საქართველო


ეხ, საქართველო, შენი ჯვარი ვინც კი იწამა,
მანვე მოგქარგა ეს მტევნები ვაზზე გაბმული.
მტრისგან გათელილს, მერამდენედ გყლაპა მიწამა,
მხრებში გაშლილი წამომდგარხარ, მტკიცე მამულით!

სადაც ტყის შრიალს შეუძლია ჩიტი დააფრთხოს,
მთაში ქორბუდებს დასაპყრობად იწვევს მწვერვალი,
კავკასიონზე გომბორიდან ცივი ქარაფობს, 
და ალაზანზე მატიანეს დაწერს მწერალი.

ადუღდა ქვევრში ვაზის სისხლი, მოდის დოქიდან,
მოწყურებული თვალებიდან, გვიმზერს მარანი.
ვით ნაომარი, გადაღლილი ღამე მოვიდა
და წყვდიადისა გადაფინა ირგვლივ საბანი.

„ჰე, ჰე!“ შემოსძახა გლეხმა მოსულებს,
დაკოჟრილ ხელით მოიწოდა ღვინისა თასი,
უფალს დალოცავს, შესანდობარს ეტყვის წასულებს,
და საქართველოს ადღეგრძელებს დიად სასმისით

ეხ, მიწავ ჩემო, ეს დღეები როგორ გავლიო,
მონატრებაში მესიზმრება შენი ჭალები,
ხორნაბუჯიდან არწივები ფრენენ ალიონს,
დაჭმუჭნულ ზეცას გადაჭიმავს მათი ბრჭყალები.

შავი ზღვის ქაფი, გიშრისფერი ქვიშის ნაპირებს,
გულს გაულოკავს მოუყვება ქვეყნის არაკებს,
მზე დახრჩობამდე ლექსის წერას ისევ აპირებს,
და შიშველ სხეულს გარუჯული კალმით დააწერს.

07.072026

ლამაზოშვილი
#მლ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი