უსასრულობა


უსასრულობა ამ ცხოვრებას ღრუბლებში განსჯის,
ჩემს გონებაში ფიქრი ახლა ყველაფერს მიჭამს,
ბებერი ღმერთი პულს დაითვლის ძარღვიან მაჯის —
ვაი თუ საზღვრებს მოკვდავ სულმა გადააბიჯა.

ან სილამაზე ზომიერზე აღმოჩნდა მეტი,
ვინმეს სათვალოდ, სასარგებლოდ მოვიდა წვიმა,
რომ გატეხილი შემოდგომა ვერაფერს მეტყვის,
რომ გაშიშვლებულს ვერხვის ტოტებს ძალიან ცივა.

ვაი, რომ მოვა ეს ზამთარი მკაცრი ფერებით!
როგორც სუდარა გაიშლება თეთრად მიწაზე...
ვერავინ შეცვლის, კანონია ღმერთის ესეთი:
დროებითია სილამაზეც დედამიწაზე.

და როგორ ფიფქი, ყველაფერი უკვალოდ მიქრის,
მაგრამ სად არის გასასვლელი ხიდები ზეცას,
რომ გადავლახო, გადავიდე გალავნის იქით
და შევერიო უსასრულო სამყაროს მეცა?

მაგრამ შევიქენ საკუთრება პირღია მიწის,
ვით შემოდგომა, ხმელ ფოთლებით მოქარგავს ფარჩას,
ძვირფას წუთებსაც გაქცეული ისარი მითვლის,
სადაც წარსულის ტკივილები აწყმოში დარჩა. 

21.10.2026
/ლამაზოშვილი/
#მლ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი