მე რომ მოვკვდი...


მე რომ მოვკვდი, ეს ვერავინ გაიგო... არც პანაშვიდები გამართულა და არც ტირილი, შეცოდებები და ყვავილების ზღვა იყო.... რადგან მოვკვდი ჩემით, ჩუმად ჩემთვის... მოვკვდი და მივხვდი ეს არ უნდა შემემჩნია, პირიქით ეს სიკვდილი ღიმილით უნდა დამემარცხებინა, უნდა წამოვმდგარიყავი და უბრალოდ გამეგრძელებინა ცხოვრება...
   არ იყო ადვილი...გამიჭირდა... მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.. თან რთულია როცა არ იმჩნევ, როცა იღიმი გულს გარეთ და გული მკვდარია.... როცა რაღაცნაირად არც გაცოცხლება გინდა, გინდა უბრალოდ ჩუმად იწვე, ხმას არ იღებდე და ვერავინ გამჩნევდეს...არადა, არც შეუმჩნეველი არ ხარ... ყველა გამჩნევს თითქოს.. ზუსტად მაშინ გაახსენდები მთელ სამყაროს და ზუსტად მაშინ დასჭირდები... არადა,  გინდა გქონდეს ჯადოსნური ჯოხი, ერთი დააწკაპო და ბრახ: გაქრე.... მერე კიდევ დააწკაპო და ბრუხ:გამოჩნდე .. არადა არც ჯოხი გაქვს და არც ჯადოქრობა შეგიძლია.... შენ მხოლოდ ერთი გოგო (ქალი, ვერ შევეგუე ამ სიტყვას) ხარ, რომელსაც მხოლოდ სჯერა სიკეთის და საოცრებების, როდესაც ამ ყველაფერს ვერ ხვდები, როდესაც მწარე რეალობას შეეჯახები, იბნევი და კვდები.... შემდეგ კი გაცოცხლება გიჭირს და ისევ თავიდან დაწყება.... უკვე  იცი, რომ იქეთ ბოლოში ან გული გეტკინება ან კიდევ მოკვდები.. 
     მე რომ მოვკვდი... მხოლოდ წვიმას მოვუყევი..მან კი ჩემთან ერთად იტირა... ფანჯრის აქეთ მე ვტიროდი, ფანჯრის იქეთ წვიმა... ვიტირეთ, ვიტირეთ და გამოვიტირეთ.... მერე გარეთ ცისარტყელა გამოჩნდა, მზემაც გამოანათა და თვალი ჩამიკრა... ნუთუ მომეჩვენა? გავიღიმე.. მკვდრები არ იღიმიან... ესეიგი მე არ მომკვდარვარ და  ესეიგი უნდა ვიბრძოლო, ვიცხოვრო .. დაე, ნუ ახდება ყველა ოცნება... 
    09.10.2020
   მ. არაყიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი