დედებს, რომლებიც ელოდებიან შვილებს
ეძღვნებათ ქალებს ვინც ელოდება შვილს ოთახიდან გამოვედი და მივხვდი, რომ იქ დავტოვე ჩემი ქალობა, ჩემი დედობა და ეს ოთახი იცით რა ოთახია? განაჩენის ოთახი... ამ ოთახში ექიმმა მითხრა: რომ შენ ვერასოდეს ვეღარ გახდები დედა... რადგან უბრალოდ დაიგვიანე.. რადგან ის შანსები რაც ახალგაზრდობაში გქონდა დაკარგე, უბრალოდ ხელიდან გაუშვი და შენ ეხლა შენ ასაკში მხოლოდ სხვა ბავშვებზე ზრუნვა დაგრჩა და გააგრძელო ის საქმე რასაც აკეთებ. ღიმილით გამოვედი ოთახიდან,არ მინდოდა უცხო ადამიანის თვალწინ ავღრიალებულიყავი, არ მინდოდა უცხო ადამიანს ენახა ჩემი ცრემლები და ჩემი სისუსტე. წამოვედი განადგურებული, წამოვედი მარტო და გიჟივით ვტირი. მიყურებს ხალხი და ვინ იცის რას ფიქრობენ, რატომ ვტირი, ვგრძნობდი რამდენიმეს გაჩერება და გამოლაპარაკებაც უნდოდათ, მაგრამ ვერ გაბედეს, ეტყობა ისეთი სახე მქონდა და ვერ გაბედეს. მე კი უბრალოდ მივდიოდი, არც ვფიქრობდი საით, რატომ, რისთვის მივდივარ, უბრალოდ მივდიოდი... კადრებივით დამიტრიალდა ჩემი განვლილი ცხოვრება, ოცნებები, შეცდომები და მივხვდი, სულ ტყუილად მიცხოვრია, სულ ტყუილად მიოცნებია, სულ ტყუილად გავჩენილვარ ამ ქვეყნად. არც მახსოვს რამდენი ვიარე, არ მახსოვს ან როგორ მივაღწიე ან როგორ მივედი მტკვრამდე, გონს მომიყვანა კაბის ქაჩვამ, დავიხედე და პატარა ბავშვი მექაჩებოდა, თან ტიროდა და თან მექაჩებოდა; არ გაბედო,არ გადახტე, შენ ხომ ჩემი დედა ხარ, შენ ხომ ჩემი მომავალი დედა ხარ, შენ რომ ეხლა გადახტე მე ვერ დავიბადებიო.. უცებ მივხვდი, რომ ეს ბავში ჩემი მომავლიდან იყო, რომ მე ძალიან სუსტი ავღმოჩნდი და რომ ძალიან ადვილად ვთქვი უარი ჩემს ოცნებაზე და მე შემრცხვა, შემრცხვა პირველ რიგში იმ პატარა ბავშის, რომელიც მე მელოდა, რომელსაც ჩემი იმედი ჰქონდა და მელოდებოდა, მე კი ერთი ექიმის უტაქტო ნათქვამზე ჩამოვუშვი ხელები და დავნებდი... შემრცხვა და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ოცნებაზე არასოდეს არ უნდა თქვა უარი, იქამდე სანამ ერთი პატარა შანსი მაინც გაქვს, უნდა გამოიყენო, ეცადო და აუცილებლად შესრულდება, თუნდაც მაშინ როცა საერთოდ არ ელი. მე დედა აუცილებლად გავხდები, რადგან მელის მე ის და მე მას აუცილებლად ჩავიკრავ გულში, მან დღეს მე უკვე გადამარჩინა, ის არსებობს და მოვა. მ.არაყიშვილი 10.10.2019წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი