ის ქალი ჩემზე ლამაზია?
ის ქალი ჩემზე ლამაზია? ის ქალი ჩემზე ლამაზია?! თუ კიდევ უფრო ლამაზი? როგორ იცინის ან რა აცვია? გნოლის ტანი აქვს თუ ავაზის? ან როგორ სამკაულს ეტანება, უხმოდ ტირის თუ ქვითინებს? თმის სამაგრი ხშირად ეკარგება? ვარდებს გიკვეთავს თუ გვირილებს? მე კი, ჩემებურად ლამაზი ვარ, რა ხანია, უხმოდ ვიცინი. თალხ სხეულზე თალხადვე მაცვია... ყელში ჩაბრუნებულ ყვირილით უკვე ჭიასაც კი ვერ ვაღვიძებ და ბოლო დროს, ჩემდა გასაკვირად, ხელოვნურ ყვავილებს უფრო ვირჩევ და წვიმებიც ისე აღარ მიყვარს. მოვისროლე ყველა თმის სამაგრი, თმები უკვე ჩემი ძაძებია. მისი ღამეები - უცრემლებო, ჩემი ღამეები - არ შრებიან. ის ქალი ნამდვილად ლამაზია? ან უბრალოდ, ჩემზე ლამაზი. ნეტავი შემთხვევით შემახვედრა ის - ჩვენს ცხოვრებაში არნამყოფი, იქნებ მოვუყვე და დავაჯერო, რომ შენ აღარ დარჩი გასაყოფი. რომ ძილის დროს მხოლოდ მაშინა კრთი, როდესაც ბავშვობა გესიზმრება. რამდენი ჩემ სახელს დაუძახებ, იმდენი ნურაფერი გეტკინება, საერთოდ ნურაფერი გეტკინება! ის ქალი ჩემზე მამაცია - გამოგიგონა და გაგაღმერთა. საფასურად - თავი დაგავიწყა, მერე ჩემი თავიც გადაგრეცხა. ნეტავ სადმე შემხვდეს, დავარიგებ: როცა ბრაზობ-უნდა გაგეცალოს, წინდებს თუ მოგაწვდის დილაობით - უფრო გეყვარება... არ იწვალოს ბროკოლის წვნიანის კეთებაზე- ალბათ ჯერ არ იცის, რომ ვერ იტან. გრძელი პერანგები შეგირჩიოს, ისეთი, შარვალში რომ ჩაიტან. ის ალბათ ჩემზე ლამაზია, ანდა, უბრალოდ ლამაზი... ვეტყვი, სასმელთან რომ ვერ მეგობრობ, სამი ჭიქის მერე გულწრფელობ, ღმერთი არ გაგიწყრეს, სიმთვრალეში ჩემი სახელი არ უხსენო! გამოგიგონა და გაგაღმერთა, ღმერთები კი განა დარდობენ? ღმერთები აწმყოთი ნეტარებენ, წარსულზე არაფერს ამბობენ, წარსულზე სიტყვას არ ამბობენ... ის ქალი, ჩემზე რო ლამაზია- ჩვენი ბედისწერა, წყალგამყოფი, ვერ ხვდება, ძაღლივით რომ გდარაჯობს აღარაფერი აქვს გასაყოფი, უკვე მხოლოდ მისი სამყოფი ხარ, მისი - ჩვენს წარსულში არნამყოფის. მე კი, ისევ უხმოდ ვიცინი და თმები ძაძებივით მაცვია, რომ ოდესმე ჩემზეც არ იკითხონ - "ის ქალი ჩემზე ლამაზია?"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი