მე, შენ და ბაბუა


ბორდოსფრად შეღებილ სახლში ვცხოვრობთ,
მე, შენ და ბაბუა.
ლურჯი სარკმლები აქვს 
და მიწის იატაკი ჩვენს ბუდეს.
ეზოში ყვავილობს გარდენია
და ხიდან ცვივა პაპაიას გადამწიფებული ნაყოფები.
ბაბუას უყვარს პოლიტიკოსების გინება.
როცა ჰამაკში წევს
მოჰიტოს ჩაის ვუმზადებ
და ველოდები, როდის გაჯერდება 
ოთხი კოვზი შაქარი მოხუცის ოაზისა თვალებში.
დამტკბარი ბაბუა თუთუნს ახვევს,
ბაიამოს ფართო ქუჩებში გადის სასეირნოდ. 
ჩვენ სახელდახელოდ ცეცხლს ვანთებთ 
სეიბას ხისგან დამზადებულ საწოლზე
და ცვილივით დამდნარი სხეულები გვრჩება ყველგან,
ერთმანეთშიც.
ჩემს კაბებს შენი სურნელი აქვს,
თუ არ ხარ, პერანგებში ვძვრები მარტოხელა ობობასავით.
არ ვეჭვიანობ, 
როცა რუედას მოცეკვავე გოგოებს ეფლირტავები და იცინი,
მეც მეღიმება...
ამბობ რომ არ მომიხდება
მანგოსავით წაგრძელებული, მწიფე მუცელი.
არ ვბრაზობ...
მანდარინა ჩიტივით, ჩემს ფეხებთან მობუზული,
ჭილოფის ფარდაზე ჩამოკონწიალებულ ნემსიყლაპიას უყურებ.
ვუცდით...
ბავშვებს არა,
ბაბუას.
ზანზლაკებიანმა კარმა გვამცნო,
მოვიდა.
ალბათ მოგვიტანა კუპუასუ და ტკბილეული.
შენ ზურგზე წვები, 
იძინებ.
მე ისევ შაქარს ვუმატებ ბაბუას თვალებში.
ეზოში გავდივარ და პაპაიას ძირს დაყრილ, 
დამპალ ნაყოფებზე ვარწყევ სიმარტოვეს.
არ მომიხდება მანგოსავით წაგრძელებული და მწიფე მუცელი.
არავის ვუცდით.
ბორდოსფრად შეღებილ სახლში ვცხოვრობთ,
მე, შენ და ბაბუა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი