ლადოსთან რა ვარ
ძველ წინდასავით გამოხია მთვარემ ღრუბელი, ჰგვანან გორები ტბორის პირას დაყრილ ფაშატებს, რომლებსაც ღამით გაუხედნეს კვიცი უბელო, მერე კი ,უღვთოდ,თარაქამას დაღით დაშანთეს. მკერდგარღვეული ნარიყალა,როგორც მოშურნე, ცალყბად დასცქერის მადათოვს და მიეთმოეთობს... ნაცოდვილარი პწკარედები გავაბროშურეთ,- ლადოსთან რა ვართ,ვინ ვართ,მაგრამ მაინც ვპოეტობთ, რადგან სიტყვები ნაჩქერალას კალმახებია, ამოჩქეფებულს ჩანჩქრის ჭავლით როგორ ჩაჩუმქრავ, თვალს რომ შეავლებ გორებს,ჯანღის ფაფახებიანს, გინდა,რომ შენი მწირი პწკარი უძღვნა საჩუქრად, რადგან არაგვმა წაიყოლა აღაზას ოხვრა, რადგან უპყრია ბებერ მუხას ცა განმკლავებით, რადგან კრწანისმა შენი გული ასე გამოხრა, სიტყვა რომ არ თქვა,ტკივილს როგორ გაუმკლავდები! რადგან გაუხსნა ნინოწმინდამ გოგლას იარა, შეჰკიდებოდნენ მაშინ როცა ღამეს ატმები, ტიციანივით თერგმა გულზე გადაგიარა, მუხრანმა ყალყზე დაგიყენა თმები,რა თმები!.. რადგან კვართივით შენი მიწაც დაინაწილეს, ო,როგორ გინდა,ტკივილები რომ გაამრთელო და ცხრა ლახვარი მტრის ჯინაზე ცხრაჯერ გაცინებს, წაგართვეს,მაგრამ მაინცა გაქვს შენ საქართველო... და სიყვარული,ამ გულიდან გარდამოსული, სირსვალასავით ჩემს არსებას უღვთოდ მოედო... ნაცოდვილარი პწკარედები გავაბროშურე, ლადოსთან რა ვარ...ვინ ვარ,მაგრამ მაინც ვპოეტობ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი