ჩემი მეგობარი სიმარტოვე
სიმარტოვე ჩემი ცხოვრების თანმდევ მეგზურად იქცა, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან თან დამყვება, ცდილობს გამამხნევოს, ცდილობს ძირს დაგდებული ამაყენოს, წაბორძიკებისას ხელს მკიდებს, ტირილის დროს ცრემლებს მწმენდს, ღიმილის დროს თვითონაც იღიმის და უხარია, ის კი არადა ხანდახან ჩემს სიმარტოვეს ველაპარაკები კიდეც, ვიცი რომ ეს სიგიჟის ნიშანია, მაგრამ ჩვენ ყველა ხომ ხანდახან გიჟებიც ვართ, ხანდახან გვინდა უბრალოდ ვილაპარაკოთ, მოგვისმინონ და გაგვიგონ, არც შევეცოდოთ და არც განგვსაჯონ, უბრალოდ ჩვენი დარდი გავუზიაროთ, სიმარტოვე კი ამ ყველაფერს იდეალურად ასრულებს: მისმენს და მიგებს. გაფიქრებაც კი არ მინდა, სიმარტოვემაც რომ დამტოვოს და წავიდეს, როგორ გავაგრძელო გზა, როგორ ავუყვე აღმართ-დაღმართებს, როგორ გადავახტე ორმოებს და როგორ გავუყვე ბილიკებს. ჩემი სიმარტოვე უჩინმაჩინივითაა, ვერავინ ხედავს და ვერავინ გრძნობს, მხოლოდ მე შევიგრძნობ და მხოლოდ მე ვგრძნობ, დანახვით არც მე დამინახავს, ვკითხე კიდეც, როგორი ხარ თქო და იცით რა მიპასუხა? რომ დამინახო და რომ გაიგო როგორი ვარ, სიმარტოვე ვეღარ ვიქნებიო.. ალბათ მართალიცაა, დაე, იყოს უხილავი, იყოს უჩინმაჩინი, ოღონდაც არ დამტოვოს სულ მარტო, სულ ერთი და ხანდახან ხელიც ჩამკიდოს. მარტოობა და სიმარტოვე, ხომ ზოგადად კარგი არაა, მაგრამ ჩემი სიმარტოვე კეთილია, ჩემი მფარველია და მიცავს უფრო ცუდი აზრებისგან... აი, მაგალითად,რამდენიმე დღის წინ მივდიოდი ქუჩაში მის გარეშე, სულ მარტო, უფრო სწორედ მე ვერ ვგრძნობდი მის არსებობას და რაღაც ერთი წამით გავიფიქრე, რომ საერთოდ რისთვის ვარსებობდი, რა გამიკეთებია ცხოვრების მანძილზე ისეთი, ჩემი სიკვდილის მერე რომ დარჩება თქო და როგორც მჩვევია მოვყევი წუწუნს, ამასობაში ყველაზე ცუდი აზრიც მომივიდა თავში და უცებ ხელში ვიგრძენი სითბო, შემდეგ ეს სითბო ნელ-ნელა წამოვიდა მთელ სხეულში და გულამდე მომწვდა, გამითბა ეს გული და ვიგრძენი მისი გაღიმებული, კეთილი სახე და თითქოს სიტყვებიც გავიგე: -ეი, რას შვრები, ნიახური ხომ არ ხარ,მეორედ მოხვიდეო... გამეღიმა და თან გავუბრაზდი, შენი ბრალია,მარტო რომ დამტოვე თქო... გაბრაზდა და მიჩურჩულა... იმედია, მალე შენს გვერდით ის ადამიანი გამოჩნდება ვისაც ამდენი ხანი ელოდები და მე კი სხვასთან წავალ, ვისაც შენზე მეტად დავჭირდებიო. დავფიქრდი... ალბათ იცის რომ გამოჩნდება და ამას იმიტომ მეუბნება თქო...ხომ ვამბობ, კეთილია ჩემი მეგობარი - სიმარტოვე.... 08.04.2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი