სულ პატარა ვარ ამ სამყაროში
პატარა ვარ, სულ პატარა ამ დიდ სამყაროში. რამდენჯერაც გარეთ გავედი იმდენჯერ დავიკარგე... არა, არ გეგონოთ მართლა დავიკარგე, უბრალოდ ასე მეგონა დავიკარგე და საკუთარი თავი ვერ ვიპოვე.. მეგონა, რაღაც შემეძლო, მეგონა ჩემს გვერდით მეგობრები იყვნენ, მეგონა სიყვარული არსებობდა, მეგონა ბევრი რამ მეგონა, მაგრამ ყველაფერი ერთ დღეს ხუხულასავით თავზე ჩამომენგრა... თუმცა სანამ ეს ერთი დღე დადგებოდა, მანამდე ნელ-ნელა მივდიოდი ამ ამბებისკენ, თუმცა მაინც არ მეგონა ჩემი ოცნებების სამყარო თუ ასე საპნის ბუშტივით გასკდებოდა... უბერავ, უბერავ.... დიდდება...დიდდება და უცებ.... წკაპ და სკდება... ძნელია რეალობასთან და თან მწარე რეალობასთან პირისპირ დარჩენა, თუმცა შემდეგ ამ ყველაფერსაც ეჩვევი, იწყებ თანაცხოვრებას ამ ახლანდელ ყოფასთან და თან გეტირება, თან გეღიმება: როგორი გეგონა, როგორი წარმოგედგინა და რა შეგრჩა ბოლოს ხელებში...მაგრამ თავს იმშვიდებ... რომ უარესი არ მოხდა და ხარ ისე როგორც ახლა ხარ... ადამიანი ქვა და რკინაა..უძლებს და ეგუება ყველაფერს...არ გატყდება იქამდე სანამ არ მოვა ის (სიკვდილი)..თუნდაც ავად იყო, თუნდაც ებრძოდე მას მაინც ბოლო წუთამდე იმედი გაქვს გადარჩენის... ეს ალბათ კარგია, რადგან ესაა ინსტიქტი თვითგადარჩენის და ცხოვრების... ჯერ პატარა ხარ და ფერად ფერებს ხედავ, შემდეგ თითქოს ეს ფერები კარგავენ ფერებს, ჯერ ნაცრისფერდებიან, შემდეგ კი შავდებიან და ბოლოს გამჭვირვალეები ხდებიან... ეს გამოცდილებაა... საკუთარ თავზე გამოცდი ხალხს, ცხოვრებას და ბოლოს მიხვდები ვინ-ვინააა... როცა გჭირდებოდა - კარი რომ მოგიხურეს, როცა სჭირდებოდი - კარებში რომ შემოგიხტნენ. როცა იღიმოდი - რომ სწყინდათ და როცა ტიროდი - გულში უხაროდათ... და არიან ისეთებიც, როცა იღიმი რომ გკითხავენ: რატომ ხარ მოწყენილიო... სანამ ისწავლი შავ ფერზე - რომ მართლა შავია და თეთრი კი თეთრი...იქამდე ფერები ხშირად აგერევა და ხშირად ხან მოტყუვდები, ხან თავს ძალით მოიტყუებ... თუმცა ბოლოს ყველა-ფერი თავის ადგილს მონახავს... ყველა-ფერს მართლა თავის- ფერად დაინახავ და ცხოვრებაც წავა.... 21.07.2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი