იასამანი
ყოველ გაზაფხულს, ჩემს ფანჯარასთან იასამანი ჰყვაოდა, მახსოვს. ყვავილებს ვწყვეტდი, გულზე ვიბნევდი, კაბას ვირთავდი-ფაქიზად ნაქსოვს. აფრქვევდა სურნელს და ეზოც იყო იასამნების სურნელით მთვრალი, და ღამღამობით ეფერებოდა მთვარე- ყვითელი, ცივი და მკრთალი. გავიდა დრო და გახმა ყვავილი. ახლა ფიქრებში ვიგონებ სარკმელს- სადაც ყვაოდა იასამანი და გულში ვმალავ უამრავ სათქმელს. და იმ ძველ ეზოს მოსაგონებლად, ბავშვობის მეტი არა დამრჩა რა და ყოველ ღამით მთვარესთან ერთად საუბრობს, მხოლოდ ღია ფანჯარა.. მახურავს თავზე ფიქრის ფენები, როგორც ზამთარში თბილი საბანი და გადმორგული ხარობს ჩემს სულში, იმ ძველი ეზოს იასამანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი