ბალერინას ცხოვრება
მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ბალერინობაზე, ვიდექი ჩემთვის და რაღაც ილეთებს ვასრულებდი, 6 წლის შემიყვანეს სასწავლო ჯგუფში და მას შემდეგ ვცეკვავ და ვცეკვავ... მთელი ჩემი ცხოვრება დავუთმე ბალეტს.. პუანტებს რომ ვიცმევ, სცენაზე რომ გავდივარ ყველა და ყველაფერი მავიწყდება, მთელი გულით და სულით ვეშვები როლში და ვარ ბედნიერი... აი, ახლაც სრული ანშლაგით დასრულდა სპექტაკლი, იყო "ბრავო" და "ბის".. ყვავილების ზღვა, უამრავი აპლოდისმენტი...არც კი ვიცი როგორ გითხრათ ახლა..თითქოს ბედნიერიც უნდა ვიყო, თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ახლა გავიხდი პუანტებს, მოვიშორებ გრიმს და... მარტო ვარ... მივალ სახლში, ჭამის არც თავი მექნება და არც დროა, უკვე ღამეა და მე ხომ სულ ფორმაში უნდა ვიყო, ამიტომ მშიერი მივეგდები ლოგინზე, შეიძლება ტანსაცმლითაც დამეძინოს, გახდა უბრალოდ ვერ მოვასწრო... დილიდან კი ისევ უნდა მოვემზადო ცეკვისთვის.... საღამოს ისევ კონცერტია, ყველა ბილეთი წინასწარ დიდი ხნით ადრე გაყიდულია, ჩემი პლაკატებით აჭრელებულია ქალაქის ქუჩები, ინტერვიუს ინტერვიუზე მთხოვენ, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ წარმატებულ პრიმა ბალერინასგან....ჩემი ბევრს უხარია, ბევრსაც ვიცი შურთ... არც მწყინს, რადგან ასეა ცხოვრება...ყველაფერი თითქოს ძალიან კარგად მიდის...თითქოს ბედნიერიც ვარ...მაგრამ.. ის მაგრამ არის ყველაზე მთავარი... პუანტებს ვიცმევ..სცენაზე გასვლის დროა... 12.06.2020 მ.არაყიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი