ისე უხილავად...


ისე უხილავად გარდასულა ჟამი,
როგორც ჰაერია თავზე- ჩემი სოფლის.
ყველგან წარსულია ჩასაფრებული და 
ყველგან მძაფრი სუნი
მამაჩემის ოფლის.

მეწყერს წაღებული ვენახების მწკრივი
ისე მოუღობავს. როგორც ეზო=კარი,
ჭიგოს შეუმოწმებს ყოველ გაზაფხულზე,
რომ არ დარჩეს სადმე ძირი შემომპალი.

ჩემი სოფლის სუნი, ჩემი სოფლის ქარი,
ისე უხილავად მომიქროლებს ძილში,
თმებს ვიშლი და ვფრინავ, მერე პეპლებს ვიჭერ
და ვმონაწილეობ ჩემი სიზმრის ფილმში.

წყაროს ღელეს თავქვე დავუყვები ფრენით,
თუთის ხეებს ბერტყავს
უხილავი ქარი.
ჩემს პატარა სოფელს თუ ვახსოვარ ნეტავ?
თუ შემორჩა სადმე ჩემი ფეხის კვალი?

თუ აქვს ნეტავ ფიქრი
წარსულ დრო და ჟამზე,
ან რა სტკივა ნეტავ თავის ბებერ გულში?
მოგონების თავსხმა წამოვიდა ფიქრში
შეასწარი სულო გადაფარებულში.

ჩემს ჯვარად რომ იქეც, 
სულ პატარა მიწავ, სუნი აგდის მძაფრი.
მამაჩემის ოფლის.
თუმცა ზოგჯერ მეწვის 
ზურგზე იარები
მაგრამ ამ ჯვრის მადლი, სასიცოცხლოდ მყოფნის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი