ეს ყველაფერი თუ სიზმარია


სადღაც თოვლია, სადღაც ქარია,
ვერ მივეჩვიე გარდაცვალებას.
ეს ყველაფერი თუ სიზმარია,
ღმერთო, იკმარე ჩემი წამება!

თუ ბოტიჩელის ვგავარ ნახატებს,
ან ქარვის ქვიშას, დაცლილს წუთებად...
ხომ შეიძლება, ვეღარ ვნახავდე,
თვალებს წაერთვათ ხედვის უფლება.

მშიერს ჰაერიც მინდა სადილად,
აქ გაზაფხულის სურნელი მათრობს.
თითქოს ვნებდები ასე ადვილად
და ყვავილობა ნუშის ხის მათოვს.

თუ ახლა ყველა უჩემოდ გლოვობს,
თვალებს მირონი აწვიმს საავდროდ,
ამ სიბნელეში მომიწევს ბოლოს
დავთმო სიცოცხლე ფიფქის სანაცვლოდ.

სადღაც თოვლია, სადღაც ქარია,
გრიგალი ამტვრევს ღრუბლების კარებს.
კიდევ მითხარით, ეს სიზმარია...
საწოლი მიდგას სამყაროს გარეთ.

ფიქრები გახდა თეთრი ზმანება,
ჩემი სხეული — უსულო ცვილი.
ნუთუ ინება ასე განგებამ,
რომ ცოცხალს მერქვას მე გარდაცვლილი...

09.11.2026
მაია ლამაზოშვილი
#მლ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი