ჩემი მოგონებების სახლი


იქით ჩემი სახლია, ჩემი მოგონებების სახლი... სავსე ბედნიერებით და უდარდელობით... ერთ დღეს, გამოვიხურე კარი და წამოვედი..ვიფიქრე უინტერესო ცხოვრება მაქვს თქო და დიდობაში მოვინდომე წასვლა თავგადასავლების საძიებლად.. ბევრი რამ გამოვიარე ამ ძებნაში, ბევრ უსამართლობას, ტკივილს, ცრემლს გადავაწყდი, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი გზას, ხანდახან ვჩერდებოდი, უკან ვიყურებოდი ბავშვობაში, მაგრამ გზას მაინც დიდობაში ვაგრძელებდი,რადგან უკეთესის ყოველთვის მჯეროდა... ბევრჯერ ქვებსაც გადავაწყდი, უფრო სწორედ წამოვედე და წავიქეცი, სხვათაშორის ფეხზე ამყენებელიც ყოველთვის მყავდა და ეს მაბედნიერებდა... თუკი როდესმე წავიქეცი, ყოველთვის ჩემით, არასოდეს არ უკრია ვინმეს ძალით ხელი და არც ფეხი წამოუდიათ... ცხოვრებაშიც თუკი რამ მისწავლია, ყოველთვის ჩემ შეცდომებზე...იყო, ისეთი წუთები და წამებიც, როცა მინატრია დროის შეჩერება და ამ წამში დარჩენა, მაგრამ ეს შეუძლებელია, ამიტომ ასეთ წამ-წუთებსაც უბრალოდ ისე ჩაუვლია, როგორც იმ წამ-წუთებს რომლის ჩავლასაც ვნატრობდი... ბედნიერება- ნაკლებ ბედნიერება (არ მიყვარს სიტყვა -უბედურება) ისეთივე წამიერია როგორც მთელი ცხოვრება და ტოვებს უბრალოდ ფერებს ცხოვრებაში და ამ ფერების გაფერადებით ვალამაზებთ იმ წამ-წუთებს რაც ჩვენ გაგვაჩნია...
   ბავშვობის ფერები და დიდობის ფერები ერთმანეთისგან განსხვავდება... მკვეთრი ფერადი ფერებიდან ნელ-ნელა ფერმკრთალდება და რაღაცნაირ ნაცრისფერ ფერში გადადის. .. 
    ჩემი ბავშვობის სახლიდან ყველაზე მეტად მისი სუნი მენატრება..აი, ისეთი სუნი არდადეგების მერე რომ ვბრუნდებოდი, რომ შევიდოდი სახლში და ნაცნობი, მშობლიური სუნი მხვდებოდა...ამოვისუნქავდი- ჩავისუნთქავდი და ვგრძნობდი რაღაც მიღიტინებდა ჯერ ცხვირში, მერე ნელ-ნელა გაივლიდა გზას და გულამდე აღწევდა, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ეს შეგრძნება დიდობაში რამდენჯერ მომენატრებოდა... 
  ბავშვობაში ბევრი რამ არ ვიცით, ბევრი რამ არ გაგვეგება და ამაზე ვბრაზობთ, დიდობაში კი როცა ამ ყველაფერს ვიგრძნობთ და საკუთარ თავზე გადავიტანთ, ვნატრობთ ნეტავ ისევ იმ უდარდელ ხანაში დავბრუნდეთო, მაგრამ ეს შეუძლებელია..ბავშვობიდან, უფრო სწორედ დაბადებიდან, . არა კიდევ უფრო სწორედ მუცლადყოფნიდან - ბავშვობამდე, მერე დიდობიდან სიკვდილამდე დრო წუთებში გადის, ერთი ამოსუნთქვით და ბოლოს, მოხუცებულობაში მხოლოდ ბავშვობის ამბები გვეხსომება... ისევ იმ სახლში ვიცხოვრებთ და ისევ მშობლები გვეყოლება....მთელი დიდობის თავგადასავალი გაქრება, განაცრისფერ-გაშავდება და დაიკარგება....ამოტივტივდება ისევ ბავშვობის ნათელი ფერები და მოგონებები.... და მოხუცი, ისევ ბავშვი გახდება...გულით და აზროვნებით...დაბრუნდება ისევ იმ უდარდელ, ბავშვობის სუნიან სახლში და იქ დაელოდება თავგადასავლის დასასრულს....
 21.03.2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი