სამყარო აქ და იქ


სამყარო აქ და იქ
     ვეღარ საუბრობდა, დიდმა ტკივილმა დაამუნჯა თითქოს, ოთახში რომ ვეღარ დაეტია, სარკმელი გააღო და მოეჩვენა, რომ მზე მისთვის აღარ იყო და როცა კვდომის პერიოდს დაასრულებდა, ალბათ მერე ახალი მზე ამოვიდოდა, მარტო მისთვის. ასე სჯეროდა, იმიტომ, რომ მისთვის არსებობდნენ ადამიანები, მსგავსი განცდებითა და ტკივილით  დაბადებულები.
     მართლაც ხომ არსებობენ  ადამიანები, განსხვავებული ტკივილებითა  და განსხვავებული ნაკლით... განსხვავებული ფიზიკური მდგომარეობებით. ჰოდა, როცა სრულიად ჯანმრთელი წევხარ სიბნელეში და სადღაც ზეწრებში გახვეულ დავრდომილს შენატრი, ნეტავ ის ვიყო ვინც ვერასოდეს ვერ გაივლის?! ყველაზე დიდი უმადური ხარ ამ დროს, არ აქვს ფასი რის გამო თხოვ, უმწეო ხარ და მორჩა!  და ის ალბათ, შენ შემოგნატრის, ნეტავ ის ვიყო, ვივლიდი მასავით, დავკრეფდი ყვავილებს, შევიყვარებდი, ვიკეკლუცებდი, ვინარნარებდი. ვინ იცის სად იყო რეალურად  ბედნიერება. მწოლიარეში თუ მოსიარულე უბედურში?!        მაგრამ ალბათ უმადური ხარ ადამიანო?!  რომ იცოდე, რომ იცოდე, ის შენზე მეტ ბორკილებს ზიდავს ტკივილისას  და ერთადერთი მას რაშიც უნდა დაემსგავსო მისი ასეთად ღმერთთან სიახლოვეა! ის სიახლოვე, რომელიც აძლებინებს, ყოველდღიურ, ყოველწამიერ და ყოველწუთიერ ტკივილებს უჩუმრად ატევნიებს.. აი სად ხარ, ცალკე ფიქრობ, რომ რა ბედნიერია, შენი ტკივილები რომ არ ტკივა, მაგრამ ამ დროს ვერც იაზრებ მას შენს ადგილზე არ ყოფნა როგორ ტკივა.  ამ დროს კი ჩამესმის, ერთ დღესაც ვერ გაუძლებ ჩემს ტკივილებს, - მომიგო  დავრდომილმა, როცა მის წინ ცრემლებს ყელში ვგუდავდი, მეცოდებიო მითხრა დავრდომილმა, იგი უთქმელად მიმიხვდა რა მგუდავდა. სარკმელთან მივვარდი, შუქი დავფარე, იმ წუთს მას კი არა საკუთარ თავსაც კი ვემალებოდი. მკითხა,  ღმერთსაც დაემალებიო?! ახლა ვერ გავუძლებდი-მეთქი, ქვად ქცეულმა ამოვილუღლღე. - ის გაგიძლებდა, მიგიღებდა და დაგეხმარებოდა. უცებ ავენთე, - გთხოვ  მოუყევი ღმერთს ჩემზე, ადამიანური ტკივილით აღარასდროს მატკინოს ადამიანები? თან უკვე მერამდენედ?! იცი გადავწყვიტე უარი ვთქვა ყველა ტკივილზე, ჩემი რომანტიული სული და სურვილები მოვკლა, მინდა სიყვარულიც ჩავკლა ჩემში, ყველაზე დიდი ჯილდო დედამიწაზე, რის გარეშეც , რომ ამბობენ, ყველაზე ეულიაო ადამიანი.  უგუნური ხარ და უმადური, -  მომიგო დავრდომილმა . რაც კი ჩამოთვალე იმაზე დიდი და ძვირფასი სამყარო გაქვს, რომელსაც იტევ და რომელიც გიტევს,  მხოლოდ საკუთარი სამყაროთი შეგიძლია იყო უზომოდ ბედნიერი და უზომოდ უბედური, რაღა გინდა?! შენ კი უარს ამბობ და ღმერთს საყვედურებით  ავსებ.. რა გინდა მისგან?!  - მინდა ყოველივე გამომაცალოს, მინდა  ფუტურო ადამიანად ვიქცე, რადგან ყველგან მარტო ვარ.. აქაც უმადური ხარ?! ვერაფერს აკვირდები, გრძნობ ნებისმიერ სეზონზეც, როგორ იშლება ყინვაშიც ყვავილი, როცა გხედავს, იცი როგორ მიამდება ტკივილები, შენ რომ გხედავ. ქვად ქცეულმა სულმა ისევ იღრიალა, - მე ადამიანური გრძნობების გარეშე მინდა! 
         და იმ დღიდან ჩაქრა ფერადი გოგონა, დადიოდა და ვერას ამჩნევდა.. აღარ ყვაოდნენ ყველა სეზონზე მისთვის ყვავილები. აღარ იღიმოდა, აღარ უყვარდა და აღარ ეთაყვანებოდა აღარავის.. დავრდომილიც მიივიწყა.  -  ღმერთო რატომ აღარ მოდის ჩემთან?! ღმერთმა თავი დახარა,  მას ყოველივე ადამიანური მისი ნებით გამოვაცალე! -  მან ეს სურვილი მე მომანდო, გამოდის ჩემს თხოვნამდე შეუსრულე. - შეგიძლია კიდევ მთხოვო ოღონდ ერთი, მანაც ამიკლო თხოვნებით და...                            - როგორ ლოცულობს! ამის უნარი აქვს?! - კი ოღონდ სხვაზე , მან მხოლოდ სხვისთვის ლოცვის სურვილი დაიტოვა. - მაშ მე მინდა გთხოვოთ მისთვის რაღაც, მას ძველი სამყარო დაუბრუნეთ.  და იმ ღამით, მთელი ღამით კემსა ღმერთმა ფუტურო ადამიანის გული. არ განუახლებია, მხოლოდ ძველი სამყარო და გრძნობები განალაგა. და როცა სიყვარულის უნართან მივიდა ჰკითხა ადამიანს: - გინდა ისევ ამ გრძნიბით იარო დედამიწაზე? ადამიანი აილეწა, - იგი ისევ ძველია ხომ? და თავადვე გასცა ამ კითხვას პასუხი: - კი, მაგრამ მე ხომ გავიზარდე, ძველი ტკივილით აღარ მეტკინება, და როცა ღმერთმა სხეულში სიყვარულის უნარი ჩაუდო, სხეულმა და სულმა ერთდროულად დაიკვნესა. მასში ყველა სახის სიყვარულის ფესვი აღმოცენდა, თითოეულს, რომ მიწის ბელტივით ეკიდა ტკივილები,  განსაკუთრებით კი ერთმა დაჯაბნა  მიწის სიმძიმეში, მას ის თვალები მოენატრა და თვალწინ  კესანედ გადაეშალა, რომელიც წარსულში ასე ღუპავდა. კმარა, აღარასოდეს გავიხსენებ მას, ხელი დაავლო გულის საკუჭნაოში  დამალა და ბოქლომი დაადო. ახალმა ადამიანმა დროებით დაიძინა. ღმერთო, აქვითინდა დავრდომილი. რაღატომ ითხოვა, მან ხომ უარყო?! იმიტომ, რომ უიმისოდ მან დაკარგა თვითმყოფადობა,  და ჩემი სიყვარულიც კი, რითაც ასე ლამპარ- ლამპარ ანათენდა სევდიანად, დედამიწაზე.  გავოგნდი, მისი ტკივილიც კი ისევ ისე ეტკინა, -  კი მაგრამ ის ხომ მოკვდა! ასე ცოცხლად ისევ როგორ? - ჩუ არ გაიგოს, გაგიჟდება, აღმოხდა აქ თითქოს უძლურ ღმერთს. მაგრამ მან ყველაფერი გაიგო. სიმწრისგან საკუჭნაოს კარს საკეტი მოტყდა  და ის დიდი უკვდავი გრძნობა გარეთ გამოიჭრა, ისევ გაცოცხლდა წამიერად მისი თვალები, მერე გაუფერულდა, მიილია, გაიცრიცა და გულში მოკვდა. მოკვდა გულიც... დავრდომილი აღრიალდა, -ღმერთო, ხომ შეგეძლო, მარამ ესეც გვიანღა იყო, ბიჭი დილით გარდაიცვალა.       
         იმ საღამოს ღმერთთან წარსდგა დარცხვენილი.  უტრიალა ღმერთმა, დაგისახიჩრებიაო სხეული სულ, რა მოგიხერხოო ახლა .. ანგელოზს გასძახა, მოიტანეო სინათლე კარგად შევხედოო სულსა და სხეულზე. საღამოს გარდაცვლილ გოგონას მოაქვსო მიუგო ანგელოზმა. გოგონამ ათრთოლებული ხელით მოიტანა სანთლების გროვა და ვაჟს ვერც შეხედა, ქვითონი მორთო .. იგი ის ლამპარი იყო, რომელიც გოგონას დედამიწაზე მისთვის დაენთო. მერე ბედნიერი სახეები ეჩვენა ვაჟს, ეს ისინი არიან, ვისაც შენ მოწყალება გაეციო, - მიუგო ღმერთმა. ვაჟი დააშტერდა, გოგონასავით ვერც ესენი იცნო. და როცა სახეები მიიმალა ბიჭი ისევ დააკვირდა გოგონას,  რა ლამაზიაო ფიქრობდა იგი, და უფრო შეეცოდა საკუთარი თავი, ეგონა სინათლეზე, მეტად შესამჩნევი ნაიარევის გამო ტიროდა მხოლოდ იგი.  იცანიო?! -  აღმოხდა ღმერთს. ვერაო უპასუხა ვაჟმა. მაშ ამ კითხვაზე მიპასუხეო ახლა, ამ დასახიჩრებული სხეულის გარდა გქონდა რაიმე სურვილი ნატვრა?  უსიყვარულობა მტანჯავდაო მუდამ, მინდოდაო ვინმეს ვყვარებოდი ძლიერ. ღმერთი რაღაც ხნით დუმდა. შეხედეო ამას, ხედავ, 'მან ისევ შეხედა გოგოს, ეს ისააო ყოველდღე რომ უყვარდიო ზემოთ! ისევ შეხედა გოგოს, ისევ ვერ იცნო იგი.  ცხადია ვერ იცნობ, სხეულისა და სულის დასახიჩრებით იყავიო გართული მხოლოდ. ისევ შეხედა იმ არსებას იგრძნო, რომ თავდავიწყებამდე შეუყვარდა ის. მაპატიეთ, აქ ქალ- ვაჟური სიყვარული აღარააო, - მიუგო ანგელოზმა და ღმერთის ნებით მათი დაშორება ცადა.  აქ კულტად ქცეული ანგელოზის თხოვნა დაეწიათ გზაში,  ღმერთო, გთხოვ, დატოვე ისინი აქ მხოლოდ მეგობრებად. და ღმერთმა დატოვა ისინი ერთ ადგილას, სხვადასხვა მდგომარეობაში. იმ დღიდან  დაიარბოდა ორი სული სამოთხეში ხელჩაკიდებულნი, დროდადრო სიმღერის მსგავსი ტექსტი აღმოხდებოდათ, ჩვენ იქ ერთმანეთი გვეყვარებოდაო მაგრამ.! რა იყო ეს მაგრამ? მე ვიცი..                                           მკითხველიც გაიგებ.
	
 ( 2025 თებერვალი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი