თავხედურად მთვარის ქვეშ ..


თავხედურად მთვარის ქვეშ, 
სველ სილაზე წვები. 
უსასრულოა შენს მკერდსა და ლაჯებზე დაღვრილ,
ქვიშის მარცვალთა და მარგალიტთა რიცხვი.
მომეცი ნება ძვირფასო,
დავითვალო ყოველი ცისფერი, ხავერდის მილი 
და შავი, ნოტიო უფსკრული შენს კისერზე. 
წითურ თმაზე გესევიან კიბორჩხალები. 
სულის სუსტი შებერვით მერამდენედ ვცდილობ მათ მოშორებას.
ჩურჩულებ:
„აღარ გაიმეორო,
რამეთუ, კიბორჩხალების ჩვევაა
თულების სულთა მარწუხებით დატყვევება“-
და ზღაპარს მიყვები ზღვათა ბატონზე ,
ყოველდღე ,უთვალავ მინერალს რომ აფასოებინებს მსახურთ.
მაინც ვაგრძელებ მათ განდევნას. 
არ ვწყვეტ შენი ყელიდან ზღვის ქაფის ალოკვას.
პრეისტორიული დეჟავუ მაქვს,
ამიტომაც ლავიწებთან დაგუბებულ ჯადოსნურ წვეთებს გართმევ, 
წყებად ვიჭედებ ნეკნებთან 
და ნეკნებად. 
გპირდები ძვირფასო, 
ერთ დღესაც, ეს წვეთები, ბრჭყვიალა კენჭებად იქცევიან,
რათა უდაბნო გაუნათონ მელანქოლიურ აქლემებს.
განუსაზღვრელი ვარ შენში 
და მეშინია განცალკევების.
სიგიჟის სურნელი ატომებად იბნევა ჰაერში ,
სათითაოდ მინდა ამოვძირკვო შენს სარეცელზე ამოსული სამყურები
და ჩემს, ბროწეულივით გადახლეჩილ გულზე გადავრგო,
იქნებ დაუჩრდილონ სიცხისგან გათანგულ ეჭვებს, 
ნეტავ სხვა არავინ ნახავდეს მარგალიტების გროვას
ამ უსასრულო ნაპირებზე ,
ნეტავ სხვა არავინ შეაცოტავებდეს ალუბლის მორევებს 
ჩემი კალაპოტებიდან,
და ძვირფასო 
ოკეანეების ღმერთებს ვფიცვარ ,
მზად ვარ 
სამარადისოდ შევუბერო სული,
შენს თმაში მონოტონოურად მოძრავ კიბორჩხალებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი