ვწერდი, როცა წვიმდ
ვწერდი, როცა წვიმდა... ვწერდი, როცა ვსევდიანობდი.... ვწერდი, როცა ეს ორივე მიზეზი მქონდა... დრო გავიდა...და ვწერდი ყველგან, ყოველთვის, ნებისმიერ დროს.. ახლა წვიმს.... ახლა თითქოს ვსევდიანობ კიდეც და მიზეზიც მაქვს წერისა.. განსხვავება მხოლოდ ასაკში და გამოცდილებაშია..მაშინ, პატარა ვიყავი, არც წერა ვიცოდი და პირველ ნაბიჯებს ვდგამდი "ჩემს დამწერლობაში"... არ ჩათვალოთ ეს თავში ავარდნაში, უბრალოდ მე "ჩემი სამყარო" მაქვს, სადაც ყველას არ ვუშვებ და ვახედებ..სადაც უბრალოდ ბედნიერი ვარ და მესამყაროება და მებედნიერება რაღაც-რაღაცეები და ამას მხოლოდ ფურცლებს ვუზიარებ... ფურცლებს ან უბრალოდ პოსტებად გადმომაქვს და თქვენამდე ასე აღწევს... ზოგი კითხულობს, ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, ზოგი ან გულში ან პირდაპირაც დამცინის, ზოგი უბრალოდ ატარებს..მე კი ამ დროს ბედნიერი ვარ..რადგან მთელ ჩემს ემოციას, მთელ ჩემს ფიქრებს გადმოგცემთ და ჩემს ისტორიას გიყვებით. ზოგი ამბავი მოგონილია, ზოგი რეალურია, ზოგი ნახევრად მოგონილი და ნახევრად რეალური... ხშირად კი ჩემს წარმოსახვით მომავალს გაცნობთ, ისეთს როგორზეც ვოცნებობ და სხვადასხვა გმირებს ჩემი ფანტაზიური ცხოვრებით ვაცოცხლებ და ისე გაცნობთ... ხშირად ჩემივე მოგონილი გმირების მშურს და ხშირად მათი ტკივილიც მტკივა, თუმცა ვიცი ეს ყველაფერი ჩემი მოგონილია. ხშირად ჩემი პატარა ამბების გმირებზე მიფიქრია, როგორ ვიქნებოდი და როგორ მოვიქცეოდი მე მათ ადგილზე და ყოველთვის ისინი ჩემზე გამბედავები და ჩემზე ერთგულები ყოფილან...ხშირად ისეთი რამ გადაუწყვეტიათ, რაც მეც მდომებია, მაგრამ ვერ გამიბედია..ანუ ჩემს ამბებში ჩემივე თავის მარცხს ვაღიარებ... წვიმს და ეს წვიმა სასიამოვნოდ უკაკუნებს ჩემი სახლის სახურავს... და ამ კაკუნს სადღაც ღრმა ბედნიერ ბავშვობაში მივყავარ... იმ დროში, როცა ცა ქუდად არ მიმაჩნდა და დედამიწა ქალამნად...სადაც ყველა სურვილი სრულდებოდა და სადაც მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა... ახლაც სახურავზე წვიმის წკაპა-წკუპი, რახა-რუხი ისმის, მაგრამ ვიცი რომ წინ დიდი დრო არაა, რომ ყველაფერი შეიძლება აღარ იყოს ისე, როგორც ადრე მეგონა..თუმცა.... ყველაფერი კარგად იქნება... კიდევ დავწერ... კიდევ მეყოლება ჩემი გმირები... წვიმს... 18.07.2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი