რიგზე თვლა დამთავრებულია


რიგზე თვლა დამთავრებულია...
ჩემი ბავშვობის ყველაზე მტკივნეული სიტყვები. პატარები ალბათ ყველაფერს გადამეტებულად აღიქვამენ, ყველაფერი უფრო ახლოს მიაქვთ გულთან და ყველაფერს უფრო განიცდიან.. ასეთი ვიყავი მეც..მქონდა ჩემი პატარ-პატარა და დიდი განცდები, მქონდა მეც რაღაც შიშები და კომპლექსები... რაღაცეებს ისე განვიცდიდი დღემდე მახსოვს და მართალია ახლა სხვანაირად ვფიქრობ და იმ განცდებზე მეცინება, მაგრამ ეს ყველაფერი დალექილია ჩემს მეხსიერებაში, გულში და ყოველთვის ამოტივტივდებოდა ხოლმე. 
   დროა, ალბათ ყველაფერზე ხმამაღლა ვილაპარაკო და ის განცდები ამოვცალო ტვინიდან და გულიდან და ჩემთვის ყველაზე კარგი საშუალებაა წერა..დავწერო, ამოვხეთქო და მერე სულ დავივიწყო.. მიუხედავად ტკბილი და უმაგრესი ბავშვობისა, მეც მქონდა ტკივილი, მეც ბევრჯერ დამიძინია მტირალს და მინატრია: ნეტა ეხლა გავქრე საერთოდ ან ნეტა დროზე, მალე გავიზარდო ან საერთოდ რისთვის დავიბადე და მოკლედ მეც მქონდა ასეთი ფიქრები ბავშვობისას და ეხლა რომ ვუფიქრდები რის გამო განვიცდიდი ამხელა სტრესს მეცინება. მაგრამ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში, ჩემს ბავშვობაში..დიახ, მქოდა კომპლექსი - სიმაღლისა.. ვიყავი ყველაზე პატარა და ეს ძალიან მადარდებდა.. ვდარდობდი არა, უფრო ვიტანჯებოდი, რისთვის და რატომ ეხლა ვერ ვხვდები, მაგრამ ბავშვობაში როდესაც ისედაც პატარა ხარ და ახლა ყველაზე პატარა ალბათ უფრო განიცდი..ან იმიტომ განვიცდიდი ამას ასე, რომ სხვა სადარდებელი არ მქონდა..არვიცი მოკლედ რატომ, რისთვის, მაგრამ ხშირად ვნატრობდი გაზრდას რომ მაღალქუსლიანები ჩამეცვა, რომ უფრო დიდი გამოვჩენილიყავი, მერე და მერე რომ გავიზარდე მართლაც ძალიან მაღალქუსლიანებს ვიცმევდი..ეხლა რომ ვუყურებ სტუდენტობისდროინდელ ფეხსაცმელებს გული მისკდება, როგორ დავდიოდი, როგორ ვიცმევდი, მაგრამ მაშინ ბედნიერი ვიყავი, ბავშვობის ოცნებას ვისრულებდი, უფრო დიდი ვჩანდი..ეხლა კი, 40 წლის ასაკში თანახმა ვარ დავბრუნდე იმ ბავშვობაში და მხოლოდ იმ ერთი კომპლექსით ვიცხოვრო და იმ მაიას გავაგებინო, რომ ყველაფერი ძალიან კარგად გაქვს, რომ კარგია შენ რომ გაჩნდი, თუნდაც პატარა, დატკბი იმით რაც გაქვს და როგორიც ხარ, შენ ჯერ არ გინახავს მკაცრი ცხოვრება, არ შეხვედრილხარ უფრო სასტიკ ცხოვრებას და იხარე იმით რაც გაგაჩნია. 
     ცხოვრება  და დრო - ყველაზე კარგი მასწავლებლები არიან ჩვენი და გამოცდილებასთან ერთად ბევრ რამეს ვსწავლობთ.  
    არ მახსოვს,  როდიდან დავიწყე სიმაღლეზე ფიქრი, მაგრამ მახსოვს, ბევრჯერ უკან დამიხევია რაღაცეებზე და ვიღაცეებზეც კი, ბევრჯერ ყურიც მომიკრავს ჩემს სიმაღლეზე რომ უჭორავიათ..მაგრამ დრო გავიდა,  "დავიკიდე" და ყველაფერი გამოსწორდა... ახლა, არც მაღლებზე ვდგები, არც ამის მცხვენია (როგორც ბავშვობაში) და უბრალოდ ვფიქრობ: ვისაც არ მოვწონვარ: აი დარდი..  
     სკოლის პერიოდი, ფიზკულტურის გაკვეთილი, პირველი, მეორე, პირველი, მეორე და მე "რიგზე თვლა დამთავრებულია".  მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ გავიზრდებოდი, დრო დადგებოდა, ამ ყველაფერზე დავწერდი და შემდეგ ვიტყოდი: ყველაფერი კარგად იქნება... 
08.09.2019წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი