ბაბუაწვერა
ბავშვობიდან მაოცებს ბაბუაწვერა.. ულამაზესია, მაგრამ როგორც კი ხელს შეახებ მაშინვე ჰაერში მიჰქრის. ერთს შეუბერავ და იფანტება.. სახელიც ძალიან საინტერესო ჰქვია"ბაბუაწვერა" ანუ ბაბუას წვერივით თეთრი.. ყოველთვის ბევრ კითხვას ვსვამდი: ამას ეს რატომ ჰქვია, იმას ასე რატომ ეძახიან და მინდოდა ყველაფერს თავისი სახელი დარქმეოდა..მინდოდა ყველაფერი ყოველთვის აეხსნათ და ამას როგორღაც ახერხებდნენ კიდეც.. მახსოვს სულ 5-6 წლის ვიქნებოდი მშობლებმა წამიყვანეს ულამაზეს მინდორში, სადაც უამრავი სხვადასხვა და ფერადი მინდვრის ყვავილები ყვაოდა.. გავვარდი მინდორში დავიწყე კრეფა, ულამაზესი თაიგული შევკარი და ამ დროს ბაბუაწვერა შევნიშნე, გადავწვიტე ჩემი თაიგულისთვის ეს ყვავილიც დამემატებინა... რამდენჯერაც მოვწყვიტე, იმდენჯერ მხოლოდ მისი ღერო შემრჩა, ასე განმეორდა რამდენჯერმე... ძალიან განვიცადე და რომ ვერ მივხვდი რატომ ვერ შევინარჩუნე ეს ყვავილი, დედაჩემს ვკითხე მიზეზი..მან გამიცინა, მომეფერა და მითხრა: - ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა.. აი, მაგალითად ბაბუაწვერას ურჩევნია მინდორში ყვაოდეს ლამაზად, ხანდახან ქარმა დაუბეროს და ისე გაფანტოს მაღლა ცაზე.. როდესაც შენ ხელით ეხები,მას სტკივა და ცდილობს შენგან განთავისუფლდეს, სწორედ ამიტომ აღარ მოწყვიტო, აღარ მიაყენო მას ტკივილიო. - კი მარა, სხვა ყვავილებს არ ტკივათ, როცა მათ მე ვეხები? - არ ვეპუები მე.. - სტკივათ, მაგრამ ესენი მომთმენები არიან, ბაბუაწვერა კი ნაზი და ჰაეროვანია... -ნაზი, ჰაეროვანი და ბუტია..- ჩავიბუტბუტე მე და ბაბუაწვერას გავებუტე.. 16.06.2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი