ადრე ერთი უბნელი ბიჭი მომწონდა
ადრე ერთი უბნელი ბიჭი მომწონდა, იმიტომ რომ ლურჯი თმა ჰქონდა. ხვეული, ჩემსავით, მგონი საღებავებს ყიდიდა, მესერებს ლურჯად ღებავდა. მაშინ ვფიქრობდი რომ სიყვარულიც ლურჯი იყო , საღებავების სურნელით და გულში მკვდარ ბეღურებს გააცოცხლებდა. ის კი იდგა, მკრთალი ხელებით მესერებს აფერადებდა. მინდოდა მისთვის რამე ძვირფასი მეჩუქებინა და საკუთარ ლავიწებზე ბეღურებისთვის ბუდეები ავაშენე. ლურჯთმიანი უგულოდ მოვიდა და ბუდეების ლეწვა დაიწყო. ლურჯი, გრძელი თითებით კაწრავდა ლავიწებს. არ მათქმევინა , რომ მის მხარზე გაშენებულ წალკოტებში მეგონა მარადისობა. წლების შემდეგ გრძელი სევდიანი წერილი მომწერა, მითხრა, როცა დადგება ჟამი მე მოვალ შენთან და მკვდარი ბეღურების სარეცელს მოგიტან, რათა დაგაჯერო ისინი არ ცოცხლდებიანო. ეს იყო პირველყოფილი სიმართლე, ჩემთვის გამხელილი , მეტკინა და მომინდა ყველასთვის მეთქვა, რომ არავის ანდოთ თქვენი დაღუპული ბეღურები, თუნდაც ძალიან, ძალიან შეგაწუხოთ წვიმისგან ჩამორეცხილმა მესერებმა, რადგან ლურჯი სულაც არაა სიყვარულისფერი და არც საღებავების სუნი არ აქვს სიყვრულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი