სიკვდილი გამილამაზე


ღრმად ჩავისუნთქე და წასვლაზე დავიწყე ფიქრი...

მითხარ, რომ ახლა, ამ წუთებში, არა ხარ სხვასთან,

რომ ეგ თითებიც სხვის სხეულზე არაფერს იტყვის,

რომ სიყვარულიც უცვლელია, სამყაროს მსგავსად.


მითხარ, ჩემს ირგვლივ რამდენია ქრიზანთემები,

თუ ჩემს მიწაზე სარეველამ გაშალა კალთა?

შენ თუ იცოდი, რომ საფლავში ვეღარ ვეტევი

და ღამღამობით ვიპარები სიცოცხლის კართან,


სადაც ჟანგები ვერძღებიან ბოქლომის ჭამით,

აქ, დაჩოქილი, ღმერთთან მიწევს მარტო დარჩენა.

თუ სიყვარულსაც ამ სიღრმეში მომაწვდი რამით,

ან თუ ილოცებ ჩემი სულის გადასარჩენად?..


ხელებგაწვდილი მათხოვარი, ხურდასაც ვითხოვ,

ხან კეთროვანის სნეულებით ხორცები მცვივა,

ხან ავყვავდები შენს ეზოში, ლამაზი ხვითოდ,

ხან სარკოფაგში უშენობით ძალიან ცივა.


თუ მონატრება დაგიძახებს, მითხარ, რომ მოხვალ,

დაგლეჯ ბალახს და სარეველას სასაფლაოზე...

შენ არ იქნები იმათგანი, ვინც სატრფო მიწას

გამოკეტილი მიატოვა ნიჩბის ტაროზე;


რომ მესაფლავეს არ ექნება სიტყვა სათქმელი,

გალაქტიონიც ვეღარ დასწერს სატრფოს ღალატზე.

შენ ერთგულების, სიყვარულის ძეგლად დადექი,

ჩემი სიკვდილი კიდევ ერთხელ გამილამაზე.


11.07.2026
#მლ#მაიალამაზოშვილისპოეზია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი