მესაფლავის პასუხი
,,მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, მისი სახე და აჩრდილიც ყველა ჩვენგანს ავიწყდება“... და ის ქალი, ყოველ დღე რომ მიდიოდა სასაფლაოს, სულსაც სჯიდა, უმეცარად აგზავნიდა სასაკლაოს. ვარდებს მორწყავს მის გულმკერდზე, ამოსული ბუჩქნარიდან, თითქოს სატრფო უგზავნიდა ვარდ-ყვავილებს იმ ქვეყნიდან. დაიჩოქებს, გლეჯს ბალახებს, სარეველას აცლის გულზე, მის სიყვარულს და სიწმინდეს სძინავს მიწას გარინდულზე. ტირის ზეცა, ელვა აპობს და ცრემლებით იბანს სახეს, ქვრივი ქალი დაჩოქილი ბედის წერის ამბობს სასჯელს. შავს არ გაცვლის, არ ჩაიცმევს მხიარულ და წითელ კაბას, ყურს ნუ უგდებთ მესაფლავეს, ძველად ნახულს ჰყვება ამბავს... თითქოს ქვრივი გათხოვდა და დაიკარგა წმინდა გრძნება, თითქოს კენტად დარჩენილი ქვეყნად არვინ არ იქნება. სად დადიხარ? სად წახვედი? ცოცხალი ხარ, მესაფლავე? შემოხედე ქართლის დედას და აზრები შეიცვალე... ქვრივი ისევ სასაფლაოს ვარდებსა ჰკრეფს გადაშლილსა, თმა ვერცხლისფრად შეეცვალა, მარტოკა ზრდის ობოლ შვილსა. შავ ძაძებით დადიოდა ქორფა ქალი, როგორც ვარდი, გამბედავი არვინ იყო ეჩურჩულა: „შემიყვარდი“... ვის ძალუძდა? ვის ძალუძდა დაემსხვრია რკინის ქალი? ვის შეეძლო ამოგლეჯა გულმკერდიდან ცეცხლის ალი? და სიბერემ სიზმარივით გამოლია მწუხრის დღენი, სასუფეველს მოუწია ქვრივს ქვრივობის განაჩენი. ნუ ხარ ჩუმად, მესაფლავევ, გამოხსენი სიბრძნის კარი, თქვი, რომ შეცდი, სიყვარულის არ გცოდნია დედა აზრი. მესაფლავე თხრის და ფიქრებს ყოველ დარტყმულ წერაქვს ამსხვრევს, უღალატოდ მიდის ქალი, ასეც ხდება... გაიაზრებს. დაჭკნა ვარდი სამარეში, ეხუტება სატრფო სატრფოს, მარადიულ სიყვარულმა სიყვარული გაანათლოს... 16.06.2025 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი