვდებათ ხელი მათთან, ახლა თანაც ისინი ჩემებია. ახ, ახ, ახ და სიცილი მინდა, მაგრამ ჭრილობა მახსენებს თავს, გამეხსნება და დამსვრის.
    ვა, აი კუბოც მომართვეს. პატარძლის ტახტს ჰგავს მორთულ-მოკაზმული. რა კარგია, აღარ გავიყინები მაინც ამ მაცივარში, ოჰ ისეთი სქელი ლეიბი აქვს ჩაფენილი, რომ მგონი დაგენანოთ ჩემთვის და თქვენ ჩაწვეთ შიგ.
    არ ვიცოდი ასე ძალიან თუ ზრუნავდით ჩემზე, სიცოცხლეში მაინც მოგეხედათ, ვიყინებოდი, მაგრამ მე თავადვე არაფერი მითხოვია თქვენთვის, რადგან ვიცოდი, უკვე გამოცდილიც მქონდა თქვენი პასუხი. არაფერი, არაფერი მსურვებია თქვენი გულის გარდა, არც გვირგვინები მინდა, გაიტანეთ. ოხ, მათ ისეთი სუნი ასდით, როგორც თქვენს ხელებს, ჯიბეში რომ ითბობთ, თან მალულად ითვლით გვირგვინისთვის გაღებულ ფულს. აქაც ნიღბოსნები ხართ ადამიანებო. ადამიანები ვახსენე და ეჰ ამას ვის ვხედავ?! ესენი ვინ მოდიან?!  როგორ მიყვარან!!! ვაი, როგორ ტირის ერთი, ვითომ მე მივატოვე შუა გზაზე მის მაგივრად.
    ოჰ, უცებ როგორ შემებრალა, თუმცა მართლა შემებრალეთ ჩემზე საცოდავებო, გამუდმებით ნიღბების სწორებაში გადაღლილნო. მე კი არასდროს მქონია ნიღაბი, ამიტომაც გავირიყე ასე, მაგრამ ყველაფრისგან არა. გვირილებთან არასოდეს მჭირდებოდა სქელი სახე, თქვენთან კი უჩინარი ვიყავი მხოლოდ. 
   ოხ, შეხედე ახლა მიხაკები მომართვეს, როგორ მინდა ავდგე და ბოლო ხმაზე ვიყვირო, უკან წაიღეთ, თქვენი არაფერი მინდა - მეთქი, როცა ვიგრძენი უმწეო ხელებით როგორ სამყაროს შევეჯახე, მის შემდეგ არაფერს ვითხოვ თქვენგან, რადგან ადამიანებს არასოდეს არაფერი უნდა სთხოვო, თუ გინდა ძველებურად კარგად იყო მათთან. ახლა მითუმეტეს, არაფერი მსურს თქვენგან, მოაშორეთ ეს თქვენი მყრალი ყვავილები, სხვა დროს მეყვარებოდა ისინი, მაგრამ ახლა არ მინდა, მოაშორეთ! ოხ, როგორ ავღელდი, მეგონა მწოლიარე დავისვენებდი, ოჰ, ეს სამიოდე დღე უფრო მტანჯველია მგონი, ერთად არასდროს მინახავს ამდენი ნიღაბი და მაგიტომ, თუმც ახლა მათ ნიღბოსნებსაც ვერ ვუწოდებ. ტიროდნენ, ტიროდნენ და მერე როგორ, ზოგჯერ თავადვე ვერ ვხვდებოდი მშობლების ფოტოებს დასტიროდნენ თუ ჩემსას. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ტიროდნენ და რაღაც მომენტში შემებრალნენ კიდეც ისინი, ლამის წამოვხტი, ვიფიქრე ტირილში მივეშველები - მეთქი, რა უჭირდა, ერთად ვიტირებდით მკვდარ სულებს ცოცხალ სხეულში, მაგრამ წოლა მერჩია, საკმარისად ვიტირე და...
    ვაი, ჩემი ნათესავები მოვიდნენ, ფუ, მკვდართან ყველა მიდის, სიზმარშიც ვერ გავიხსენე ისინი, ამიტომ ფრიად სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობაცა და დამშვიდობებაც. ოხ, ეს ვიცანი, რა უნდა ნეტავ, ერთადერთხელ ვნახე, ისიც დაკრძალვაზე. 
    დავიღალე, როდის დაღამდება?! არადა, ჯერ დილაა, მხოლოდ გადიან, შემოდიან და ისევ გადიან, როდის დამთავრდება ნეტავ?! უცებ გოგონა მომხვდა თვალში, არ ვიცნობდი, მაგრამ მსმენია მასზე, ძალზედ მორწმუნეაო და ახლა იმ წუთს ისიც კი გავიფიქრე, ზიზღით შემომხედავს სიცოცხლე რომ მოვიშთე მეთქი, მაგრამ გოგონას ისე შევებრალე ცრემლები ნიაღვრად დამაცვივა მხრებზე. ბიჭი რომ ვყოფილიყავი, შევიყვარებდი იმ გოგოს უეჭველი, გული ჰქონდა ჩემნაირი და მაგიტომ, ოღონდ არა თვითმკვლელი, ღმერთო?! 
    წავიდა, თუ როგორ გააყოლა ახლობელმა ხარბი თვალი, მთელი იქ ყოფნის დროსაც თვალებით ხდიდა სამოსს, როგორ შემეზიზღა, საბრალო გოგონა. იმედია არ იგრძნო, თორემ ჩემსავით აიღებდა ალბათ ხელს მათზე.
    ღამდებოდა, მეღირსა როგორც იქნა, მაგრამ ახლაც შემობოდიალდა ვიღაც, ვერ ვიცანი, ჩრდილად ჩანდა კანდელის შუქზე, ჩაიმუხლა და აღრიალდა. ვაი, ვიცანი, როგორ გამახარე, ძველებურად გაგითამამდი და გაბრაზება ვცადე, მაგრამ ვერ გაიგე ვერაფერი.
ისევ ტიროდი, რატომ, რატომ გააკეთეო.
მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ...
მერე თმაზე მომეფერე, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა არ მომქაჩე.
და თითქოს ვიღაც გვისმენსო, ყურში ჩამჩურჩულე.
ოხ, გაყინული თითქოს გავლღვი.
შე დალოცვილო, აქამდე სად იყავი მეთქი, მაგრამ ახლა საყვედურიც გვიანღა იყო, არც გრძნობის გამხელა შეცვლიდა ამ დღეს, რომ შემძლებოდა გეტყოდი, რომ შემეძლო შემყვარებოდი, მაგრამ ვერ მიმიხვდებოდი და... მხოლოდ ტირილში გითანაგრძნე, ბოლოს ხელი მომკიდე და აღარ მიშვებდი. ხო, ბეჭედი გქონდა ხელში, გვიანია მეთქი, - ვერც ეს გაიგე. 
    ხელი მომკიდე, როგორ მიჭერ ლამის დამალეწო, რომ შემეძლოს გეტყოდი, შეუძლებელი შეძელი, მაგის მაგივრად გვირილები მომიტანე და ჯანდაბას გამოგყვები - მეთქი, მართლაც რომ გვირილა მერჩია ბეჭედს, მაგრამ იმ მომენტში ვერც გვირილას შევხედავდი ცხადში და ვერც მას. 
    ვერც ამ რეალობას შევცვლიდი და ვერც შენ! მოკვდებოდი და ცოცხალს არ მეტყოდი სათქმელს. დაღამდა, ბუნდოვნად ვხედავდი ყოველივეს, ბუნდოვნად მესმოდა ხმებიც.
    ოხ, გათენდებოდა მალე, ახლა ვიგრძენი შიში, მგონი დროა დავიძინო, დაკრძალვამდე შორი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ ეს ხმები, ეს ბავშვი ისევ ჩემს ფერხთით ზის... ძალიან ნუ მეკვრები გთხოვ, მკვდარს ეშმაკის იერი აქვს, მითუმეტეს თვითმკვლელს. მერიდება იმდენად შემეცოდე, ვერ ვიძინებ და მომიწევს ყველაფერი დავინახო. მითხარი ბავშვები სად არიან, ოხ, ისევ არ გესმის, ალბათ ვერ შეძლეს, თავადვე ვპასუხობ ჩემს თავს. 
    მორჩა, მოკვდი, დაიძინე ნუ ქადაგებ, მაგრამ არ მაძინებ მზერით.
გაზაფხულზე გვირილები მომიტანე იცოდე, თუ მანამდე არ დაგავიწყდი.
ოხ, რა საგიჟეთია ბოლო დღეს, ვერაფერს ვხედავ, შენ გიყურებ მარტო.
აღარ შემეხო, კუბოში ვარ უკვე, იცოდე დავიშლები და შეგაშინებ.
 იცოდე მკვდარსაც მაქვს გული, არ შემიძლია ასეთს გიყურო.
მორჩა, გამიშვი, დროა უკვე, გესმის?!
მკვდარივით აგაყენეს, გინდოდა წაგეყვანე, მაგრამ ვერ შეძელი.
გამაქანეს.
    გრილი ნიავი მომეგება და ვიგრძენი მიმასვენებდნენ. ოხ, რა ჯოჯოხეთური იყო ეს წუთები გასვენებისა იმ გზაზე, სადაც მე ფეხით დავდიოდი, ახლა კუბოში გართხმულს მიმასვენებდნენ. ბედნიერი იქნება მკვდარი, იმ ადგილას თუ დასაფლავდება, რომლის გზაც და ადგილიც უცხოა მისთვის. მიმასვენებდნენ. იყრება ძირს უამრავი ყვავილი, კარგია რომ ყრიან, იქ მაინც აღარ ვიგრძნობ მათი სიმყრალის გემოს, იქ ჩემიც მეყოფა. ზარები, რა ახლოს იყო, ეს წკრიალა ხმები ჩემში, ახლა კი ისე მძიმედ ჩამესმის მათი ხმა სულში, თითქოს ვებერთელაა. ჟანგიანი ზარი ლოდად მედებოდეს გულზე.  და აი შემიყვანეს, ჩემი ეკლესიაა, აღმომხდა ძლივს, აქ არ მომიყვანოთ - მეთქი, ხომ გითხარით?! მთაში დაგეკრძალეთ მარტოდმარტო. აქ რა მინდოდა ახლა მე და მართლაც, ეკლესიის კარი მიხურული იყო, მწუხრის ლოცვა ტარდებოდა შიგნით, თვითმკვლელისათვის იქ არავის არ ეცალა იმ წუთს, იქ ხომ ჩემზე წმინდანები იყვნენ. ფრთხილად ამატარეს ეკლესიას, ეე არ გესმით, გაჩერდით, გალობაა მოვუსმინოთ - მეთქი, მაგრამ აქ ისე გამაქანეს, როგორც სახლიდან გამოსვლისას. 
    და ახლა შორიდან შევხედე ტაძარს. იქ ღმერთი იყო, მე უზომოდ მიყვარდა ღმერთი, მაშინაც კი, როცა გაურკვეველ სიგიჟეს ვგრძნობდი, ვიცი რომ იყო სადღაც, მხედავდა და მითანაგრძნობდა. ვიცი, მჯეროდა რომ უკანასკნელ გზაზე ვნახავდი მას და პირველად ვეტყოდი ცხადად, რატომ მოვევლინე ამ ქვეყანას კენტად, აუცილებლად ვაპასუხებინებდი მუდარით, რატომ ვერ ვწვდებოდი ვერცერთ კიბეს ამ ქვეყნისას. ვეტყოდი, ვეტყოდი, ვეტყოდი ყოველივეს, რადგან მჯეროდა ბოლო გზაზე ისე არ გამიშვებდა, რომ არ ვენახე. არა, ვერ გამიმეტებდი რომ არ შემხვედროდი ღმერთო. გნახავდი მჯეროდა, მაგრამ ახლა არა. 
    დამფლეს, პირველივე მიწის დაყრაზე დამატყდა თითები და გამეხსნა ჭრილობა, გაყინულმა სისხლმა შემიღება კუბო, ამოვიდა ყელამდე და მახრჩობდა, მეც ვეღარაფერს ვგრძნობდი, წყეული სიბნელე, სიცივე, სისხლი.
    სად იყვნენ ეშმაკები?! იგვიანებდნენ...
სისხლმა პირამდე ააღწია, ხელებს ვიქნევდი,მაგრამ კუბო დალუქული იყო, არ დაგელუქათ მაინც. ცოცხალი არ გამოვრბოდი თქვენთან და ახლა მითუმეტეს. 
სიბნელეა, ვიგუდები, გაგუდვის შიშზე დავიკივლე და გამეღვიძა...
გათენებულიყო...
    და მან მართლაც მოიკლა თავი. მისი დაკრძალვიდან ერთი თვის მერე პირველად შევედი მის ოთახში, ჯერ კიდევ მისი სულით ცოცხლობდა ეს ოთახი, მისი სუნი, ციცქნა ხელების ნათითურები მის წიგნებზე. ღმერთო, ნაწერები, რაიმეს დაწერდა... და წამსვე მაგიდისკენ გავექანე, შინდისფერი დღიური, იქ წერდა ხოლმე. რაღაც, რაღაც მაინც იქნება, ბოლოს დაწერილი.
    დღიურში აბდაუბდა ეწყო ხელით ნაწერი, დავწვდი, გადავშალე და „თვითმკვლელის საფლავზე...“ აქ წყვეტდა სათქმელს, შემდეგ რიცხვი წავიკითხე, 20 ოქტომბერი, დილა. 
    როგორც ჩანს, გაღვიძებისთანავე დაუწერია სიზმრად ნანახი და მერე მიმატოვა. ვერაფერს დავამატებ, მის მერე ვდუმვარ და ვერც ახლა ვპოულობ სათქმელს, მხოლოდ დაუსრულებლად შემიძლია ვწერო მასზე. 
    ლანა საოცრება იყო, ცალკე სამყაროს მკვიდრი.
ეკლესიურიც იყო... ზედმეტადაც კი.
მშვიდიც იყო,
მორცხვიც,
მხიარულიცა და უზომოდ სევდიანიც,
გონიერიცა და ზედმეტად ნაკითხიც კი,
შემოქმედიც ამ სფეროს არაერთ დარგში,
შემფასებელიც.
სხვისი ცხოვრების გამხარებელიც და მანუგეშებელიც,
უზომოდ ბავშვურიცა და დიდიც.
ყვავილი იყო, რომლის ღეროსაც ერთი ფურცელიც არ აკლდა სათნოებებისა.
აი ასეთი იყო ჩემთვის იგი, როგორც ერთადერთი და უახლოესი მეგობრისთვის.
    როცა ეს მოთხრობა წავიკითხე და მე ერთი კვირა მოვანდომე მას, იმდენად ცუდად მხდიდა.
    დაგპირდი... გვირილების სეზონზე მას ყელში ამოგიყვან – მეთქი და ასეც ვაპირებდი. დიდი კალათით გვირილები ვიყიდე და შენთან წამოვედი, მე ვერ შევძელი დამეკრიფა ისინი, იქ, სადაც შენ კრეფდი. ამიტომ ყიდვა ვამჯობინე. საფლავებს რომ მივუახლოვდი, საზარელი სიჩუმე მომეხვია გულზე, საშინელიც კი, ყველგან მოხუცების პორტრეტები, მხოლოდ შენ ერიე მარტოსული ყაყაჩოსავით ახალგაზრდა. ყაყაჩო მაშინ გიწოდე, როცა შენი დაკრძალვის დღეს გვერდით ოთახიდან გამოვედი და რომ გნახე სისხლი გდიოდა, ისევ გავითიშე... ყაყაჩოს გავდი მაშინ, მდელოზე მოგლეჯილ მკვდარ ყაყაჩოს.
    საფლავებს შორის აღმართი ავიარე, ყოველივე ეკლებს გადაევლო, როგორც იქნა მოვაღწიე შენს საფლავზეც და ღმერთო, გვირილებიანი კალათი დაღმართზე დამიგორდა.
ისინი აღარ იყო საჭირო.
სათაური გამახსენდა „თვითმკვლელის საფლავზე გვირილა ამოვიდა“, ერთ ბუჩქად შეკრული მარტოსული მინდვრის გვირილა, რამდენიმე გაშლილი ყვავილითა და კოკრით დაგნათოდა თავზე.

2017 წ.
შემოდგომა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი