მეშვიდე ღამეს
მეშვიდე ღამეს, როცა მთვარე ფაზას შეიცვლის, ჩემს ნაფიქრალზე ოცნებები გაშლიან მკლავებს. მეშვიდე ღამეს ეს სამყარო — ნეტა ვინ იცის — რამდენ მონეტად დაიკიდებს ცა ვარსკვლავებს. მეშვიდე ღამეს გალაქტიკა დაიბადება, მოგვევლინება სავსე მთვარე ზეცის ჭაღებად, რადგან ლექსებშიც უმთვარეოდ ისევ ბინდდება, თითქოს ხდებოდეს სარკოფაგის კარის გაღება. სადაც აჩრდილნი დაიწყებენ ისევ სიარულს, ჩემი გონება სიბნელეში გამოცოცხლდება. მეშვიდე ღამე, გააღვიძებს ირგვლივ სიყვარულს და სინთეზივით დალაგდება მთელი ცხოვრება. მისტიკურ ღამეს გაჩნდებიან ანგელოზები, ჩემს პოეზიას აუგებენ ნოეს კიდობანს და ამ წარღვნაში კიდევ ერთხელ გნვმეორდები. რადგან გამოცდა ჩემი თავის თვითონ მინდოდა. პოეზიისთვის, დავეკარგე რითმების მდევარს, ღმერთის ნაჩუქარ მხედველობით ვხედავ ქვეყანას, სადაც ნეკნისგან, უფლის ნებით, შეიქმნა ევა — ქალი რომელსაც დედობრივი ვალი ებარა... გალაქტიკიდან გალაქტიკას გამოვეკიდე, მეშვიდე ღამის დასასრულზე მივადექ პირველს. ისევ ავდივარ დასაწყისის სამყაროს კიბეს, და სარკმელიდან ახალ დღეში გაფრენას ვიწყებ. და ვინ რა იცის, რასა გრძნობდა ჯორდანო ბრუნო, როცა კოცონზე უსამართლო ცეცხლი ეკიდა, მე შფოთვიანი ეს ცხოვრება საით ვაბრუნო, როცა თვით მთვარე იკარგება ღამე ზეციდან. დღეს კიდევ ერთხელ წერილები მივწერე სიკვდილს, სარკოფაგებში უძილობის მატლები მჭამენ. ჩემს აკლდამაში, მდუმარების, ბიუსტებს ვითვლი, ხანაც მივფრინავ ვით პოეტი, მეშვიდე ღამეს. /ლამაზოშვილი/ 27.06.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი