დრო
ზაფხულის ღამეა. ეზოში ვაშლის ძირას დადგმულ ძელსკამზე ქალ-ვაჟი ზის. ქალიშვილი ვაშლის ხეს მიყრდნობია ზურგით და სივრცეს გაჰყურებს იქ, სადაც ერთი წუთის წინ სავსე მთვარე ამოგორდა და არემარე გაანათა. ვაჟი დაჟინებით ჩაშტერებია მიწას, მისი სუნთქვაც კი არ ისმის. მეტისმეტი სიცხისგან შეწუხებულს შარვალი მუხლებამდე ამოუკაპიწებია. ხვატისაგან გათანგულ სახეს მთვარის მკრთალი შუქი ელაციცება. -ვაიმე!.. ქალიშვილი ფეხზე წამოხტა. -რა მოხდა?.. გაფაციცებით შეაჩერდა ვაჟი. ქალმა გულზე ხელი დაიდო. -არაფერი... და ისევ დაჯდა. -არაფერი რას ჰქვია, აბა რამ დაგაყვირა?! -არა ისე...შემეშინდა უცებ. -რისი? -არ ვიცი. ვაჟმა ღრმად ამოისუნთქა. -ნინო ღამის გეშინია? -არა.... მერე გაუღიმა:- არაფერია...ისე მხარზე მომედო რაღაც და უცებ შევკრთი... შენ გეშინია ღამის? კითხვა შეუბრუნა ვაჟს. -არა! - საერთოდ რისი გეშინია? -მე? არაფრის. -არ შეიძლება. -რა არ შეიძლება? -რომ არაფრის გეშინოდეს... ცხოვრებაში საერთოდ არ გეშინია არაფრის? -საერთოდ! - უფრო დინჯად დაადასტურა ვაჟმა. ნინო ერთხანს ჩაფიქრდა. -გოგი! საერთოდ რომ არაფრის გეშინია როგორ ცხოვრობ ცხოვრების აზრს რაში პოულობ? რაღაცას ხომ უნდა აკეთებდე ცხოვრებაში, რაღაცას უნდა ებრძოდე. შენ კი რას ებრძვი, რის დაძლევაზე ფიქრობ? ვაჟმა მხრები აიჩეჩა. ნამდვილად არ ელოდა ასეთ შეკითხვას და დაიბნა თითქოს. -მომისმინე ნინო! შენ ღამის არ გეშინია ხომ? -არ მეშინია. -აბა შენ რისი გეშინია ცხოვრებაში? -მე? მე... უპირველესად, ჩემი თავის მეშინია ყველაზე მეტად... მეშინია ჩემი მისწრაფებების, ჩემი ლტოლვების და მუდამ ვებრძვი გრძნობას, მეშინია, რომ არ მომერიოს... - მეტის არაფრის გეშინია? -კი. ცხოვრებაში კიდევ, თვითონ ცხოვრების მეშინია. რაღაცის შიში, ჩემთვის ამოუცნობი რაღაცის შიში მუდამ მაქვს გულში. არ ვიცი, რისი მეშინია. ვიცი, რომ რაღაცის მეშინია, მაგრამ არ ვიცი-რა ჰქვია მას... არ ვიცი, გაგებინებ თუ არა, რისი თქმაც მინდა... მე უბრალოდ, სახელი არ ვიცი მისი რისიც მეშინია, გესმის? არ ვიცი!.. * * * რამხელა დრო გასულა... და თან რა მალე. როგორ მოასწრო ასე უცებ, როგორ მოასწრო. ისევ ის ეზო, ისევ ის ვაშლის ხე და ისევ ის ძელსკამი, ვაშლის ძირას დადგმული. დრო ყველაფერს შეპარვია. ვაშლს ტოტები შეხმობია აქა-იქ, სკამი მორყეულა და... როგორ დაბერებულან, როგორ. თვალებში ახალგაზრდული სხივი ჩამქრალა და დროთა სიმრავლეს დაუსადგურებია. ისინი კვლავ იქ სხედან სადაც წლების წინ ისხდნენ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ძარღვებში ახალგაზრდული სისხლი ჩქეფდა... მიდამო ახლადამოსულმა მთვარემ გაანათა. მოხიცები თავიანთ ფიქრებს ჩაღრმავებიან. -მარტო მთვარეს არ შეტყობია ამ წლების.- ჩაილაპარაკა ბერიკაცმა. -მარტო მთვარე არ შეცვლილა.-დაუდასტურა მეუღლემ. -ჰო, მარტო მთვარე არ შეცვლილა... შენ თუ შეიცვალე? თუ ისევ გეშინია რამის? -არა, აღარ მეშინია, ახლა არაფრის აღარ მეშინია, შენგან ვისწავლე უშიშრობა... შენ?.. შენ თუ ხარ ისევ უშიშარი? ბერიკაცმა თავი ჩაჰკიდა. -არა, მეც გამოვცვლილვარ... შენგან ვისწავლე შიში... მოხუცები დადუმდნენ. -რამხელა დრო გასულა, ნინო. -და რა მალე, გოგი. ბერიკაცმა აკანკალებული ხელით, მეუღლეს თავსაფარი გადაუწია ყვრიმალთან. -ჩამოუთოვია წყნარად ჩაილაპარაკა და სინანულით გადააქნია თავი. ყვრიმალზე ხელი მოაცილა და მუხლზე დაადო. მალე ხელზე ტბილი წვეტი იგრძნო. მეუღლეს ჩუმად გახედა; ნინო თვალების ნაოჭებში ჩამჯდარ ცრემლს იმშრალებდა. გოგიმ ხელი აიღო და საკუთარი თვალები, მეუღლოს ჩუმად, სახელოთი ამოიმშრალა. ახლა ორივეს ეშინოდათ. ეშინოდათ, ერთმანეთია თვალზე ცრემლი არ ენახათ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი