ნაცოლარი


დერვიშების მაგიურ წრეში ცეკვავს ჩემი თავხედი ქალი,
შეჩვენებული ბარბითების ხმაურს აყოლებს თეძოებს,
გველებშემკული,
შხამიანი მზერით ,
საზღვრებს უყურებს,
როკავს და
ვერშემოსულებზე უტიფრად ხარხარებს, 
ცეკვავს ჩემი თავხედი ქალი, 
ქრიზოპრატისფერ თვალებში ლივლივებენ გადატანილი ბრძოლები 
და მესმის შორეთიდან ფლოქვებს მოალეწავენ არაბული ულაყები,
ქვიშის ქარებს აყოლილ იანიჩართა. 
შვიდჯერ შევაჩვენებდი, 
შვიდჯერ დავშორდებოდი, 
შვიდჯერ შევიძულებდი, 
შვიდჯერ მივატოვებდი,
შვიდჯერ გავიქცეოდი,
ამ წყეულის სახლიდან, 
ამ წყეულის სარეცელიდან,
ამ წყეულის მკლავებიდან,
მე კი ვედრებად დაქცეული,
ნაკუწებისგან შებლანდული თოჯინასავით,
მიწაზე მიგდებული
ვეხვეწები, 
მზეო აღმოსავლეთისაო,
დამიბრუნე ჩემი იატაკდასერილი სახლი,
სადაც ჩემს გაზაფხულებს ეძინათ,
და რომლებიც ალუბლისფერტუჩება ბავშვებად იქცნენ,
მათი თმის ჩანჩქერებში იხრჩობიან ჩემი ნატვრები, 
თვალის უეპეებში ჩარჩენილ გახურებულ ქვიშაზე იწვიან, 
საბრალონი!
შენ კი დამცინი, 
ხარხარებ წრიულად მოძრავ დერვიშებზეც,
გდამწიფებული ატმებივით მცვივა სიტყვები,
შენკი იცინი,
წელზე გაჩენილ, ულაყთა ნაფლოქვარებში იგროვებ წვიმის წვეთებს
და წყალსატევებს ქმნი სიცოცხლედატევებულთათვის,
დამიბრუნე ჩემი კედლებშეჭმული სახლი, 
რომ ფეხმორთხმით მჯდარმა,
მოვუყვე, დაზეპირებული რობაიები, 
ბაბუაწვერებზე გაბმულ ჰამაკებში
მწოლიარე, სოსანისფერლოყება ვარსკვლავებს,
და დავუამო მზისგან დამწვარი გულები,

მზეო აღმოსავლეთისაო,
დამიბრუნე ოთახებმიტოვებული სახლი და გაუთენე 
წყვდიადში შემკრთალ ადენიუმებს
შენგან დაბნელებული ათას ერთი ღამე,
მზე ჩემი კი როკავს მაგიურ წრეში,
ღიმილით,
ვნებით, 
სურვილით,
ცეცხლს იხვევს წელზე,
და ქვიშაზე ზურგით მწოლიარე,
შვიდჯერ შესაჩვენებელი,
შვიდჯერ მისატოვებელი,
შვიდჯერ თავხედი,
შვიდჯერ შესაძულებელი,
შვიდჯერ სარეცელდასალეწი,
ულაყთა ნაფლოქვარებიდან სთავაზობს წყალს
შორეთიდან 
მოსულ,
ბრძოლისგან აყიჟინებულ,
ჟანგისფერ,
უმიწაწყლო,
უნიადაგო, 
უგზო,
ჩამვლელ
იანიჩარებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი