მომრთე
მ ო მ რ თ ე მომრთე! ზეთის ხილის ყვავილებით მორთე გადაღლილი ჩემი მხრები - ბევრი უშენობის მზიდავი. მომირთე ტუჩები - კოცნით მორთე, მერე ის კოცნები სულ თან გქონდეს ყოველი უჩემო ცისმარე... სანამ მიტოვებულ ხეობების სევდით ვყვავილობ და ვიტოტები, მორთე ჩემი სულის წინკარი. მეყოს ფიქრებად და გაკვირვებად (თუნდაც ჩაგითვალო ახირებად) - დაბრუნდი და რამე მითხარი. ამ სიმარტოვეშიც შენთანა ვარ! მომრთე ჩემივ ცრემლით - ყელსაბამად მზის წნულთან დამკიდე კურცხალები. ღამეებს მივადგამ საფეხურებს, დღეებს ვატყუებ, რომ დაგეურვე, ვატყუებ და შენთან ვიპარები. თვალები მომირთე შენი ანარეკლით - იფეთქე გუგებში... ისევ გამალებით აქრე ჩემი ტანის ხანძარი. ამ ხელების თრთოლვის გაყუჩება შენს ხმაში ახეთქე გაურჩებად, მის მნუსხავ ხავერდში დაძარი. თითები მომირთე იასამნით, თმები - გვირილების ნაწნავებით, ყურთან ამიქარვე იის ფურცლებივით მსუბუქი ჩურჩულის წამ-წამები. მორთე განთიადი მოლოდინით, ძილი - სიზმრების მაქმანებით, საღამო - წვიმებით, ელვებით. მომრთე ტკივილებით-გაუსაძლისებით, როგორც ამ გაზაფხულს ნაძვის კორომებით მოურთავს ლურჯი მთის ფერდები. მორთე ჩემი ბაგე გაღიმებით, შენი დანახვით რომ იბადრება - იმ ღიმით გულისპირი მოიჩითე. მომრთე საშენოდ და შენით მომრთე... იმედით, ელდით და თრთოლვით მორთე ჩემი ცხოვრება კიდით-კიდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი