თამაში


მადონა გვეხიძე

თამაში

      მოდი გინდა ვითამაშოთ?!
მე რომ თამაში არ ვიცი?!
რა ცოდნა უნდა, მე გასწავლი, ხელი მომეცი. არა და თამაში თავისთავად გამოვიდა. კრავივით სხარტი გოგონა მდინარის პირას მირბოდა, ციყვივით სწრაფი ბიჭუნა კი უკან მისდევდა.
     ვიწრო ბილიკი ქვიშით იყო სავსე, მასზე მორბენალს დროდადრო ფეხი უსხლტებოდა, მაგრამ თმახუჭუჭა ბიჭს მაინც სჯობდა. 
    გოგონა მირბოდა და ჩემი თვალებიც მის ხუჭუჭა ქერა თმებს გაჰყვა. იმ წამს ამ თმებმა წარსული გააღვიძა ჩემში. გზა საკმაოდ შორი აღმოჩნდა, გოგონა დაიღალა, კისკისს უკლო, ან მისი ხმა მე არ მესმოდა, ჩემს გულში ახლა სულ სხვა დრო აღმოცენდა, დრო, რომელსაც ბავშვობის ხანას ეძახიან. 
     ეჰ, ღმერთო ჩემო, იგივე მდინარე, გზა, დღე, ხეები, სხვაობა არაფერს ეტყობოდა, მხოლოდ ღრმად მოხუცი კაკლის ხე უფრო დაბერებულიყო და თითქოს ცალი გვერდი დაწვოდა.
    ყველაფერი იგივე იყო დროისა და ქალ-ვაჟის გარდა, ადრე აქ სხვა ქალ-ვაჟი დარბოდა, ახლა კი სხვანი დარბიან და ალბათ ასე გაირბენენ სხვანი და სხვანი. გზას, რომელსაც მე მაშინ სიყვარულის ბილიკი დავარქვი. რატომ ბილიკი და არა გზა?! ეს ხომ გზა არის დიდი და მტკივნეული, სასიამოვნო მოგონებებით სავსე, თუმცა იმ წუთს ჩემთვის ბილიკი იყო, შემდეგ იქცა გზად, როცა უკვე იმ გარემოსგან მოშორებით მივხვდი, რომ ის დრო, იქ მოშრიალე გოგონას თმები მენატრებოდა, მაგრამ შემდეგ მისი მონატრებაც დრომ გადამავიწყა. იმ წუთს მეგონა, რომ მეძინა და სიზმარში ვხედავდი ყოველივეს, თითქოს მინდოდა და არც მინდოდა, რომ თამაში ბოლომდე დამთავრებულიყო, მეშინოდა კიდეც ესეც ისე დასრულებულიყო, როგორც წინანდელი. 
     თამაშის დასასრული კი იქ, ბებერ კაკლის ხესთან მთავრდებოდა, კაკლამდე ყანა იყო, მანამდე კი მაღალი ხის ჭიშკარი უნდა გაგევლოთ. დაწვარ კაკლამდე ჯერ კიდევ დიდი გზა გახლდათ გასარბენი, თუმცა ახლა მეჩვენება შორი, მაშინ კი ბავშვის პაწაწინა თვალით სულ ძალიან ახლოს იყო. 
    მეგონა სურათის ბოლო იქ, ჭიშკართან დამთავრდებოდა, მაგრამ არა, გოგონამ ჭიშკარი გააღო, სისწრაფისგან დაბნეული ბიჭუნა ყანაში ჩაკეტა, თვითონ კი მდინარეში საბანაოდ გადაეშვა. დასაწყისის დასასრული სხვა აღმოჩნდა, ეს თამაში ცურვით დასრულდა, ჩვენი კი ფიცით, გულუბრყვილო ბავშვური, მაგრამ წრფელი ფიცით, იქ, კაკლის ხესთან. 
    გოგონა მარდად გადაეშვა დიდ მაღალ ჭიშკარზე, მე კი ძლივს დათვივით გადავბობღდი, კრავი კი უკვე კაკალთან ისვენებდა. გავწითლდი, შემრცხვა მეგობრებს რომ გაეგოთ, დამცინებდნენ, ფერიასავით გაზრდილმა გოგომ გაჯობაო. მე დარცხვენილი ვიდექი, გოგონა კი კმაყოფილი სახით ხმამაღლა კისკისებდა, თამაში აღარ მინდა გაჯობეო. მეც არაფერი მიპასუხია. სირცხვილი საკმაოდ ვიგემე, ვიკმარე, დამწვარ კაკლის ხესთან მივედი და ხელში ნახშირი ავათამაშე. 
    აკი თამაში არ ვიციო?! გოგონა ისევ აკისკისდა, მოგატყუეო მიპასუხა, გავბრაზდი და მეც ვიცრუე, გოგოს ყოველთვის ვაგებინებ - მეთქი. 
    მერე სულ სხვა მზერით შემომხედა, თითქოს ის პატარა, ექვსი წლის გოგონა უცებ გაზრდილიყო. მოკლე, თხელ კაბაზე თითები ჩაებღუჯა და ქვემოთ სწევდა. უნდოდა მუხლები დაეფარა, მაგრამ უშედეგოდ, კაბა ძალიან მოკლე იყო. 
-	 გოგონები მოკლე კაბას რატომ იცვამთ?!
გოგონამ არაფერი მიპასუხა. დიდი ცისფერი თვალები მომანათა და მერე თითქოს რცხვენიაო, ზღარბივით შავ ხუჭუჭ თმებში შემალა. 
-	 ბიჭებს რომ მოეწონოთ იმიტომ, - თვითონვე ვუპასუხე ჩემს დასმულ კითხვას.
-	არა, მკვახედ მიპასუხა, უბრალოდ ლამაზია, შენ რა გინდა?
-	საშინლად არ გიხდება, მახინჯი ხარ!
გოგონამ ტირილი მორთო, შემეცოდა, თმებში ნაზად მოვწეწე. მოგატყუე ძალიან გიხდება, მაგრამ როცა დიდი გაიზრდები აღარ ჩაგაცმევ, მახსოვს აქ ავღელდი, ჩემს ცოლს გრძელი კაბა უნდა ეცვას - მეთქი.
-	მართლა აღარ ჩამაცმევ!! ბუტბუტით მიპასუხა. კაბას დააშტერდა, თითქოს 
დიდი იყო და საბოლოოდ ეთხოვებოდა. მართლა უნდა დამნიშნო, - მიპასუხა და თითებით პუტკუნა სახე დამალა. 
-	მართლა? და დაფშვნილი ნახშირი შავგვრემან  სახეზე მოვუსვი, ნიშნად 
დანიშვნისა. მერე ჩემი თავიც დავინიშნე, შემდეგ, შემდეგ კი უკვე ძახილმა გამოგვარკვია და ორივენი შინისაკენ გავიქეცით.
    აქ დამთვარდა ყოველივე, იმ წელსვე ჩაიფერფლა ის ფიცი, როცა მე უკვე სხვა გოგოს ვუთხარი მიყვარხარ - მეთქი. დამთვარდა, თითქოს ეს ამბავი დრომ მოიტაცაო, აღარასდროს გამხსენებია. 
    და უცებ ნაწყენმა წარსულმა თავისკენ გადამაგდო. გონს მოვეგე და მონატრებულ გზას ნელი სვლით გავუდექი.
    ნუთუ ამდენი წლის შემდეგ ვერსად ვნახე?! არსად შემხვედრია?! იქნებ შემხვდა და ვერ შევამჩნიე, ალბათ სადღაც თმაშეცვლილი წვრილ-წვრილი ნაოჭებით მომხვდა თვალში, მაგრამ ვერ შევიცანი.
    რა დაშავდება რომ ვიკითხო მისი ამბავი?! ვთქვი და მდინარეს კენჭი ვესროლე, მანაც თითქოს თანხმობა მომცაო, უფრო ახმაურდა. ეჰ, გიჟო მდინარევ, ალბათ ვერ გრძნობ იმდღის შემდეგ რამდენმა თოვლმა დამათოვა?! რაღა დროს ჩემი ბავშვური გრძნობის ქექვაა ახლა?! და რომც ვიქექო, მომცემს კი დრო ამის უფლებას...
    ეჰ, დრო მიდის, მაგრამ მე ვერ მივყვები, სარკეში ვიცქირები, მაგრამ ჩემი შევერცხლილი თმის მაგივრად ჩემს სიცოცხლით სავსე, ახალგაზრდულ, ჯერ კიდევ ბავშვურ თვალებს ვეყრები. დრო უცნაურია, უცნაური და ულმობელი, ციფრებს მაღლა სწევს ისე, რომ არც კი გვეკითხება გვინდა თუ არა?! ანდა რა მისი ბრალია, მე თუ სიყვარულს ვერ გავუფრთხილდი. მდინარიდან გზამდე თითქოს მანძილი გაიწელა, თითქოს მარტო ფიქრის საშუალებას მაძლევდა ბილიკიც.
    ეჰ, ნეტავ სად იქნება წარსული წლების აქ, ამ მდინარეზე მოტიტინე ლამაზი გოგონა?! ის უკვე დიდია, ალბათ ჰყავს თავისი მსგავსი ლამაზი შვილი, უკვე შვილიშვილიც, ალბათ ზის სადმე კაკლის ჩრდილში და პატარას ეალერსება, პატარას გვერდით მოთამაშე ბავშვების ჩურჩული ხმამაღალ ტიტინში გადაიზრდება. თმაშევერცხლილი, ალბათ უკვე წელში მოხრილი, კოხტად დაბერებული ბებია, უფროს შვილიშვილებს ტუქსავს და დედისკენ  მიარბენინებს. ისევ ჩვილის აკვანს უბრუნდება, პატარას ისევ ღვიძავს, მაგრამ ტირილის მაგიერ სასიამოვნოდ უგუნურად იღიმება, ბებიასაც ამის შემყურე შვილიშვილებისგან გაბრაზება მალევე  ავიწყდება.  პატარას ისევ ტკბილი მოალერსე ხმით გაუბამს სიმღერას.
    ვინ იცის, იქნებ ბედნიერი ქალია, იქნებ უბედურიც, სრულყოფილი ბედნიერება ხომ არსად არაა.
    ფიქრებში გართულს დრო მალე გამეპარა, უკვე ბინდი იყო,მე კი ისევ იმ მინდორზე მდინარის პირას ვსეირნობდი წარსულთან ერთად. მინდორი მალევე გავათავე და ორღობეში სირბილით დავეშვი. 
    უკვე კარგა ბინდი იყო სახლს რომ მივადექი, კარი ნელა მივხურე, ღრმად მოხუც ნათლიაჩემს ტკბილად ეძინა, ოთახები გავიარე და სახლის უკან აივანზე გავედი და თვალები გამეყინა. იქ არავინ იყო, მაშინ კი ერთმანეთის ცქერაში ვიძინებდით. ახლა კი მარტოობას შეჩვეულ, აივანზე, სადღაც კუნჭულში ერთადერთი ნათურა ენთო, წინათ ყველაფერი სხვაგვარად იყო.
    ფიქრი მომწყინდა, თითქოს დავიღალე კიდეც. თვალი მიყრუებულ აივანს შევავლე და მზერა სამგზავრო ჩემოდანზე შევაჩერე. ნათლიაჩემს ჩემი მთელი ერთი დღე ხეტიალის განმავლობაში ყველაფერი გაემზადებინა და დილით ძილქუში რომ არ მომრეოდა დასაძინებლად გავეშურე. 
    გათენდა, ღამით მოღრუბლულ ცას წვიმა არ დაეშურებია, გაწვიმებულიყო, ცრიდა ახლაც. ღია სარკმლიდან წვიმის წვეთები საწოლზე ეცემოდა, სარკმელი მივხურე. დიდი სიყვარულით ნათლიას დავემშვიდობე და რამოდენიმე წუთის შემდეგ უკვე ღრმად მოხუცი აკაციის ქვეშ მოსაცდელში ვიდექი. წვიმას უკვე გადაეღო, ბუნების თბილი ნიავი სახეზე სასიამოვნოდ მეალერსებოდა. ახლად ნაყიდ მაისურზე კი ცაცხვის ყვავილი მეფინებოდა. სხვაგან რომ ვყოფილიყავი არ ვიცი, ალბათ ამ ყვავილებს მოვიშორებდი, მაგრამ ახლა მათი მოცილება მხრებიდან არ მინდოდა, ეს სურნელი, ნიავი, სასიამოვნო სიგრილე, ჩიტების განსახვავებული ჟრიამული, ისეთი საოცარი სიამის მომგვრელი იყო, რომ მეგონა ახლახანს გავჩნდი ამ თვესთან ერთად, თითქოს ეს ყოველივე პირველად მენახოს, გონს ვერ მოვდიოდი და ალბათ მთლად ამ ყვავილების სურნელსა და ფუტკრების ფუსფუსში დავიკარგებოდი, რომ ავტობუსს არ ჩამოევლო. თითქოს თვალმა საზოგადოება იცნო, მათრობელა სურნელებიდან გამოვედი და ისევ ის მკაცრი, ოდნავ ჯმუხი ადვოკატი გავხდი, ისეთი როგორიც ნათლიას არ მოსწონდა, მკაცრი გამომეტყველება მქონდა, მაგრამ ჩემს მხრებზე დაყრილი აკაციის ციცქნა ყვავილები ჩემს სიმკაცრეს მთლიანად შლიდა. სათვალე უფრო მოხერხებულად მოვირგე, ფრთხილად მხრებიდან უმწეო ციცქნა ყვავილები მოვიშორე, შეუმჩნევლად მხრებს ვიმსუბუქებდი, ამ დროს კი თურმე თეთრ ფერიასავით ლამაზ, ციცქნა გოგონას თმებს ვამძიმებდი. გოგონამ მორცხვად ამომხედა, ყვავილები თმიდან ამოიღო, ხელის გულზე გაეშალა, თითქოს დათვლას უპირებსო. ამის შემყურემ კიდევ ერთხელ დავარღვიე მკაცრი იერი, სათვალის ქვემოთ სხვებისთვის შეუმჩნევლად თვალები სიყვარულით გამიბრწყინდა.
    რატომღაც ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობდი ბავშვებისაგან, მეც განსაკუთრებულად მიყვარდნენ ეს პატარა, ყველა ენის მცოდნე ტიტინა არსებები. ალბათ იმიტომ, რომ სადღაც გულის კუნჭულში ჩამალულია მარად ბავშვური, მაგრამ ამაყი ჩემი სული. 
    ბავშვმა ნაზად ამომხედა, თბილი მზერით შემომციცინა და ხელის გულზე დაყრილი ყვავილები ნელა აათამაშა, თითქოს თავისი ლამაზი ბაგეებით ბუტბუტებდა რას ერჩოდიო. ტრანსპორტი გაჩერდა, ხალხი ჩავიდა, ადგილი განთავისუფლდა და მეც დავჯექი. მხოლოდ ერთი ქალბატონიღა იყო ფეხზე ხუთიოდე წლის პატარა ბიჭუნათი. ის ჩემგან ოდნავ მოშორებით ზურგით იდგა. წამსვე ავდექი, ადგილი შევთავაზე ისე, რომ სახეზე არც კი შემიხედავს.
ქალი უყოყმანოდ დაჯდა.
  - გვანცა, მოდი დედიკო... ძლივს გასაგონად წაილუღლუღა და მხოლოდ ამის მერე შევხედე ქალს, შევხედე და თითქოს ჩემი თვალები მის განსხვავებულ უნაკლო სახეს დაეწებაო, მისი სახიდან ჩემი თვალები ვეღარ ავიღე.
    მაღალი სიფრიფანა ლეჩაქ მოხვეული, ოდნავ თეთრი პირისახით ცისფერი თვალებით, სევდიანად იყურებოდა და დროდადრო ბავშვის გაუთავებელ ტიტინს ოდნავ ღიმილით პასუხობდა.
-	დედი ეს გზა დიდია?!
-	არა, მალე ჩავალთ.
-	როდის ჩავალთ? 
ქალი დუმდა.
მეც ბავშვის ტიტნს ცალი ყურით ვუსმენდი, ახლა უკვე მის ახლოს, ოდნავ ვიღიმოდი. მხოლოდ ერთმა დამაინტერესა ბავშვის კითხვებიდან.
-	დედი, იმ ხესთან, იმ მინდორზე არ თამაშობდი?
-	იცი, მე გუშინ ვითამაშე, ვიბანავე კიდეც. 
ქალმა თითქოს ახლახანს გაიღვიძაო, გამოცოცხლდა.
-	აბა, რომელ ხესთან დედი?
-	აი, იქ დამწვარ კაკლის ხესთან.
-	კი, შვილო, დიდი ხნის წინ მითამაშია.
-	მარტო დედი?
-	არა. დედა ჩაფიქრდა, თითქოსდა ზედმეტ კითხვებს თავს არიდებსო, სარკმლისკენ დაიწყო ცქერა.
-	შენც ლამაზ ბიჭუნასთან თამაშობდი დედი?!  - ალბათ მამიკო იყო, არა?!
დედა-შვილი აქ თითქოს ჩურჩულებდნენ, მაგრამ მათი ხმა მაინც ისმოდა...
-	არა, შვილო სხვა იყო, ჩემი მეგობარი. 
-	ახლა სადაა შენი მეგობარი დედი?!
-	არ ვიცი, დედი, არ ვიცი.
-	რა ერქვა?
-	კარგი შვილო, ნუ დამღალე!
ბავშვმა იგივე კითხვა გაიმეორა და მე გავიგონე ჩემი სახელი ნიკოლოზი.
-	ჩემი პატარა ძმასავით ნიკოლოზი არა დედი?!
-	ხო, შვილო ხო, იმავე ხმით გაიმეორა ქალმა.
-	სადაა დედი ახლა ის ნიკოლოზი?! - იმ ადგილას აღარ დადის?! 
-	ძალიან ლამაზი ადგილია, იცი დედი, გუშინ, გუშინ... და ბავშვის თვალებმა 
დაიმორცხვა, რომელსაც თითქოს არ უნდოდა რაღაც გაემხილა...
ქალი დუმდა და ისევ სარკმლისკენ იყურებოდა.
-	რა დედი, რა, მიპასუხე შვილო, პატარა ბავშვმა მორცხვად თვალები მიანათა,
 მერე გაიღიმა და მე იმ ხესთან... დამწვარ ხესთან ვითამაშე... იქ პატარა ბიჭი იყო დედი, გუშინ გამეცნო.
-	იცი რა ერქვა?!
-	ვაი, ჩაიბუტბუტა პატარამ. 
-	 მგონი გიორგი ერქვა დედი. მერე დედი ვიღაც კაცი იყო იქ, ჩვენ გვიყურებდა, 
გვინდოდა გვეთქვა ჩვენთან ერთად ითამაშეთქო, მაგრამ მოწყენილი იყო დედი, მგონი ტიროდა.
-	ვინ კაცი შვილო?!
-	არ ვიცი, გულუბრყვილოდ ჩაიბუტბუტა პატარამ.
ამის გაგონებაზე შევხედე ბავშვს და მე მასში ის გოგონა ამოვიცნე, რომელიც ოქროსთმიან ბიჭუნასთან ნაცნობ მინდორზე დანავარდობდა.
    გაოცებისგან წავბარბაცდი, მაგრამ ჯერ ყველაფერი არ იყო სრული, სრული განადგურება მაშინ ვიგრძენი, როცა მას მოვკარი თვალი, ვის კალთაშიც ის პატარა გოგონა იჯდა და მხოლოდ ახლა შევიცანი იგი. 
   ოხ, ეს დრო! ისე ხომ არ გაივლის, რომ წარსულს, ჩვენ ბავშვობას არ შეგვახვედროს.
    ჩემს გვერდით შავი დედოფალი იჯდა, ერთ დროს ქერა დალალები შავ თავშალში დაუმალავს, თითქოს გამოჩენისა  რცხვენიაო. მაღალ გულ-მკერდზე პატარა ეფარებოდა, თითები ისევ ისეთი პატარა და ნაზი ჰქონდა, თვალებიც ისეთი შერჩენოდა ბავშვური უმანკოებითა და სიწმინდით სავსე. ჩემს მხართან შავ სამოსში გამოწყობილი თეთრი ანგელოზი იჯდა. მინდოდა მივსულიყავი, გულში ჩამეკრა ეს ისევ ბავშვი ჩემი არსება, მაგრამ იმ წყეულ ბოძს ისე ვიყავი მიჯაჭვული, ფეხის გადადგმაც და ალბათ იქვე დავენარცხებოდი. ასეც რომ არ ყოფილიყო, მქონდა კი ამის უფლება?!
    უცებ თავაზიანმა ხმამ გამომარკვია, დაბრძანდით, ადგილი თავისუფალია. 
ალბათ მიცნეს, გამიელვა თავში, გოგნას ნაძალადევად გავუღიმე და ცარიელ ადგილს თვალი გადავავლე. თავისუფალი ადგილი მის გვერდით იყო, სხვების ყურადღება რომ არ მეგრძნო, დავჯექი, თავი ისე დავიჭირე თითქოს აქამდე არც მინახავს. დავჯექი. ოდნავ ჩავახველე და აი მონატრებული თვალები ერთმანეთს შეხვდა. 
-	ნუთუ?! წაიბუტბუტა ქალმა.
-	გამარჯობა მარიამ, - აღმომხდა ძლივს.
ქალმა არაფერი მიპასუხა, თავი დახარა და უცებ ვიგრძენი, რომ მისი ცრემლები პატარა გოგონას თმებს ასველებდა. ბავშვი ატირდა, დედამ ორივე ხელი სწრაფად მოხვია და ტირილიც შეწყდა. 
-	დედი, რატომ ტირი?! - განაგრძო ბავშვმა. 
-	თვალში რაღაც ჩამივარდა შვილო, - მიუალერსა დედამ.
გზა იყო ულევი. იქ ჯდომა კი მგონი ჯოჯოხეთის ცეცხლზე მტანჯველი.
-	სად მიდიხართ მარიამ?  - ამოვილუღლუღე ძლივს.
გოგონამ ბავშვური თვალები შემომანათა. უადგილო კითხვა უპასუხოდ დამიტოვა და თავისას მოჰყვა.
-	ნუთუ, ნუთუ ეს შენა ხარ?! - ნუთუ, ამდენი ხნის შემდეგ...  ვეღარ დაამთავრა.
ჩვენი საუბარი რაღაც ინციდენტმა შეაჩერა, ტრანსპორტში ჩოჩქოლი ატყდა, მაგრამ არც მე და არც ჩემს მოსაუბრეს ეს არ გვადარდებდა, ჩვენი გულები ახლა ვერაფერს გრძნობდნენ, გარდა ერთმანეთისა. ერთმანეთს ვუყურებდით და ვხვდებიდით, რომ საკმაოდ დიდი დრო იყო გასული. ყველაფერი დრომ წაიღო, თითქოს ადიდებული შავი მდინარე ჩემს გულში შემოიჭრა და ყველაფერი, რაც ამ გოგონასთან მაკავშირებდა, სადღაც წარიტაცა ყველაფერი, გარდა სიყვარულისა. ახლა კი ვდგავარ გაძარცვული და იმის დაბრუნებას ვცდილობ, რაც მე უკვე აღარ მეკუთვნის. 
    ის ქალია, და ორი შვილის დედა და ცოლი. თუმცაღა... და უცებ დამებადა კითხვა შავების შესახებ. 
   ქალი დაიბნა და სარკმლისკენ დაიწყო ცქერა. თითქოს რამე რომ თქვას გული აუჩუყდებაო. ვამჩნევდი, რომ პასუხის გაცემას არ ცდილობდა, აღარ დამიძალებია, ვიგრძენი რაშიც იქნებოდა საქმე. ქვრივ ქალს თვალმოუშორებლად შევცქეროდი, ბოლოს კი ისე მოხდა, რომ ფიქრებში გართული გაჩერებას საკმაოდ გავცდენოდი. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ჩემი ცხოვრების მოღუშულ მზეს მარტო არ დავტოვებდი, მეც მასთან ერთად უნდა წავსულიყავი. თუმცა რა უნდა მეთქვა მისთვის?! რას ვითხოვდი მისგან?! მქონდა კი უფლება მის ცხოვრებაში ქექვისა?! არ ვიცი.
    ავტობუსი გაჩერდა, ქალი მძინარე ბავშვით დაბლა ჩავიდა და მეც აჩრდილივით  უკან დავედევნე. ქალმა შემომხედა და ნაბიჯს მოუმატა. როგორც ჩანს, ჩემთან საუბარს გაურბოდა, სიარულში ბავშვსაც გაეღვიძა და ძირს ჩამოსვა, მას ვერ გავუბედე, პატარას ჩავჭიდე ხელი. ქალმა ბავშვურად შემომხედა და ჩემს წინ ამაყად თითქოსდა წლების წინ დაგროვილი ბრაზით აღმოხდა.
-	რა გნებავთ ჩემგან? - ყველაფერი დრომ წაიღო, გამოუსადეგარი თოჯინასავით 
კუთხეში მომისროლეთ, ახლა კი ცდილობთ იმ შავად ნაწერი ქაღალდისგან სიყვარულის ფერია გამოძერწოთ, რომელსაც თუნდაც ერთი ვარდის ფურცელს მიართმევთ და უკან დაგედევნებათ?
-	ნუ, ნუ ეძებთ თოვლზე ვარდებს. ვარდები გაიყინა. თოვლი - ის დრო იყო, 
ვარდები - კი ჩვენ ვიყავით, რომლებიც გაიყინენ, უგულონი გახდნენ. ატირდა. დიდხანს ვიდექით უბრად. ბოლოს თავი დახარა და წასვლა დააპირა. შემრცხვა უპატრონო ძაღლივით უკან ავკიდებოდი, აქაც სიამაყემ დამღუპა. იქვე ახლოს მეეზოვე ვიპოვე, ჯიბეში ფული ჩავუდე, ადგილსამყოფლის გასაგებად გავაყოლე. მე კი იქ დავრჩი და სულმოუთმენლად ველოდი მეეზოვეს. დრო ისე გაიწელა, მთლად ავირიე, ადგილი ვეღარსად ვიპოვე და წასვლას ვაპირებდი რომ მეეზოვეც დაბრუნდა. მან პატარა ფურცელი გადმომცა და მისამართიც მითხრა. ბარათი გადავშალე და ნაცნობ ხელწერას წავაწყდი, ნუ მომძებნით, გთხოვთ და თუ ჩემს თხოვნას არ დაიშლით, მიგულეთ როგორც და.  სასოწარკვეთილების წუთებშიც რომ ოდნავ ხელჩასაჭიდიც კი სადღაც გულის სიღრმეში იმედს გისახავს... მე მისამართი ვიცოდი მისი, როგორც მეეზოვემ მითხრა, მაღალ მთებში მონასტერში ცხოვრობდა. 
    მონასტერზე ადრეც მსმენია, მაგრამ ბევრი არაფერი და ისიც ვიცოდი მხოლოდ ბავშვობაში გადახდარი ამბიდან. 
    სოფელში მაღალ მთის წვერზე ვხედავდი ტაძარს, რომელსაც მე იმ დროს კოშკს ვეძახდი. ყოველ დილით კი ამ კოშკთან მოფუსფუსე ხალხს ვხედავდი, შავ ფატაში შემოსილთ.  ბაბუას თქმით იქ მონასტერი იყო, დედები ცხოვრობენო მეტყოდა ხოლმე, დიდი დედებიო და მეც ცამდე ხელს ავაწვდენდი ამხელები-მეთქი. ბაბუა თავზე ხელს გადამსვამდა ნაღვლიანად, გაიცინებდა და ისევ მონასტრისკენ დაიწყებდა ყურებას. შეჩვეულ ფიქრებში ჩაეფლობოდა, რომელსაც მე ვერ ვგებულობდი.
    ცხოვრება იქ არის თუ არისო ბუტბუტებდა თავისთვის. მე ბაბუას ბუტბუტი რახან არ მესმოდა, ვეცლებოდი და გასართობად მივიწევდი, ხოლო როცა ზარის ხმა მომესმებოდა, ისევ ბაბუასკენ მივაშურებდი... ზარის შემდეგ ლოცვას იწყებენო, მეტყოდა და თვითონაც ლოცულობდა, მე კი ისევ არ მესმოდა მისი ბუტბუტი და ისევ გავრბოდი. ბაბუა სულ იქ იყო, არ ვიცი რა ჰქონდა იმ კოშკთან ასეთი საერთო. სულ იმ მონასტერს გაჰყურებდა. ეს იყო ჩემი მცირე ცოდნა მონასტერზე და მის ბინადარ შაოსან დედებზე.
    კიდევ მახსოვს ბევრ კითხვას ვსვამდი კოშკზეც, დედებზეც, მაგრამ ბაბუა ყოველთვის თავს არიდებდა ისევე, როგორც თხოვნას იმ კოშკში წაყვანაზე. ნაკვერჩხალ დადებულივით წამოიჭრებოდა, არ შეიძლებაო მეტყოდა და სახლში შევიდოდა. რატომ არ შეიძლებოდა ისიც მიკვირდა, მაინტერესებდა, მაგრამ კითხვები ბუნდოვნად მრჩებოდა. ვფიქრობდი, გავიზრდები და გავიგებ-მეთქი. გავიზარდე და გადამავიწყდა, სოფელიც, ის კოშკიც, ბაბუის ინტერესიც... მაგრამ ბავშვობის სურვილმა ისევ გაიღვიძა ჩემში და გამიჩნდა სურვილი იქ, მაღალ მთებში მყოფ მონასტრის ხილვისა, უფრო სწორედ ჩემი შაოსანი ფერიისა, და მზად ვიყავი მისი ნახვით შეპყრობილს, თუნდაც მუხლის ჩოქვით გადამევლო მთები. დიდხანს აღარ მიფიქრია... მართალია, ყოველ წამს მიტრიალებდა აზრი თავში, რომ ის მორჩილია და აღარასოდეს დამიბრუნდება. ვინ გაცვლის ვარდს იაზე.  ამაზე ვფიქრობდი მაშინაც კი, როცა მონასტრის აღმართს მივუყვებოდი, მაგრამ არ ვიცი, მეყოფოდა კი იმის გამბედაობა, რომ მონასტრის დახშულ კარში შევსულიყავი, არ ვიცი... გზა იყო შორი, მტვრიანი და უსწორმასწორო, თეთრი პერანგი მთლად დამისველდა, მტვრისაგან გაშავდა კიდეც, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ნაბიჯებს მოვუჩქარე და მონასტრის კარს მივადექი. შევყოვნდი, უცებ თითქოს რაღაცამ წამაბარბაცა, მთელი სხეული მომიდუნდა, კარებამდე ძლივს მივაღწიე. ხელი ოდნავ შევახე სახელურს, ნახევრად დაკეტილი კარი უცებ გაიღო, ჯერ კიდევ სუსტად მყოფი კარის მოძრაობას დავმორჩილდი და მონასტრის შიგნით აღმოვჩნდი. იმ წამს ვიგრძენი, რომ გარდაცვალებამდე არსებობს მიწიერი სამოთხე. ისეთი სიჩუმე არსად მიგრძვნია, უამრავ ყვავილში ეკალი ვიყავი, წმინდა ადგილას ამოსული და თითქოს ფეხები წამერთვაო, იქვე ყვავილებში ჩავიკეცე. შესვლისთანავე თვალი მოვკარი ახალ საფლავებს, უფრო სწორედ ერთი იყო მხოლოდ ახალი, მაგრამ მათ უმალვე თვალი ავარიდე, რატომ უნდა მეცქირა მათთვის, როცა წინ საოცარი სურათი მქონდა, მინდვრის შუაში დიდი ტაძარი, ტაძრის მარჯვნივ კი პატარა შენობა იყო, შორიდან შეუმჩნეველი სარკმელებით. პატარა შენობამდე კი მწვანე ხასხასა ბალახი, ბალახში ამოსული პაწაწინა, ჩემი სიყვარულივით პაწაწინა უმწეო ყვავილები. ყვავილსა და მის შორის განსხვავება ერთი იყო მხოლოდ, ჩიტისთვალისოდენა ყვავილები კარგად არ ჩანდნენ, ჩემი პატარა ია კი ყოველთვის ისე ბრწყინავდა, როგორც მზე. ვერ აღწერს ჩემი უმწეო, ღატაკი ბუნება იმ საოცრებას, რაც იქ ვნახე. მოულოდნელად თვალი ისევ სასაფლაოსკენ გამექცა, სადაც პირველად დავტოვე მზერა, მაგრამ უმალვე ავარიდე, საფლავიდან მარტოსული სიო უბერავდა. უცებ ჩუმი ნაბიჯით მონასტრის კარისკენ მიმავალი შავებში ჩაფლულ მონაზონს შევხედე, შევატყვე მანაც შემნიშნა... ჩემკენ გამობრუნდა და მანიშნა ტაძარი ღიააო, თავი დავუკარი, მინდოდა ხელზე ვმთხვეოდი, მაგრამ არ ვიცოდი ეს რამდენად მიღებული იყო. მონაზონს ადრე პირისპირ არასდროს შევხვედრილვარ, არც ისეთი სითბოთი და სიყვარულით მბრწყინავი თვალები მინახავს არსად, თუ არ ჩავთვლით იმ ფერიას, რომელსაც ჩემი ამღვრეული თვალებით ვეძებდი.
    დედაომ დამლოცა და ტაძრისკენ გამიძღვა. იქ შესულს უცნაური შიში დამეუფლა, თითქოს ფეხები მომაჭრეს და სხვა გზა აღარ მქონდა, უფლის სახლში დავეცი უგონოდ, ჩემი დაკარგული ფერია დამიბრუნე-მეთქი. იმ წუთში ვოცნებობდი ჩემი ფერია შემოსულიყო და იატაკზე უსულდგმულოდ დანარცხებული ავეყენებინე, იმ წუთს და ახლაც ყველაფერს გავიღებდი, რომ ეს მომხდარიყო, მაგრამ მე საბრალომ რა ვიცოდი, რომ ჩემი ფერია აღარ იყო. მისი სხეული იმ პატარა საფლავს შთაენთქა, რომელზეც სამორჩილე ეწერა, სული კი როგორც მითხრეს ანგელოზებს ზეცაში აეტაცათ და ალბათ დიდებული უფლის მერე მოწიწებით ეთაყვანებოდნენ. მე კი პირქვე დამხობილი მის დაბრუნებას ველოდებოდი.
    არ მახსოვს როგორ დავტოვე მონასტერი, მხოლოდ ის მახსოვს, რომ დედაო მაშინაც და ახლაც ამაზე საუბარს თავს არიდებდა. როგორც ჩანს, მან იცოდა ყოველივე. მხოლოდ სიზმრად ვხედავ საფლავზე დამხობილ ჩემს მოქვითინე სხეულს და ალბათ სწორედ ის იყო იმ შავბნელი დღის ერთ-ერთი სცენა. ნათლად მახსოვს ის მოტიტინე და-ძმაც, თუ როგორ დარბოდნენ მინდორში პეპლების დასაჭერად და აზრადაც არ მოსვლიათ, რომ დედის საფლავს უვლიდნენ კისკისით.         
     იმ დღის ამბავი ბუნდოვნად მახსოვს, ნათლად მხოლოდ მეორე დღე დამამახსოვრდა, როცა ნახევრად ძილბურანში მყოფი ბავშვის ტიტინმა გამომაღვიძა. ძია წაგვიყვანე იმ ადგილას სათამაშოდ. გავოგნდი, ბალახში ჩავიკეცე, ვიგრძენი თითქოს ბავშვი კი არა, ჩემი ფერია ამომჩურჩულებდა საფლავიდან წაიყვანე, წამოყვანეო, მაგრამ ვმერყეობდი, ვგრძნობდი  მინდოდა თან გამეყოლა ისინი, მაგრამ მეშინოდა, რომ გავიდოდა დღეები და ისინი ისევ მონასტერში დაბრუნებას მოისურვებდნენ. რა უნდა მეთქვა დედის ალერსს მოკლებული ბავშვებისთვის, ისიც არ ვიცოდი. 
    კარი ნელა გაიღო და ქურდივით გაპარვა დავაპირე, რომ ხელზე პატარა თათი შემეხო, ნაცნობი ბავშვი იყო, ნაცნობ ბავშვს კი გვერდით ხელჩაჭიდებული პატარა ჰყავდა. გავგიჟდი, გული ვეღარ დავიმორჩილე, მიწაზე დავემხე და ორივენი გულში ჩავიკარი. ამ დროს თითქოს საფლავზე მოფარფატე სული ხარობდა, თითქოს მან შთააგონა ბავშვებს, რომ ვიპარებოდი, მოულოდნელმა სიტყვებმა ათთრთოლებული გამომარკვია.
-	ძია, წაგვიყვან შენთან?
მე დავთანხმდი, თითქოს თავიდანვე მინდოდა ეს, მაგრამ ერთადერთი, რაც მაბრკოლებდა იყო დედა, თუ როგორ შეხვდებოდა მათ, ყოველივე როგორ ამეხსნა მისთვის.
     წინ კიდევ შორი გზა იყო. უკან მონასტერი აღარ ჩანდა, კარგა მანძილი გამოგვევლო, მივდიოდი და მეშინოდა, ახლობლებისგან მივიწყებული ბავშვები არავის მოეკითხა და ბავშვებსაც მათკენ არ გაეწიათ, არ მივეტოვებინე მათ, ვინც მე უკვე შვილებივით მიყვარდა. 
    მალე შიშიც გაქრა, სამანქანო გზაზე ტაქსი გავაჩერე და დათქმულ ადგილზე წაყვანა ვთხოვე. მძინარე პატარა ფრთხილად დავიწვინე, გოგონა კი დაუკითხავად მუხლებზე მომიკალათდა. მაოცებდა ეს გოგონა, თითქოს ყველაფერს ხვდებოდა, და მე ბუნდოვნად გამახსენდა იმ ღამეს საფლავს როგორ ანათებდა სენაკიდან გამოსული შუქი დროდადრო. როგორ იწეოდა და იფარებოდა სარკმლის ფარდა.


2010წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი