სხვა ქალებივით


სხვა ქალებივით ამოივლის ხოლმე ქუჩას მეზობლის ცოლი
საკუთარი ქმრისთვის,
სხვა ქალებივით მოათრევს მძიმე ბარგს
და ჩვეულებრივი ღიმილით მოდის ლამპიონების ქვეშ,
სხვა ქალებს გავს მისი, მზისგანდამწვარი, 
სპილენძისფერი სხეული
და სხვა ქალებივით გასჩენია მუცელზე,
უცნაური,
უსასრულო ხაზები,
სხვა ქალებივით წვება
ღრუბლებით დატენილ ქვეშაგებზე მეზობლის ცოლი,
შიშვლდება ქმრისთვის,
ელოდება ქმარს
და ბეგონიების გროვის ნაცვლად 
უსახური კაცის მკლავს იდებს სასთაულად,
არაფერია საკვირველი მის ცრემლებში 
როცა სულელურ მელოდრამებზე ტირის,
როცა ბევრ შოკოლადს ჭამს,
და როცა ცეკვავს ღვინით ნახევრად სავსე ჭიქის გარშემო,
სხვა ქალებიც ხომ ცეკვავენ,
ტირიან,
შიშვლდებიან,
და დანგრეული ჯამეებივით დგანან უსტას მოლოდინში,
სხვა ქალებიც გადიან აივანზე საათობით სიმარტოვისათვის,
თმაზე შესეული ფიქრების ჩამოსაფერთხად.
არაფერია უცნაური ჩემი მეზობლისთვის,
არაფერს ეუბნება გრძნობებშებლანდული,
უცნაურ, 
მზისფერ ცოლს,
და არ უკვირს
ეგზოტიკური მხეცივით მოელვარე თვალებისგან
ლამპიონებგადამწარი ქუჩის ნათება. 
ეჰ,
ამოივლის ხოლმე ათასგზის სასურველი უჟამო უბანს,
გახედნილი მუსტანგივით ფეხების ბაკუნით,
ჩემი ყვავილი,
ჩემი დაშრეტილი ოაზისი,
ჩემი ამოუთქმელი წინადადება
და თან მოაქვს ასობით რაბინის ლოცვასვით ხმაურიანი სიმძიმე,
ღიმილიდან დაბნეული მარგალიტები უგვზო-უკვლოდ ეკარგება
ჩამვლელების ფეხქვეშ,
ისინი კი აუღელვებლად აბიჯებენ 
თიხისფერ სხეულზე გაჩენილ,
უსასრულო ნაპრალებს 
და პაწაწინა ჯავარებს.
სიყვარულად გადაგლეჯილი ძარღვებში შევინახავდი 
დაბნეულ უთვალავ ბურთულებს, 
მის სურნელს ჩემს პერანგებში გამოვამწყვდევდი.

ამოივლის ხოლმე მეზობლის ცოლი ჩვენს უბანს
და ეგვიპტიდან გამოსული ებრაელების
მარადიულ სვლას დამსგავსებია
ქმრისკენ მიმავალი გზა,
მეზობლისთვის კი არაფერია უცნაური,
სხვა ქალებს ჰგავს მისი ცოლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი