ბაბუა


კარები ნელ-ნელა შევაღე და ოთახში დაუძახებლად შევყავი თავი.
    -შემოდი, თაკო! თითქმის ჩურჩულით მითხრა ბიცოლაჩემმა.
    ოთახში ფრთხილად შევედი და თვალი მარცხნივ, საწოლისაკენ გავაპარე.
    ის იწვა. თავი წაკრული ჰქონდა, საბანი-ნიკაპამდე აწეული. იყო ყვითელი, სუნთქავდა მძიმედ. იწვა და ეძინა.
    -რა იყო, თაკო? ჩურჩულებს ბიცოლაჩემი.
    ,,ნეტა რა უნდა ყოფილიყო, რაზე მეკითხება ეს ქალი?!“ ვფიქრობ გულში.
    -არაფერი. ვუპასუხე ჩურჩულითვე.
    -ახლა წადო თვალი.წუხელ მთელი ღამრ არ ძინენია! მეუბნება ნანა ბიცოლა.
    მე ერთი ნაბიჯი გადავდგი საწოლისაკენ. როგორ მინდა ახლა დავიხარო და ყურში ცავჩურჩულო:: „ბაბუა, ბაბუ! ხო ხარ ახლა კარგად? მითხარი, რომ კარგად ხარ!“ მაგრამ მას სძინავს.
    ღუმელთან ხელები შევითბე და გარეთ გამოვედი
    -მიდიხარ თაკო? კარებში გამომყვა ბიცოლა.
    -საღამოს გამოვალ და ვნახავ!-ვპასუხობ მე და ვგრძნობ, როგორ ჭრიალებს თოვლი ჩემს ფეხქვეშ და როგორ მიცივდება ისევ გამთბარი ხელები.
    ჭრაჭ-ჭრუჭ, ჱრაჭ-ჭრუჭ!!! ჭრიალებს თოვლი იდუმალ ხმად ჩამესმის ყურში მისი ხმა ამ დილით.
    ხეებს თოვლი აწევთ და ტოტები გზაზე აქვთ დატანილი. მივაბიჯებ. ხან ერთ ტოტშ ჩამოვკრავ ხელს, ხან მეორეს და ასე ვათავისუფლებ თოვლის სიმძიმისაგან. სოფელი თითქოს აღარსად არის. არის მხოლოდ თოვლი, თეთრი, თეთრი თოვლი და ტოტებდახრილი თეთრი ხეები.
    ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უკაცრიელ ადგილას ვარ და მივაბიჯებ სადღაც უსასრულობაში. თითქოს ეს გზა არასოდეს დამთავრდება და მე უნდა ვიარო, ვიარო, მხოლოდ ვიარო და მეტი არაფერი.
    ხელი დაფნის ტოტს ჩამოვკარი. გათავისუფლებული ტოტი მაღლა ავარდა და გასწორდა. ახლა ის ერთადერთი იყო, რომელიც იმ სითეთრის ერთფეროვნებაში მწვანედ მოჩანდა… და მე შემეშინდა. შემეშონდა ჩემი მარტოობის, შემეშინდა თოვლის, შემეშინდა იმ იდუმალების, რომელიც ჩემს ირგვლივ სუფევდა და ისე მომინდა ადამიანებთან საუბარი, როგორც არასოდეს.
    როგორც იქნა ჩემი ეზოც გამოჩნდა. სახლის კარები შევაღე და ოთახიდან გამოვარდნილმა სითბომ ტანში სასიამოვნოდ დამიარა.
    მივედი და უხმოდ დავჯექი სკამზე. არავისთვის არაფერი მითქვამს, მიუხედავად იმისა რომ დედაც სახლში იყო და მამაც. ვიჯექი და ფანჯრიდან მოფარფატე ფიფქებს თვალებმოჭუტული ვუცქეროდი.
 გარეთ თოვდა. თოვდა უსაშველოდ.
    -საღამოს გავალ… ჩავილაპარაკე ჩემთვის.
    -რა თქვი?-შემეკითხა დედა.
    -არაფერი, საღამოს გავალ… ეძინა ახლა…
    კარებთან ფეხის ხმა გაისმა. ვიღაც თოვლიან ფეხებს იფერთხავს გულმოდგინედ.
    -თაკო! -ისმის ჩემი ბიძაშვილის, ნოდარის ხმა.
    -შემოდი, ბიჭო!-გავეპასიხე მე.
    ნოდარი შემოვიდა.
    -გამარჯობათ!
    -გაგიმარჯოს!-ერთად მივესალმეთ სამივე.
    ნოდარი ღუმელთან დაჯდა და დაწითლებული ხელები ღუმელს მიაფიცხა. ცოტა ხნის მერე მე შემომიბრუნდა:
    -ვითამაშოთ რამე!
    - მაინც?
    -რამე… კარტი, ნარდი, შაში…
    ლახტი არ გინდა?..
    -რა უჟმურ ხასიათზე ხარ გოგო შენ დღეს?!.
    -ბაბუასთან იყავი?
    -ხო, ეძინა.
    მერე მე სურათების ალბომი გამოვიტანე და დიდხანს, დიდხანს ვათვალიერეთ იგი მე და ნოდარმა. ვუცწერდი წარსული დროის შეჩერებულ წამებს და გული რაღაც, იდუმალი სევდით მევსებოდა და მიმძიმდებოდა… აი, ხუთი წლის წინ გადაღებილი, ბაბუას სურათი. ეჰ, რა კარგი იქნებოდა, ახლაც რომ ასეთი ჯანმრთელი იყოს ბაბუა.
    გარეთ კი ისევ თოვს.
    თოვს რაღაც მოსაწყენად.
   ე კი ველოდები, როდის მოვა საღამო…
       
                x    x    x
    -რავა ხარ ბაბუა?
    -თაკო ხარ? თავი წამოსწია ბაბუამ.
    -ხო, აგერ ნოდარიც არის, ა!
    -ხოო… თაკო, ბაბუა, აქანა წყალი დგას გონია. მიმითითა თავთან დადგმულ სკამზე.
    -არის ხო, გწყურია?
    -ქე მწყურია აპა.
    მე და ნოდარმა ნელა წამოვაწევინეთ თავი ბაბუას და წყალი დავალევინეთ.
    -იცოცხლეთ ბაბუა. დაგვლოცა, როცა სული მოითქვა.
    -ბაბუა, გტკივა რამე? ვკითხე მე.
    -არაფერი, შვილო, არაფერი. ოღონდ გული მტკივა ასე რომ ვარ და გარეთ ვერ გავდივარ… ვერაფერს ვაკეთებ… ეჰ… ბაბუამ ხელი ჩაიქნია.
    -ნუ გეშინია ბაბუა. გაზაფხულდება და ისევ ადგები ფეხზე. ახლა მაინც არაფერია გარეთ საკეთებელი. გარეთ თოვს, ბაბუა, ნახე!-დაამშვიდა ნოდარმა და ფარდა გადასწია. ბაბუა მოფარფატე ფიფქებს მიაცქერდა, მერე ამოიოხრა:
    -ეჰ, არის ბაბუა, რავა არ არის. გარეთ საკეთებელი საქმე ზამთარ-ზაფხულ სულ არის… ახლა სახლი იქნება გადმოსათოვლი…
     -სახლის გადმოთოვლას ქე დაამთავრებენ აწი, სამი საათია ზედ არიან!-გაეპასუხა ნოდარი. ამ დროს კიდეც შემოაღეს კარები, სიცივით გათოშილმა , სახურავიდან ახლადჩამოსულმა უმცროსმა ბიძამ, მერე მამაჩემი შემოჰყვა და ბოლოს შუათანა ბიძა (ნოდარის მამა).
    -ბიცოლამ სკამები მიაწოდა და სამივენი ცეცხლს მიუსხდნენ.
    -რა სიცივე შემეიტანეთ სახლში!-უსაყვედურა ნოდარმა. სამივემ ნოდარს შეხედეს, მაგრამ არცერთი არ იყო ლაპარაკის გუნებაზე და ისევ მიაბრუნეს თავები.
    ნანა ბიცოლამ;- მოშიებულები იქნებიანო და მაგიდა გააწყო.
    სამივე ძმები უხმოდ მიუსხდმენ ვახშამ და კიდეც გაისმა კიბეზე, თოვლიანი ფეხების ბაკუნი.
    -ზაალიჩ! დაიძახა ხმამ გარედან.
    -მოდი კონსტანტინიჩ, მოდი! მიაძახა უმცროსმა ბიძიამ.
    ოთახში ბაბუას ძმიშვილი, გიორგი ბიძია შემოვიდა, რომელიც ბაბუას სახლის უკან ცხოვრობდა.
    -საღამომშვიდობისა თქვენი.
    -გაგიმარჯოს!
    -იცოცხლე!
    -გეიზარდე დიდი ბიჭი!-სათითაოდ მიესალმენ ძმები.
    -მადლობთ.-ლამაზად გაიღიმა გიორგი ბიძიამ.
    -რავა ხარ, ბიძაცემო?- თავზე დაადგა ბაბუას, რომელიც მე და ნოდარს, ოთხმოცდაცხრამეტჯერ მოყოლილ ამბავს, მეასედ გვიყვებოდა სვენებ-სვენებით. ჩვენც კიდევ, პირდაფჩენილები ვუსმენდით, თითქოს პირველად გვესმოდა ეს ამბავი.
    ბაბუამ, გიორგი ბიძიას კითხვაზე თავი წამოსწია და ძმიშვილს მიაჩერდა.
    -რავა ვიქნები, შვილო, მიქელ-გაბრიელთან რო საქმეს დეიჭერ?.
    -მერე, რაღა მიქელ-გაბრიელთან დეიჭირე შე კაცო, ცოტა აქეთ ვერ დეეწიე?
    -ეეჰ, მუხლებში რო მოგისტება, ბიძია, მერე სხვანაირად იმღერებ…
    მერე გიორგი ბიძიას სკამი მიაწოდეს და დატრიალდა სადღეგრძელოების კორიანტელი.
    გიორგი ბიძია მხიარული კაცი იყო. ახლაც ისეთი სიხალისე შემოჰყვა შემოსვლისას, თითქოს დარდი მოგვხსნა გულებიდან და იმდენი ილაპარაკა და იოხუნჯა, ყველანი გულიანად გვახარხარა, თვითონ ხომ, სიცილისაგან, ორივე თვალებიდან ღვარღვარებას ყრიდა.
    მერე გაჭირვებაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და უცებ, მოულოდნელად, უმცროსმა ბიძამ გააჩუმა ყველანი.
    -მამისმინეთ ახლა მე, რა გითხრათ!..
    -ა, ბატონო, გისმენთ. შენს განკარგულებაში ვართ ყველანი. გაეჭიმა გიორგი ბიძია.
    -მაცალე, გიორგი! ახლა მე მოვყვები ერთ ამბავს, ნამდვილ ამბავს. ნატურია ყველაფერი იცოდეთ.
    -აბა შენ იცი. გაამხნევა გიორგიმ.
    -ერთი მდიდარი კაცი ყოფილა. მთელ მსოფლიოში თუ არსებობდა სიმდიდრით პირველი კაცი, მეორე ის იყო. ყოლია ერთი ბიჭი. ლოთი, ფუქსავატი, არაფრის მაქნისი. დილას გევიდოდა, თურმე, ჯიბეგავსილი, მთელი დღე ქეიფობდა ძმაკაცებთან ერთად რესტორნებში, თვრებოდა, ხარჯავდა ამ მამამისის ქონებას და იყო განცხრომაში. რა ენაღვლებოდა, ძმაო, ის რო ხარჯავდა, სამი იმდენი მამამისს შემოქონდა დღეში. 
    მაგრამ… მაგრამ… აქ რა ხდება ახლა უყურე! მოუკვდა ამ ბიჭს მამა… მოუკვდა მამა და დარჩა  ამ ლოთის ხელში ეს უზარმაზარი, ოქრო-ვერცხლით მოჭედილი სახლი. მარა თავის ჩვევა მაინც არ მოუშლია იმ ბიჭს. მაინც ყოველდღე, ძმაკაცებთან დროსტარებაში ფლანგავდა ფულებს და შემეეფცქვნა ხელში ეს მამის დანატოვარი ქონება. ბოლო-ბოლო იმ დონეზე მივიდა საქმე, სახლიც გაყიდა და ერთ დილით, ყავრით დახურულ სახლში გამეეღვიძა. რა ქნას?! ცოტა ხანს ძმაკაცების კისერზე იყო, მერე ძმაკაცებმა რო შეხედეს, რანაირი გაღლეტილიც იყო დარჩენილი, აღარავინ აღარ ინდომა და ყველამ ერთდროულად შეაქცია ზურგი,ძმაო!
    ერთხელაც, რო გამეეღვიძა ამ ქოხში და მიხვდა, აღარავისთან მიესვლებოდა, დირეზე მოკაუჭებული სინა დეინახა… მისმენთა ახლა რა ხდება?! მეიტანა თოკი. ვსიო, უკვე თავის ჩამოხჩობა გადაწყვიტა. რა ქნას აპა, სხვა გზა აღარ არის. ჩამოაბა თოკი, მიიდგა სკამი, გაყო თავი თოკში და დაკრა წიხლი სკამს.. და ბიჭო, გიორგი, მისმენ? ნახე რა ხდება! დაკრა წიხლი სკამს , მარა უცებ, ჭერმა ვერ უძლო კაცის სიმძიმეს. ჩამეინგრა ჭერი, ჩამოვარდა ეს ბიჭი ძირს და ერთი გობი ოქრო დეეყარა თავზე…
    -ვაა!
    -დიდება შენდა, ღმერთო!
    -უყურე შენ.-გაოცდნენ კაცები.
    -თურმე… თურმე…-განაგრძო უმცროსმა ბიძამ;- მამამისს უფიქრია, რო ოდესმე იმ ზომაზე მივიდოდა მისი შვილის საქმე, რო თავის ჩამოხჩობას განიზრახავდა… გეიგე?!. მერე იცოცხლე, კი ისწავლა ჭკუა, იმ ოქროთი მამისეული სახლიც დეიბრუნა და ადგილ-მამულებიც… აბა! დაასრულა თხრობა ბიძიამ.
    -ჰმჰ, იღბალი არ გინდა, კაცო?.. თქვა შუათანა ბიძიამ და მამაჩემა შეხედა.
    -მოდი ახლა, ჩვენც ვსინჯოთ რამე, იქნება ჩვენა წინაპრებსაც აქვთ შენახული ჭერში ოქრო.-გაიღიმა მამაჩემმა.
    -ოხო-ხო-ხო! აროხროხდა გიორგი ბიძია. თქვენ ახლა რა ქენით იცით? ჯერ ადით ჭერში, კარგად დაათვალიერეთ, თუ მართლა არის იქ რამე შენახული. თუ არის ხო კაი, თუ არა და მერე მართლა გექნებათ თავი სახრჩობელაზე ჩამოსაკიდი.-გააფრთხილა ძმები და ისევ აროხროხდა.
    დაღლილები იყვნენ და ღვინო მალე მოეკიდათ.
    ბაბუამ თითით მანიშნა, ახლოს მოდიო. მივედი.
    -ბალიში ამიწიე ბაბუა ზევით და გამისწორე, ზედ რო მივეყუდო.-მთხოვა მან.
    გავუსწორე. ბაბუა ბალიშზე მოხერხებულად მიეყუდა და უმცროს ბიძიას უთხრა:
    - რო დამჯდარხართ და ყლოჭინობთ, თქვე ოჯახაშენებულებო, რამე სიმღერა მაინც თქვით, კაცო!
    და როცა ბიძიამ სიმღერა წამოიწყო, ყველფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ბაბუა თუ სიმღერაში აყვებოდა-ვერა.
    თვალებდახუჭული მღეროდა ბაბუა თავის შვილებთან ერთად. მესმოდა, როგორ უკანკალებდა ხმა, მაგრამ მაინც მღეროდა და მაშინ ვირწმუნე, რომ ბაბუა ძლიერი იყო. ბაბუა არასოდეს მოკვდებოდა…
    როცა სიმღერა დასასრულს უახლოვდებოდა, კვლავ შევხედე ბაბუას და გავვოცდი… ბაბუა ტიროდა. ბაბუას თვალები დახუჭული ჰქონდა და ტიროდა.
    დამთავრდა სიმღერა. მე ჯიბიდა ცხვირსახოცი ამოვიღე და ბაბუას ცრემლები მოვწმინდე. იგი არ განძრეულა. არც თვალები გაუხელია.
    -ბაბუა!-ბბუამ ხმა არ გამცა.
    -ბაბუა!-ყურში ჩავძახე ბაბუას. ისევ არ განძრეულა და მე მივხვდი, ვიგრძენი, რომ იგი აღარ სუნთქავდა.
    ამ სიმღერის ამბავი კი ბაბუას სიკვდილის შემდეგ , დიდი ხნის შემდეგ გამახსენდა და მაშინ ვიფიქრე: „იმ საღამოს რომ სიმღერა არ დაემთავრებინათ და ემღერათ მთელი ღამე, მთელი დღე, მთელი ცხოვრება რომ ემღერათ, ალბათ ბაბუა არასოდეს არ მოკვდებოდა-თქო.“

   *    *    *
    მთელი ერთი კვირა მოუსვენრად ვბორგავდი საწოლში. დილით როცა ავდგებოდი-ხოლმე, თვალები დაღლილი მქონდა, ბალიში-სველი.
    თითქოს აღარაფერს ჰქონდა აზრი და სილამაზე ამქვეყნად. ყველაზე მეტად კი, დაღვრემილი სახრები მიკლავდნენ გულს.
    ბოლოს, დასაფლავების დღეც მოვიდა.მოდიოდნენ ნაცნობები, უცნობები. მართმევდნენ ხელს და მისამძიმრებდნენ. მერე ორიოდე ცრემლს გამოიწურავდნენ და ეზოს სხვადასხვა კუთხეებში გრუპებად გროვდებოდნენ.
    სულ ბოლოს, როცა გამოსვენების დრო დადგა, საჭირისუფლოში მეზობლის ქალები შემოლაგდნენ.
    -ზაალიი!-იმნაირად დაიძახა  თამაზის ცოლმა-ნორამ, ასე მეგონა, აგერ ახლა, ა, ბაბუაჩემი წამოდგება და ,,რომელი ხარ!-ო“ გასძახებს მეთქი.
    -ვა-ი, შე საწ-ყა-ლო ზა-ა-ლი-ი. დამარცვლა თავისი სათქმელი ანატოლის ცოლმა.
    -ვაი, ჩემ მოსტრებას, რა დაგმართია შე უბედურო ესეეე!-სულმოუთქმელად მიაყარა ქეთო ბებიამ.
    მერე ოთხმა კაცმა ასწია სასახლე და ეზოში ცოტა ხნის დასვენების შემდეგ, სასაფლაოსაკენ მიმავალ შარაგზას გაუყენეს.
    ციოდა და მე ვერ ვგრძნობდი მას.
    იდო თოვლი და ვერ ვხედავდი.
    იყო ხმაური, ტირილი, გლოვა და მე არ მესმოდა.
    მე მხოლოდ ვხედავდი მომავალ ცხოვრებას, სადაც ბაბუა აღარ ჩანდა. ცხოვრებას, რომელშიც ბაბუა არ არსებობდა… და მიშრებოდა ცრემლი, მიშრებოდა პირი, წიოდნენ ყურები, მეკვეთებოდა მუხლები…
    იქვე მდგარ გიორგი ბიძიას ჩავეხუტე უნებურად… და როცა შუბლზე თბილი წვეთი ვიგრძენი, მივხვდი, რომ ეს მთასავით ბუმბერაზი კაცი, ჩემთან ერთად ტიროდა ზაალი ბაბუას.
    თურმე არის პერიოდი ცხოვრებაში, როდესაც ყველაზე მხიარული კაცებიც ტირიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი