გლეხი


დღეს, ნასეტყვარი ვენახიდან გლეხი რომ მოდის,

თითქოს დაბერტყეს, ხვავ-ბარაქა მოპარა ზეცამ,

დაკოჟრილ თითებს უკავია ყინვისა ლოდი,

ვიღას შესჩივლოს, მდუმარების ტკივილი ეცვა.


მიწის დამბალი ზეწარიდან მიათრევს ტალახს,

გლეხი კალუშზე აკრობილი ნაბიჯით დაზელს,

და ვინ რა იცის, ამ ნაღველზე გულში რომ მალავს,

სადაც ყოველ დღე ახარებდა იმ ბებერ ვაზებს.


ჩამოწვა ბინდი, დაედევნა ნაფეხურს ქარი,

ზურგში მოხრილი სევდის გუდით მიდის სახლამდე,

დატოვა ზვარში გაძარცული, ობოლი სარი,

სადაც ფოთლები ჩურჩულებდნენ წუხელ დაღლამდე.


თითქოს მიწაც კი იზიარებს ამ დიდ სატკივარს,

ჩუმად ჩაყლაპა ნასეტყვარი ვაზისა კვირტი,

გლეხი კი მიდის... ვით ნამყოფი ჭირში სატირალს,

ჯაფა დაკარგულს თვალში უდგა ცრემლების ტვირთი.


ზღურბლზე მისული, დიდი შუბლით ახედავს უფალს:

ეტყვის: ,,განთიადს შენს ლოცვაში ვანთებდი სანთელს

და სადღეგრძელოც შენს დიდებით ვიწყებდი სუფრას,

რას ვიფიქრებდი, დამტოვებდი და სეტყვა გამთელს”.


მრისხანე ზეცა დაშოშმინდა, აღარა ბრაზობს,

გაძარცულ ტოტებს აშრიალებს ნიავი რიდით,

კმაყოფილება ბოროტების ასცილდა საზომს,

დღეს ნასეტყვარი ვენახიდან გლეხი რომ მიდის.“


23.06.2026
#მლ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი