ჯაჭვის ხიდი
წვიმს. უკვე მერამდენე დღეა, წვიმს. სოფლის გზაზე წვიმის ღელეს მისდევს თეთრი ,,მარშუტკა“ და კვლავ ქალაქისაკენ მივყავარ-ჩაფიქრებული, მოწყენილი და დაღლილი. ნოემბერია. გვიანი შემოდგომა. წვიმაში მანქანით მგზავრობა მსიამოვნებს. ათასნაირი საფიქრალი და მივიწყებული ამბავი მოდის თავში, ათასნაირ კარგ გეგმებს ვალაგებ... ...ახლობლები მახსენდებიან და მათთან ყოფნის სურვილით სავსეა გული... ...მონატრება უფრო ძლიერია თუ სიყვარული?.. რა ვიცი... თუ გენატრება, ესე იგი გიყვარს და თუ გიყვარს, ყოველთვის მოგენატრება. ხოდა, რა გამოდის ახლა აქედან?.. არაფერი არ გამოდის. მაინც ვერ გავიგე რომელი უფრო ძლიერია... ადამიანია ყველაზე ძლიერი, რადგან ამ ორ უდიდეს გრძნობას ერთნაირად იტევს და ემსახურება კიდეც. წვიმა სულაც არ აპირებს გადაღებას, პირიქით , უმატებს და მისდევს ჩვენი ,,მანქანა“ წვიმის ღელეს, გარბის ტალახნარევი წყალი თავდაღმართზე და გზა და გზა მატულობს და მატულობს. ერთი ძველი ამბავი გამახსენდა. წვიმამ გამახსენა და მგზავრობამ. ვისი ბრალი იყო რა მნიშვნელობა ქონდა, ჩემი თუ მისი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ჩემი ბრალი იყო ყველაფერი. მე ავიკვიატე:- წავიდეთ, ქალაქში გავისეირნოთ-მეთქი. არა და იმ წუთას მოსულები ვიყავით სამსახურიდან, ჩანთები ჯერ ისევ ხელში გვეჭირა. ერთად ვცხოვრობდით, ერთ პატარა ოთახში, ქირით, სამსახურთან ახლოს. ის ჩემზე მაღალი, გამხდარი, ქერად თმაშეღებილი მეგრელი იყო. ხშირად მეკითხებოდნენ თანამშრომლები: „-როგორ ეგუებიო?!“ რა შეგუება უნდოდა? მეთუ მკითხავთ, შესაგუებლად, ალბათ მე უფრო ცუდი ვიყავი მისთვის. ძალიან მოსაწყენი ადამიანი ვარ. ერთთავად, ან ჩაფიქრებული გახლავართ, ან ვწერ, ან ვკითხულობ. იმ დღესაც იმიტომ ავიკვიატე ქალაქში გასვლა, ჩვენი ურთიერთობა რომ უფრო გამთბარიყო და მეტი ყურადღება ეგრძნო ჩემგან. არადა, სულ არ იყო ის შემოდგომის ღრუბლიანი და სველი საღამო სეირნობის ხასიათზე მომყვანი. თავიდან იუარა;- მშიაო. -ოღონდაც ახლა წამოდი და ქალაქში ხაჭაპურზე დაგპატიძებ-მეთქი. მეც ძალიან მშიოდა... ადვილად დამთანხმდა. ხმელა პურის ჭამით და მოკლე ჩიხის გავლით გაჩერებაზე გავედით. სავარძელზეც ერთად მოვთავსდით ავტობუსში. ის-ფანჯრისაკენ, მე-აქეთ. ავტობუსში აღმოსავლური მუსიკა იყო ჩართული. არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ მუსიკას ვუსმენდი და უცებ... -გევიგეთ, ძმაო, არისტოკრატი რო ხარ და გამორთე ახლა, ნუ შეგვაწუხე!-მოისმა უკანა სავარძლიდან მთვრალი კაცის უხეში ხმა. მძღოლმა, მთლად ახალგაზრდა კაცმა, ზანტად მოაბრუნა თავი და: -ვინაა არისტოკრატი?! წყნარად იყავი თუ არა, დაგაწეპეფ მაქანა!-თქვა და მაგნიტოფონი უხეშად გამორთო. -რაიო? დაგაწეპეფო?!-გაიქაჩა მთვრალი კაცი და მძღოლისკენ დაიძრა რწევით. ხალხი დაიძაბა. -ვის დააწეპეფ, ბიჭო, შენ? რა გითხარი მე გლახა, არისტოკრატი რო ხარ, გევიგე-თქო, ასე გითხარი. -არავინ გკითხავს შენ, მე არიატოკრატი ვარ თუ არა, მითხარი: გამორთე-თქო და გამოვრთავ!-ხელები უცახცახებს მძღოლს და ავტობუსი ძიგძიგით მიჰყავს. ქალები ცდილობენ, ვაი-უშველებელი გამართონ. გარეთ კი, სადაცაა წვიმას დაიწყებდა. -არიქა, ჩევიდეთ! ვეუბნები მე. -მეიცა, გოგო, ამ შუა გზაზე სად უნდა ჩევიდეთ?-არხეინად იხედება ფანჯარაში. -გაანებე ახლა თავი! ამდენი ხალხი ავარიაში ხო არ უნდა მოვხვდეთ შენი გულისთვის, კაცო, რაღას უშლი ნერვებს!-მძღოლს ექომაგება შუახნის ქალი. -ვის უთხრა მაგან, დაგაწეპეფო?.. ბორძიკობს მთვრალი. -დაჯექი ახლა მაქანა და ნერვებს ნუ მიშლი!-არ უთმობს მძღოლი. -გაჩუმდი, შვილო, ნუ აყვები. მილიონი ადამიანის სიცოცხლე გაბარია და ყველას თუ მასე გამოყევი, რაფერ იმუშავებ. - აწყნარებს ვიღაცა. ,,რა მინდოდა ქალაქში, რას დავეძებდი სეირნობას. ავარია მაინც არ მოუხდებოდეს“.-ვფიქრობ და არც მინდა უკან დაბრუნება. რა ვიცი, რატომ. ალბათ იმიტომ, რაც სამსახურთან ახლოს გადმოვედი საცხოვრებლად, თითქოს ჩემთვის სივრცე ჩაიკეტა. ვეღარსად გავდივარ, მხოლოდ ვმუშაობ, ვჭამ და მძინავს. გავლა მომენატრა, ფეხის გადადგმა მომენატრა სამსახურის სივრცის იქით... ხოდა ეგეც ჩემი ფეხის გადადგმა, კინაღამ ხიფათს გადაგვყარა ამ თვრალმა კაცმა. თუმცა დაძაბულები ვიყავით, მაინც სიცილს ძლივს ვიკავებდით. -აპა, თუ გაჩერდებიან ახლა.-თავს აქნევს ჩვენს წინ მჯდომი, ნახევრად გაჭაღარავებული კაცი.-ქუთაისია, სად მოხდება აპა, ამისთანა ამბავი სხვაგან.-ამბობს ოდნავ ირონიულად. მაინც იქ ჩამოვედით, სადაც გვინდოდა, ხაჭაპურიც ვიყიდეთ და წვიმაც წამოვიდა. რაღა დროს სეირნობა იყო? -არიქა, წრიული ჩამოდგა, შევიდეთ და გზაში ვჭამოთ, თუ არა, სულ გევილუმპებით!-ვუთხარი და ავტობუსში სულ სიცილ-სიცილით შევედით... ,,ეგეც შენი გასეირნება-მეთქი“. - ნიშნისმოგებით ვეუბნებოდი თავს. გაჩერებიდან სახლში მისვლამდე გვარიანად დავსველდით, მაგრამ მაინც კმაყოფილები ვიყავით რაღაცატომ, თან თავსგადამხდარ ამბავზეც გვეცინებოდა. -,,სხვისი შვილები“ გახსოვს? - ფილმზე ვეკითხებოდი. -აბა, რომელი? - ვინაა, ბიჭო, შენი სიმპათიურიო, ბავშვებს რო ეჩხუბება. ე, ისე დეემართა იმ მძღოლს წეხან, ვინაა არისტოკრატიო, რო გადეირია. მართლაც, სხვაგან სად მოხდებოდა ასეთი ამბავი, თუ არა ქუთაისში. * * * ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და საათს დავხედე... ...გუშინ საღამოს კი წვიმის არაფერი ეტყობოდა. ვიჯექი ეზოში და ის იყო, ოცნებას უნდა გავყოლოდი მთვარის სიღრმეში, მეგობრის სატელეფონო წერილი მომივიდა: ,,გავხედე ჯაჭვის ხიდიდან რიონს, მკრთალად განათებულ ეკლესიას მოვავლე თვალი და პირველი ფიქრი, უფლის დიდება იყო. მადლობა იმისთვის, რო აქაური ვარ!.. მეორე ფიქრი შენ, რადგან შენზე კარგად ამას ვერავინ აღიქვამდა... ჩამოვედი ქუთაისში.“ ასე მხოლოდ ბესოს შეუძლია წერა. ჩავფიქრდი... და ცოტა გულდაწყვეტილმა ვუპასუხე: ,,მეგონა, რომელიღაც რომანტიულ ნაწარმოებს ვკითხულობდი და გული დამწყდა, ასე უცებ რომ შეწყდა... მინდოდა კიდევ გაგრძელებულიყო...“ ,,სხვანაირად გავაგრძელებდი, მარა გუბეში ჩამივარდა ფეხი, ამას რო ვწერდი. ჯერ კიდევ მივაბიჯებ ორი კვირის დაუბანელი ამ ბნელ გზაზე, სახლში კი ხვალ მელიან...“ „შე კაცო, მიდი ჯერ შინ და მერე მომწერე, ამ ბნელში რატო იწვალებ თავს?“ ,, ჩემ რიონს მივუყვები და ისე მსიამოვნებს მისი ხმა, გულს ფეთქვა ემატება. მომნატრებია თურმე... უხ, ავქოშინდი, მარა არც ვჩერდები და არც წერას ვანებებ თავს... აი, ჩემი ჭიშკარი და სინათლე ფანჯრებში...“ მე თუ ვინმე მკითხავს, ბესოს რა ესაქმება ჯარში? რა უნდა მაგას იარაღთან, ბესო სულით ხელოვანია და ჯარისთვის მენანება, რომ მახსენდება... გარეთ ისევ წვიმს. სულ რომ ჩამოიქცეს ცა და ქვეყანა, მაინც გავალ ამ საღამოს ჯაჭვის ხიდზე. ფიქრები წვიმასავით მომდევენ და თავისუფლების საშუალებას არ მაძლევენ... ხან და ხან გაგიჟების მეშინია. სერიოზულად მეშინია გაგიჟების. დედაჩემმა რომ იცოდეს, რა ხდება ჩემში, აუცილებლად ფსიქოლოგთან გამაქანებდა, მარტო ამისთვის თუ ღირს, დედას იშვიათად რომ ვნახულობ (ჩემი სამსახურის გამო). რაც სამყაროს მაჯისცემას მივუგდე ყური, მარადიულობის თემას ვერ დავაღწიე მის შემდეგ თავი. იმედი მაქვს, მარადიულად არ ვიცოცხლებ ცოდვით დამძიმებულ დედამიწაზე. მარადიული, ღმერთის გარდა, არაფერი არსებობს, ყველაფერი წარმავალია მაინც. მხოლოდ თემატურად თუ არის, ესა თუ ის მოვლენა მარადიული, მაგალითად: სიცოცხლე, სიყვარული და ასე შემდეგ, თორემ, ისე ყველაფერი მიდის ბოლოს და ქრება. ისევ ბესო გამახსენდა. ნეტავი, ის რას ფიქრობს მარადიულობაზე? ტელეფონი მოვიმარჯვე და მივწერე: ,,რა შეიძლება იყოს მარადიული, შენი აზრით?“-პასუხს აგვიანებს. ალბათ არ სცალია. ტრანსპორტში ძილი მომერია. * * * ყველაფერი იწყება ურთიერთობიდან. ადამიანური ურთიერთობიდან. ერთმანეთის გატანის უნარია ურთიერთობა. ამით შენდება ის ჩვენი სამყარო, რაშიც ვცხოვრობთ... თაობიდან თაობას რომ გადაეცემა ურთიერთობის კულტურა და ერთმანეთის სიყვარული, იმიტომაც მოვატანეთ აქამდე. ეს არის ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების ჯაჭვის ხიდი და თუ ჯაჭვი ჩაიშლება, ხიდიც ჩაინგრევა და უფსკრულში ჩაგვიყოლებს სამუდამოდ. * * * ჯაჭვის ხიდზე გავედი. აღარ წვიმდა, თუმცა წყლის გუბეები იდგა გზებზე და ირგვლივ ყველაფერი სველი იყო. მე და ბესო, ერთმანეთისაგან ასე, ნახევარი მეტრის დაშორებით ვიდექით და რიონს დავცქეროდით. მდინარეს მზერას არ ვაცილებ, ისე ვეკითხები: -ახალი რა ხდება? -ავღანეთში წასვლა გადავწყვიტე და ორი დღეა ჩხუბი მაქვს სახლში. -არ გამეხრდა, სიმართლე გითხრა... რატო გადაწყვიტე? -რისკია ცხოვრება, ხოდა, ვრისკავ... -გულზე უსიამოვნოდ გამკენწლა. -არანაირი უფლება არ მაქვს, შენს პირად ცხოვრებაში ჩავერიო. ალბათ ამაზე იფიქრე კიდეც და გააზრებულიც გაქვს გადაწყვეტილება. -კარგად გავიაზრე და ავწონ-დავწონე, ასე აჯობებს ნაღდად! -როდის მიდიხარ? -ჯერ ადრეა. მარტში სწავლება იქნება და სექტემბერში წავალ... შენზეც მომიყევი რამე, რა სიახლეებია? -ჰმ, სიახლეები... იცი, ერთი ტიპი გადამეკიდა, ძლივს მოვიცილე... ,,მომწონხარო და შენთან ოჯახში მინდა მოსვლაო, შენ რას იტყვიო?“ ჯერ ზრდილობიანად ვცდილობდი, მიმეხვედრებინა, რომ არ მომწონდა. რომ ვერ გავაგებინე, პირდაპირ ვუთხარი: „არ მომწონხარ-მეთქი!“ -რა ხართ ეს გოგოები... -აუ, რო იცოდე, რა იდიოტი იყო, მე უფრო შეგეცოდებოდი. დაიჟინა: „მომიწონეო.“ იდიოტი იყო თორე,.. შენ ასე შეეხვეწები გოგოს? ცალყბად იღიმება და კვლავ რიონს ჩაშტერებული მპასუხობს, ცოტა შეყოვნების შემდეგ. -მე ხო არ ვიცი, სიყვარული რა არის... მომიწონე-თქო არ ვეტყოდი, მარა თუ მომეწონებოდა, რაღაცნაირად დავაინტერესებდი ჩემით... ბოლომდე არასოდეს არაფერს მოვუყვებოდი და ვეტყოდი ,,ათასერთი ღამის“ მსგავსად... მეღიმება პასუხზე. -სადღაც, ჩემი სამყაროს მიღმა ვამაყობ, რომ შენისთანა მეგობარი მყავს. -გამაწითლე. -თვითონაც ეღიმება და ხიდის მოაჯირს ეყრდნობა. -ლამაზია ქალაქი ღამით. -შენ დილით უნდა ნახო, რომ მიაბიჯებ უთენია ცარიელ ქუჩებში და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს შენია ეს სამიათასწლოვანი ქალაქი. * * * კაი დროს გამეღვიძა, ქალაქში შევდიოდით უკვე... კიდევ ერთხელ დავხედე ტელეფონს. ბესო პასუხის გამოგზავნას არ ჩქარობდა. ალბათ, არ სცალია. ფანჯარა ოდნავ გამოვაღე და გავხედე. სახეში ცივი და სუფთა ჰაერი შემომეფეთა. გაშიშვლებულ ხეებს სალოცავად მდგარი ადამიანებივით გაეწვდინათ წვიმისაგან სველი ტოტები ზეცისაკენ. ხალხი კანტი-კუნტად მიმოდიოდა დატბორილ ქუჩებში... . . . . ბესომ არ მიპასუხა. საღამოს, გვიან, ჯაჭვის ხიდზე გავალ და ვეცდები, მარტომ დავინახო განათებული ტაძარი და მისებურად მივუგდო ყური მონატრებული რიონის დგაფუნს... ჯერ მოსაღამოვდეს კარგად, კარგად მოსაღამოვდეს. ...ღამის ორის ნახევარზე მივიღე პასუხი: „ღმერთი! მეტი არც არავინ და არც არაფერი!!!“ ( 2009 წ.) #მაკააბულაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი