იყო ზაფხული თუ გაზაფხული
იყო ზაფხული, თუ გაზაფხული, ან ზამთრის სუსხი ტეხდა იანვრებს მიტოვებული ქუჩის კუთხეში ვეკედლებოდი ჩემს ძველ იარებს. ღამემ, სიცივემ, შავმა ლანდებმა ქარბორბალივით გადამიარეს. მე კი უფერო და გაცრეცილი ვემალებოდი ადამიანებს. ვეფერებოდი პეპელას ცხედარს, თავს სისუსტეს და ტკივილს ვატყობდი, ვეფარებდი ჩემს ძველ იარებს და მკვდარ პეპელად ყოფნას ვნატრობდი. მეცვა სიცოცხლის ბოლო დღეები, გათენებამდე შორს იყო კიდევ. ჩემი ცხედარის ზიდვა მიჭირდა და მკვდარ პეპელას გადავეკიდე. იდგა სიბნელე, და აწყვეტილი დათარეშობდა ტანში სიცივე, მე გავეცალე ადამიანებს, მაგრამ სიკვდილი ვერ ავიცილე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი