პატარა ლოცვა


პატარა ლოცვა
უფალო, შეუნდე ნამს - ქორფა ბალახების ატირება,
იქნებ აპატიო ზღვას - იმ ნამებით ტალღის აზვირთება.
შეეწიე ყველა კლდეს - ნურასდროს მოაქცევ ქვების გროვად,
გრძნეულებს შეუნდე ცებს მათი უსაზღვრობის უსაზღვრობა.
თოვლებს წაუშალე კვალი არასწორი ნაბიჯების,
დღეს ნუ დააყენებ ხვალე-ს, დრომ იაროს ისევ დადინჯებით.
კაცში შეიწყალე - კაცი თვალზე რული რომ არ ეკარება,
ყველა სიმარტოვეს გასცდეს დაისებში თავის შეფარებით.
ღმერთო, ნუ მიაწვდი ორ ფერს - თეთრს და შავს, ცხოვრების დასაწერად,
თეთრი დაუტოვე, ჰქონდეს - ალბათ ასე უფრო გადარჩება.
უფალო, შეუნდე პირუტყვს პირუტყვული მორჩილება,
მათხოვრის აავსე ქუდი მონეტებად ქცეულ მოშიშებით.
წვიმებს გაატანე კაცთან წვეთებად მოსული იმედები,
თორემ, იმედი თუ გაქრა, მერე რაც იქნება - შენც ხომ ხვდები?!
აპატიე უნდობლობა, მარცხები - სკივრებში დამალული,
თორემ ვეღარ იგნებს გზას ყველა ღამის ლოდთან განაბული.
მიუტევე შეცოდება - ცოდვის კარიდანვე მოაბრუნე,
ძილშიც ნუ შეარჩენ წამებს - სასოწარკვეთებით მოარულებს.
შეუწყალე სიყვარულიც - არამიწიერიც, მიწიერიც,
ნუ დააკარგვინებ თავს... შენ ხომ მაინცა ხარ ღვთისნიერი?!
ხომ არ მიატოვებ, ღმერთო?! - უშენობით ტანჯვა გაორდება,
არჩევანს ნუ ანდობს ბედს, თორემ უბედობა აგორდება.
მიუტევე სიხარულიც - ფოთლებში გამსხლტარი სინათლისა,
თორემ ზოგჯერ მაინც ტყუის - შენგან ნაბოძები სიმართლითაც.
უფალო, შეუნდე შიში - უმეცრებით შენი გასხვისების,
რაც არ უნდა მოხდეს, სულში, უყვავილე შენი ყვავილები.
ისევ დაუზავდი, რა... - კაცად ყოფნის სევდა დააფიფქე,
ვის მიანდოს თავის თავი - ასე უფრო მეტად დააფიქრებ.
ღალატს ნუ შეუნდობ, მაგრამ ბევრი ერთგულებით აზღვევინე,
შენს ხატად რომ გინდა მართლა - თავისივე პირით ათქმევინე.
ღმერთო, მიუტევე ნამი - ცრემლი, ყველაფერზე უცოდველი
და არ მიატოვო კაცი, შენთან მოსასვლელის უცოდნელი...

ივნისი, 2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი