უღმერთო მამაჩემი
ღმერთის არ მწამსო! ამბობდა ხოლმე მამაჩემი. ღმერთი არ არსებობსო. მე მწყინდა ასე რომ იყო განწყობილი უზენაესის მიმართ, თუმცა არ მიკვირდა იქიდან გამომდინარე, რომ გაგანია კომუნისტური წყობის დროს დაიბადა და ამ სულისკვეთებით იზრდებოდნენ მაშინ ადამიანთა უმრავლესობა, რომ ღმერთი არ არსებობდა. ერთხელ ნასვამმა კიდევ რომ გაიმეორა:- ღმერთის არ მჯერაო, გავბედე და ვკითხე. - რატო გგონია რო მართალი ხარ? -იმიტო შვილო რო,ღმერთი და მისი სამართალი რო სადმე ყოფილიყო, დედას არ წამართმევდა და უდედოდ არ გევიზრდებოდი. მომიჭრა უცებ და თვალები და ხმის ტემბრი ერთდროულად აერია. მე ანაზდად შევცბი და თუმცა ჩაფიქრებული მქონდა, უამრავი სხვადასხვა ფაქტით დამემტკიცებინა მისთვის ღმერთის არსებობა და სამართლიანობა, წამში გადავიფიქრე. რადგანაც მივხვდი,ახლა რამის მტკიცებას აზრი არ ექნებოდა. უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი,რომ მისმა ნათქვამმა გული ამიჩუყა და თუ საუბარს გავაგრძელებდი, ვიცოდი თავს ვერ შევიკავებდი და ხბოსავით ავღრიალდებოდი. ისე რაც მართალია მართალია, საოცრად ჯიუტი კაცი იყო მამაჩემი და რასაც იტყოდა არ გადათქვამდა. თქმით კი ყოველთვის იმას ამბობდა,რაც მტკიცედ სწამდა და ძნელი კი არა,თითქმის შეუძლენელიც კი იყო მისი გადარწმუნება. მას ასე სჯეროდა,რომ ღმერთი არ არსებობდა და თუ სადმე არსებობდა მას მიუძღოდა ბრალი იმაში, ორი წლის ასაკში უდედოდ რომ დატოვა. პატარა ბიჭი ხშირად დეიდას მიჰყავდა ხოლმე,რადგან მარტოხელა მამისთვის არ იყო ადვილი ბავშვის მოვლა შეეთავსებინა სამუშაოსთან ერთად. ერთხელ მისი უკვე მოხუცი დეიდა დედაჩემს რომ უყვებოდა მამაჩემის ობლობის ამბებს,იქედან დამამახსოვრდა ერთი ამბავი. თურმე ახლად დაობლებულმა პატარამ დაინახა თიკანი როგორ ჭამდა ძუძუს, მერე დეიდასთან მისულა და უთქვამს: -იმ პატარა ბეკეკოს რო ყავს დედა,მეც მინდა დედა მყავდესო. მალე მამამ დედინაცვალი მოუყვანა და დაძმებიც გაუჩინეს, მაგრამ ტრავმა,რომელიც მის სულს მიაყენა დედის გარდაცვალებამ, მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩა იარად. ამას ისიც ზედ ერთვოდა,რომ არ ვიცი რანაირად და რა დაუდევრობით-დედის საფლავი დაკარგული იყო,არ ასებობდა, როგორც ღმერთი. ვიცოდით მხოლოდ ის ფაქტი,რომ ძველ სასაფლაოზე იყო დაკრძალული,ამას მამაჩემის დეიდაც ამტკიცებდა,თუმცა საფლავის ზუსტი ადგილი აღარავის ახსოვდა. გადიოდა წლები და იზრდებოდა ბიჭი,უდედოდ და უღმერთოდ... გულჩახვეული და მტკიცე ხასიათის გახდა. ლაპარაკიც დიდად არ უყვარდა და არავინ იცის რა ჯოჯოხეთს იტევდა, ან რაზე ფიქრობდა. დედინაცვალისთვის დედა არასოდეს დაუძახნია, რამე თუ დასჭირდებოდა წინ დაუდგებოდა რომ ყურადღება მიექცია და ისე ეტყოდა სათქმელს. წლების მერე, როცა მამაჩემი უკვე მამა იყო და მამამისი-ბაბუა, ჩვენს სახლში ერთი ქალის გადიდებული სურათი ეკიდა,ბაბუაჩემის სახლში კი-ორი ქალის. თუმცა აღდგომას მხოლოდ ერთის საფლავზე გავდიოდით,რომელიც ახალ სასაფლაოზე იყო შემოღობილი. უღმერთო მამაჩემი საკუთარი დედის შესანდობარს რომ ამბობდა ჭიქა ღვინოში, იმ ღვინით დედინაცვლის საფლავს ალბობდა და კაცმა დაბადებულმა არ იცის რამხელა ტკივილს ყლაპავდა იმ დროს. ერთხელაც მეზობლის ღრმად მოხუცებული ბებია გარდაიცვალა და რაღაცატომ გახდა აუცილებელი, მისი ძველ სასაფლაოზე დამარხვა. მესაფლავედ რამოდენიმე კაცი შეარჩიეს სოფელში და საფლავის გასაჭრელად გაგზავნეს. საღამოს მესაფლავეებმა ამბავი მოიტანეს: საფლავის გაჭრისას მიცვალებულის დაშლილი ძვლები ამოიყარაო... იმ საღამოს მამაჩემი მაგრად გამოთვრა და კიდე ერთხელ დაადასტურა: -ღმერთი რო სამართლიანი იყოს, მე უდედოდ არ გევიზრდებოდი. ...ჯიუტი და თავისნათქვამა კაცი იყო მამაჩემი. შედავებას და რამის მტკიცებას აზრი არ ჰქონდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი