ახლა ქარებია შენი ფიქრის ველზე
ახლა ქარებია შენი ფიქრის ველზე, ღამე გაგიტეხე ჩემზე მოიმედეს. და რა მომასვენებს, სანამ ისევ მეძებ, სანამ ეგ გრიგალი დარდებს მოილევდეს. სისხლის ადუღება გულის სარქველს ასწევს, თვალზე მოგადგება ცრემლნარევი წვიმა სიყვარულის ფიცი რახანია დასწვეს ახლა ქარში მდგარი ვერ მიხსენებ ვინ ვარ. გადაიტან ოდეს ამ ქარიან დღეებს- ისე თითქოს დილა ვარსკვლავთწყობას შლიდეს, მაგრამ სანამ მნახავ, სანამ გამიხსენებ, გულს რა ეშველება, გულს რა დაამშვიდებს? სად დაიდგავს კარავს ამ ქარიან ველზე, შენი ფიქრის გროვა, სისხლს რომ ასე გიმღვრევს? მალე გათენდება და აისის ფერზე გულიც დამშვიდდება, დარდებს ჩამოირღვევს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი