ჩემი თავის ღმერთი


იმ მომენტში, როცა გადავწყვიტე დღეს მოდი ჩემი ბოლო დღე იყოს და გადავწყვიტე ჩემი თავის ღმერთიც მევე ვყოფილიყავი... მოხდა რაღაც გაუგებარი...მოხდა სასწაული და ამის მერე მივხვდი მე ღმერთი, თუნდაც ჩემივე თავის ვერასოდეს გავხდებოდი...მე არ მაქვს ძალა, მე არ მაქვს გამბედაობა შევცვალო ვინმეს ბედისწერა, თუნდაც ეს მე მეხებოდეს...  მე მე ვარ, ერთი სუსტი, ერთი უბრალო ადამიანი, რომელსაც თავის ცხოვრების გზა აქვს, ეკალ-ბარდებით და ხან კი ია-ვარდებით მოფენილი... ხან ყველაფერი რომ გამოსდის, ხან კი უბრალოდ რომ ვერ ხვდება რა უნდა,რისკენ მიისწრაფის და საერთოდ რა მიზანი ჰქონდა ამ ცხოვრებაში. ბევრჯერ ყოფილა წამომიკრავს ფეხი ქვისთვის, წავბორძიკებულვარ, მაგრამ მაინც ავმდგარვარ, ვიცი ჩემი გზა რაც გასავლელი მაქვს უნდა გავიარო...ხან სირბილით, ხან ხოხვით და ხანაც უკან-უკან, მაგრამ მაინც ბოლომდე უნდა გავიარო... თუმცა არის ხოლმე ისეთი მომენტები, როგორიც დღეს,როცა  ფიქრობ უაზრო ცხოვრებაზე, უაზრო არსებობაზე...მაგრამ ამ დროს როგორც წესი, ჩემს ცხოვრებაში ხდება ხოლმე სასწაულები, რაც მაფიქრებინებს  რომ ეს აზრები უნდა გავდევნო და ისევ ხოხვა-ხოხვით და ფორთხვა-ფორთხვით გავაგრძელო... ხანდახან შეიძლება შესვენებებიც, წყლის დალევა და ძალების მობილიზება შემდგომი გზის გაგრძელებისთვის და ცხოვრების შემდგომი ეტაპის დაძლევისთვის.. ყველაფერი ეს კი ცხოვრების კანონია: აღმართს დაღმართი რომ მოყვება, სიხარულს წყენა,ბედნიერებას ნახევრად ბედნიერება (არ მიყვარს სიტყვა -უბედობა, უბედურება) და ასე რომ აგრძელებ არსებობას... დიახ,არსებობა და არსებობას იმედია მალე შეცვლის ცხოვრება... 
     როდესაც ამას ვწერ, ახლა უკვე ღამეა და ეს დღეც დასრულებული, დასრულდა სასწაულის გამარჯვებით და იმედის გაჩენით (თუმცა იმედი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ადამიანს ასულდგმულებს) და იმის გააზრებით, რომ ღმერთი ერთია და მე ვერ ვიქნები... თუმცა დედა შეიძლება იყოს ღმერთი და სწორედ მისთვის უნდა გააგრძელო არსებობა და ცხოვრება... სწორედ დედა და ღმერთია საწინდარი და იმედი მომავლისა. ხო მართლა როცა დედა გავხდები, მერე ვიქნები და გავხდები ჩემი შვილისთვის ალბათ "ღმერთი"... თუმცა ჯერ ყველაფერი წინააა და მე მხოლოდ მე ვარ... ჩემივე აზრებით, საქმეებით და ჩემივე ცხოვრებით... ჩემივე ფორთხვით, ჩემივე ხოხვით და ხანაც მიზნისკენ სირბილით გაქცევით...
მ.არაყიშვილი
24.05.2019წ.   22:55

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი