ჩემი აღსარება
ჩემი ნაფეხური მარხვას თუ არღვევს, ცოდვებს ნუ მიზომავ, ღმერთო! შენგან— ლუკმაც, ხორბლით დანაფქვავი, პურის ნახევარი მერგო. პირჯვარს გადავიწერ, ლოცვად გევედრები, შენს ხორცს ვუფრთხილდები, იცი?! გაბნეულ ბეღელს თუ თაგვი გაკვნეტავს — ღმერთით იკვებება ისიც. ჩემი ლოცვებით ჯვარზე ვიცრემლები, ტვირთი მკიდია ზურგზე, როგორც ურწმუნო, ტანჯვაში ჩავარდნილი, — უფალს ავადმყოფი ვუმზერ. სადღა გეძებო? ჭადრებში ნისლია, ტოტებზე შემომჯდარა ყვავი. თვალებში ჩამხედა, მიხვდა, რომ მისია... ჩემში მიხაკი რომ ყვავის. სულმა სიწმინდე გვიან მოითხოვა, ვეღარ მოვუსწარი შობას. ხან დიდ მარხვაზე ძლიერი შიმშილი ხორცსაც იგემებს და სცოდავს. ჩემი ნაბიჯი ისე მცდარი არის, როგორც ჭიანჭველას ცოდვა — მასაც მარცვლები აქვს მოპარული, მიწაში დამალა, ცოტა. 02.07.2026 ლამაზოშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი