მერე თანდათან ამოდის ნისლიდან
მანქანით მიმავალი ვხედავდი, როგორ თანდათან ამოიზარდა გორას მიფარებული დიდებული ტაძარი, ლურჯი ცის ფონზე. ვუახლოვდებოდი მას და ასე მეგონა, ვიზრდებოდი. თანდათან ამაღლებული განწყობა ისადგურებდა ჩემში... და სწორედ მაშინ, როცა გავაცნობიერე, ეს ტაძარი გელათი იყო, თავგანწირვით აწრიპინდა საათი. თვალებდახუჭულმა ხელის ფათურით მოვძებნე იგი და ზარი გამოვრთე. აღარ მეძინებოდა, თუმცა თვალების გახელაც მეზარებოდა.. გონებაში სიზმარს განვიხილავდი. ამ ბოლო დროს ხშირად ვნახულობ სიზმრებში გელათს, თუმცა სიზმრების დიდად არ მჯერა და არც მისი ახსნის უნარით გამოვირჩევი. ის გამახსენდა, ამ ბოლოს რომ ვიყავით გელათში მე და ნესტანი. საშინელი ქარ-წვიმა იყო. ქოლგის გაშლა გაგვიჭირდა და ისე დავიწუწეთ, გასაწურები გავხდით. მაინც კმაყოფილებას ვგრძნობდით. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარიც მოვილოცეთ, დავით აღმაშენებლის საფლავზეც ვიყავით და წამოვედით. ,,მარშუტკის“ მოლოდინში, გაჩერებაზე, ის კაცი გამოგველაპარაკა, ეკლესიაში შესვლის წინ რომ განვიკითხეთ. -აქეთ შემოდით, აღარ დასველდებით, მაქედან გაწვიმთ!-გვითხრა მან. -ნესტან, აქეთ მოიწიე, სველდები!-ვუთხარი მე. -რანაირი ამინდია, მაონც რა არის, რა სიცივეა.-არ ჩუმდებიდა კაცი. -აბა!..-დავემოწმე მეც და გავხედე. ძველი შინელი ეცვა, ძველი ქუდი ეხურა და შავი წვერი ქონდა მოშვებული; არც ისე ჯაბანი ჩანდა, ყოჩაღად გამოიყურებოდა, ორმოცი წლისაც არ იქნებოდა. საერთოდ, ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ და სად ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც ,,ხელის გაშვერით“ ირჩენენ თავს. ახლაც ამისი ცნობისმოყვარეობა მკლავდა, მაგრამ ვერ ვბედავდი ეს მეკითხა. -ბოდიში, გოგონა, მარა, თქვენი სახელი?-თვითონ აქტიურობდა ისევ. მე ვუთხარი. -ძალიან კარგი. მე გოჩა მქვია... უნდა მოვიდეს აწი, -,,მარშუტკას“ გულისხმობდა.-იგვიანებს ცოტას... არა და აზრი არ აქვს გაჩერებას საღამომდე, არავინ მოდის, ალბათ ამინდმა შეაშინა ხალხი. -ბოდიში, ამას რომ გეკითხებით, მაგრამ თუ შეიძლება მითხარით, სად ცხოვრობთ?-გავბედე ბევრი ფიქრის შემდეგ. ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და მიპასუხა: -მე ქალაქში ვცხოვრობ, თეთრ ხიდთან. -საკუთარ სახლში? -კი, საკუთარ სახლში. -მარტო? -არა, ცოლ-შვილთან და ძმისშვილებთან ერთად. მე გაოცებისაგან კინაღამ ყბა ჩამომივარდა, რადგან მეგონა, მარტოხელა იყო და სადმე, ქუჩაში ათევდა ღამეს. ის კი მიყუჩდა და ფართოდ იღიმებოდა. მე დავიბენი კიდეც. აღარ ვიცოდი, როგორ ამეხსნა მისთვის ეს ჩემი უცნაური კითხვები და ბოლოს პირდაპირ ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. -იცით, მაპატიეთ, რასაც ახლა გეტყვით, მაგრამ ვხედავ, თქვენც გიკვირთ და მინდა სიმართლე გითხრათ, ოღონდ შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ... -თქვი, თქვი!-შემათამამა ღიმილით. -საერთოდ, ყოველთვის მაინტერესებდა, სად და როგორ ცხოვრობდა, თქვენნაირი ,,ხელგაწვდილი“ ხალხი. თქვენ პირველი ხართ, ვისაც ეს ვკითხე და მართალი გითხრათ, ციტათი დავიბენი კიდეც... -მე ვიცი, რამაც დაგაბნია შენ, მაგრამ აგიხსნი ყველაფერს. მე ოჯახი მყავს, რომელსაც ჩემი ოფლით ვარჩენ... ადგილ-მამული მაქვს, რომელსაც ჩემი ხელებით ვუვლი. (თავისი დაკოჟრილი ხელები მაჩვენა.) სახლში კიდე ორი ობოლი ძმისშვილი მყავს და მათაც მე ვპატრონობ. აქ კი იმიტომ ვდგავარ... არ გეგონოს, ამ ფულს ოჯახს ვახმარდე... უბრალოდ, როცა დრო მაქვს, აქ ფეხით ამოვდივარ და... ცოტათი დასევდიანდა თითქოს.-ქვეყანაში იმდენი გაჭირვებული ცხოვრობს... მე კარგად ვიცი, რაც არის გაჭირვება, თან ისეთი იღბალი მაქვს, სხვისთვის რომ მინდა, კარგად ვშოულობ.-გამოცოცხლდა უცებ. ,,მარშუტკის“ ხმა მოახლოვდა . გზაზე გამოვედი. -მაპატიეთ, ბატონო გოჩა! -თითქოს რაღაცნაირად დავიბენი ამ ჩემთვის უცნაური ადამიანის წინაშე. -ბატონობა არ მინდა!-მკაცრად დამიქნია თითი. მე თავი ჩავღუნე. ისე ვიმგზავრეთ ქალაქამდე, ერთი სიტყვა არ მითქვამს ნეატანისთვის. მთელი გზა იმ უცნაური კაცის ცხოვრებაზე ვფიქრობდი, თავისუფალ დროს ფეხით რომ დადიოდა გელათში და სხვების გულისათვის ხელი ქონდა ,,გაშვერილი“... მანქანიდან ჩავედი და სამის სამგზავრო გადავიხადე,-ჩემი, ნესტანის და გოჩასი. -რა გააკეთე, გოგო!-ამის თქმაღა მოახერხა მხილოდ და ისეთი უხერხულობა შევატყვე მევე შემრცხვა ჩემი საქციელის. -არა უშავს, ვინ იცის, ვინ სად შევხვდებით. მაპატიეთ რა, ნუ უხერხულობთ, რა მოხდა ასეთი. -მითხარი მაინც ვინ ხარ, სადაური ხარ?! -რა მნიშვნელობა აქვს ახლა? -მოიცა, ის მაინც მითხარი, როდის ხარ დაბადებული? მე ცოტა უცნაური მეჩვენა ასეთი შეკითხვა, მაგრამ მაინც ვუპასუხე. -ჰმ, ავანტიურისტი! -მომიჭრა უცებ.-ამ დღესაა დაბადებული ჯაბა იოსელიანი. -სხვათა შორის, რევაზ ლაღიძეც. გაიღიმა. -არა, შენ კარგი გოგო ჩანხარ.. მართლა კარგი გოგო ხარ!-დაამატა დამაჯერებლობისათვის. -კარგად ბრძანდებოდეთ!-დავემშვიდობე. -კარგად იყავი. ღმერთმა ხელი მოგიმართოს კეთილ საქმეში!-დამაწია გზად მიმავალს... * * * როგორც იქნა, თვალები გავახილე და პირველად საათს შევხედე. ცხრა იყო დაწყებული, გარეთ კი უკვე გვარიანად ცხელოდა. ლოგინში ნებივრობის დრო აღარ რჩებოდა. სამსახურში მაგვიანდებოდა. მოპირდაპირე კუთხეს გავხედე. ისე გემრიელად ეძინა ჯულის, გეგონებოდა-დღეს არც აპირებსო გაღვიძებას, არა თუ სამსახურში წამოსვლას და მუშაობას. ეჰ, ჩვენს უფროსებს რა ვუთხარი, თორემ შაბათი რა სამუშაო დღეა,მაგრამ რა უნდა ქნა, ხელქვეითს რასაც უბრძანებენ, უნდა დამორჩილდეს, თუ არა და, ,,წადი, ბატონო, ვინ გაკავებს?“ მაგრამ სამსახური არც ისე ადვილი საშოვნელია და ეს რომ იციან, იმიტომ ხდებიან იძულებულნი, იმუშაონ შაბათს, კერონ ეს გერმანული და იტალიური დაკვეთები დირექტორის ლანძღვის ფონზე და ყოველ თვეში აიღონ დამადლებული ასიოდე ლარი, რომელიც თურმე არ გვეკუთვნის, მაგრამ ,,მოწყალე უფროსების“ შემწეობით ტარიფი გვემატება და… უპირველეს ყოვლისა, აივანზე გავედი (როგორც ყოველთვის.) ჩვენი აივნიდან არაჩვეულებრივი ხედი მოსჩანს. წინ პატარა ბაღია, შუაში ჯვარია აღმართული,გარშემო გრძელი სკამები დგას, რომლებიც საღამოობით ყოველთვის დაკავებულია სხვა და სხვა ასაკის ადამიანებით. ორიოდე საქანელაც არის-ბავშვებისათვის ცოტა ზემოთ თუ ავაყოლებთ თვალს, გორაზე პარკში დადგმულ ,,ეშმაკის ბორბალსაც“ კარჰად გაარჩევ. მის გასწვრივ უქიმერიონი დგას მხრებგაშლილი, დინჯი და ქედუხრელი. მის უკან კი ლურჯი მთებია-უსიერი ტყეებით. ყოველ დილით ამ აივნიდან ვუდრეკ თავს ბაგრატის ტაძარს და ვიწერ პირჯვარს… * * * მოკლედ ჯულის გაღვიძება დასჭირდა. საუზმე ნაჩქარევად მივირთვით, მოკლე ლოცვები წავიკითხე (ჩბეულებისამებრ) და სამსახურში წავედით. გზაში ნაცნობი ადამიანები გვხვდებიან, ისეთები, ყოველ დილით რომ გადავეყრებით ხოლმე და მარტო შესახედაობით ვიცნობთ. -ჯული, იქით, მეხუთე ბრიგადაში რო ,,ქალბიჭა“ რეპერია, ხო იცი? -გვანცა? ხო, მერე?! -გუშინ ნახე? -არ მახსოვს… მე მგონი, არა. რა იყო, რატომ მეკითხები? -აუ, თმები შეუჭრია, ფანჯრიდან ვერ გაასწრებ. წინ ახოტრილი ძაან დაბალზე და უკან დაუტოვებია პატარა შეუჭრელი, ქერო ყვიჩილის კუდი წამოიზრდება, ე, ისეა ზუსტად. სიცილით კვდებოდნენ ნათიას ბრიგადის გოგოები. -რავა ძალით იმახინჯებს მაგ გოგო თავს! რომ მივედით, ყველა არ იყო მისული. თუმცა ცხრამდე დრო რჩებოდა კიდევ, მანამდე ბრიგადაც შეივსებოდა. გუშინდელი მასალები დაზგაზე ისე დამხვდა, როგორც დავტოვე. მიყვარს როცა ისე მხვდება ჩემი სამუშაო ადგილი, როგორც ვტოვებ და არა ანგრეული. მისვლისთანავე შევუდექი საქმიანობას. ჩემს უკან მიმოზა ზის, ოცდაათიოდე წლის ქმარშვილიანი ქალი. გვერდით მზია, ისიც ქმარშვილიანი, ორმოც წლამდე იქნება. წინ ანჟელა, გასათხოვარი, ჩემზე ერთი თვით უმცროსი. ანჟელას გვერდით-იზაბელა, იზაბელას უკან-ირინე. იზაბელა და ირინე თითქმის ორმოცდახუთს მიტანებულები არიან. მგონი ირინე ცოტა უფროსიც არის და რაოდენ გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს ორივე გაუთხოვარია. მეორე მხარეს სხვა ბრიგადაა. იმ ბრიგადიდან ყველაზე ახლოს ჩემი ასაკის გოგონები,-თამთა და სოფო სხედან. ხან და ხან, დროს რომ ვიხელთებთ, ერთმანეთს ორიოდე სიტყვას გადავაწვდენთ ხოლმე. ფანჯრებიდან საადრეო ბლის ხეები და საერთო საცხოვრებლის ბინები მოაჩანს. ცოტა ხანს ყველა უხმოდ მუშაობს. მერე დუმილს ვერ უძლებენ და იწყება ჭორაობა. -ირინა!.. ირინა, გესმის?-ეძახის ანჟელა. -რა გინდა?-თავის აუწევლად პასუხობს ირინა. -ეგერ, მეექვსე ბრიგადაში რო შენი მეზობელი მუშაობს, რავარი გოგოა მაგი? -რა ვიცი მე, რატო მეკითხები? -ჰეჰ, რატო კი არა… ვაი დედაა, გუშინ რა დავინახე, რო იცოდე?!- ოდნავ ირონიულად ამბობს ანჟელა. -თუ ამბობ, თქვი დროზე. -წაღუნეთ თავი, ბადრი მოდის!-თანამშრომლებს აფრთხილებს მზია. საამქროს უფროსმა ჩქარი ნაბიჯით ჩაგვიარა და მიიმალა თუ არა თავის კაბინეტში ლაყბობაც გაგრძელდა. -გუშინ, აქიდან რო წავედი, გაჩერებაზე ვდგავარ და იქანა, ტაქსების გაჩერება რო არის, მივიდა ეგ გოგო, გამოაღო ტაქსის წინა კარები და მიუჯდა შოფერს გვერდით, ჩანთა უკან მეოსროლა. მერე გადახვია ტაქსის შოფერმა ხელი და იმ გოგომ გაჩერებისკენ გამეიხედა, ეტყობა მიცნო და ნელა ჩამოაღებია მხრებიდან შოფერს ხელი. მერე მკლავზე ეფერებოდა ის კაცი, თან გადაწოლილი იყო თავის სკამზე. -უი, გოო, რა ხნის კაცი იქნებოდა მაინც?-დაინტერესდა ირინე. -იქნებოდა ასე ოცდათხუთმეტის პუტკუნა იყო. გოგო რა ხნის არის? -რა იქნება მაგი, ასე ოცდახუთ წლამდე, მეტის არა. -ყოჩაღ!.. კი მარა, მშობლები არ ყავს, ირინა?-ინტერესდება და თავს უკან აბრუნებს იზაბელა. -უჰ, მშობლები თუ არა… მამა არ ყავს და დედა მაგაზე უარესია კიდე… შვილი ვის დეემგვანებოდა… -ოჰ, მაგენი თლა წყალწაღებულები ყოფილან, შე ქალო.-საქმეს უბრუნდება იზაბელა. მე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ. არც კითხვებს ვსვამ. უბრალოდ ვუსმენ და ვმუშაობ. დამლაგებელი მოვიდა. -თუ ადგები, გამოვხვეტავ! -ახლავე, ა! -საკერავით სავსე კალთას ვითავისუფლებ და ჩემი სკამიანად გვერდზე გამოვდივარ. სანამ დამლაგებელი ჩემს ადგილს ხვეტავს, დროს არ ვკარგავ და თამთასთან გასაუბრებას ვასწრებ. -რომელ საათამდე მუშაობთ დღეს, შაბათი როა, ხო არ დაგავიწყდათ? -რა ვიცი მე, ზეზე არავინ დგება და მარტო მე ხო არ წავალ? -ვაი, რავა მთლად დაგვაპროგრამეს. ანჟელა თავის მობილურს მაწვდის. -შენი და რეკავს. -ალო!-ვპასუხობ მე -გოგო შენ ხარ? -ხო, რავა ხარ? -რავა ვარ კი არა, რატო აღარ გამოდიხარ ჩვენთან?-გაბრაზებული მეკითხება. -არ მცალია გოგო რა დროს უნდა გამოვიდე? -დღეს გამოდი, რას აკეთებ საღამოს?! სოფელში იყავი? -კი, წინა შაბათს. -როვორ არიან? -კარგად. ხო კაი, გამოვალ ამ საღამოს. ხუთი საათი სრულდება და ფეხზე მაინც არავინ დგება. დაავიწყდათ ალბათ, დღეს რომ შაბათია. შაბათობით ორ საათზე მიდიოდნენ ხოლმე, ახლა რა სჭირთ. ჯულისთან მივდივარ. -რას შვრები, რჩები დღეს აქ? -რა ვიცი მე, არავინ მიდის და მიგროვდება მერე საქმე. -დღეს ჩემს დასთან უნდა წავიდე აქედან და გვიან გამოვალ სახლში. -ხო, კაი. -რა იყო, რატო ხარ ფეხზე?-მეკითხება ბრიგადის ოსტატი. -არაფერი, დავიღალე. -დაჯექი და იმუშავე. -ვიმუშავო კი არა, უნდა წავიდე ახლა.-ვბურდღუნებ ჩემთვის და ფეხზე ვიცვლი. ვხედავ მზიაც დგება. -მზია, მიდიხარ? -აბა, აქანა ხო არ დავწვები? -მოიცა, მეც მოვდივარ. ჭიშკრამდე ერთად გავედით.მერე ის სახლისაკენ წავიდა, მე გაჩერებაზე დავდექი. ავტობუსიც მალე მოვიდა. ასვლისთანავე დავინახე, წინა სკამზე ჩემი სოფლელი მეზობელი იჯდა. ეტყობოდა ცოტა ნასვამი იყო. -გამარჯობა, ვაჟა ბიძია. -ოჰ ვეღარ გიცანი, რაფერ გამხდარხარ, რავა ხარ? -კარგად. თქვენ როვორ ბრძანდებით? -ოჰ, რა საკითხავი მე ვარ… სად მიხვალ აქეთ? -ჩემს დასთან მივდივარ. -ხო, რას შვება, რავა არის? -რა უჭირს, კია კარგად. -მეუღლე მუშაობს მაგისი? -კი. -შენ რავა ხარ, მუშაობ კიდე, ხო? -კი, ვმუშაობ. -ყოველდღე? -კვირის გარდა. სიცხისაგან და სმისაგან აწითლებულ სახეზე ხელს ისვამს. თან კარგად არ ეყურება და იძულებული ვარ, მთელი ავტობუსის გასაგონად ვესაუბრო. -ბინაში სად ხარ? -სასტუმრო ,,თბილისის“ უკან. -ბინებში? -კი. -რომელ სართულზე? -მეოთხეზე. -რამდენოთახიანია?-ავტობუსი შუქნიშანთან ჩერდება. -ერთოთახიანი.-ჩანთას მარცხენა მხარზე ვინაცვლებ და შიგ ფულს ვეძებ, მინდა ბილეთი ავუღო ვაჟა ბიძიას. -რამდენი ხართ ბინაში? -სამი. -მერე ეტევით?-ეცინება. შუქნიშანზე მწვანე აინთო და დაძრულმა ავტობუსმა ისე წამაქანა ჯერ უკან და მერე წინ, კინაღამ მძღოლის გვერდით დავჯექი. -კი, არაგვიშავს, მორიგეობით ვსუნთქავთ ხოლმე.-ვიცინი მეც და მძღოლს ფულს ვაწვდი: -ერთი ბილეთი მომეცით, რა! ამ დროს, ჰოპ და უცებ მესცა ვაჟა ბიძია. -არ გამოართვა ფული!-ეუბნება მძღოლს.იმასაც ცივად მიაქვს უკან ბილეთიანი ხელი. -არ გრცხვენია?!-მეუბნება და ბილეთის ფულს თვითონ იხდის, თავისასაც, ჩემსასაც. მე უხერხულად ვგრძნობ თავს. ,,რატომ მომასწრო?“ ბრაზი მომდის ჩემს თავზე და ,მადლობის“ მეტს ვეღარაფერს ვამბობ. ,,ეს ერთი სართული… ეს ორი… უჰ, როდის აბალ… არა უნდა დავისვენო, მეტი აღარ შემიძლია… ვაი დედა, ნეტა რომელზე ვარ?.. აჰ, მერვე, ერთიც და…“ და და სიძე ღიმილიანი საყვედურებით მხვდებიან.-,,სად დაიკარგეო?“ ,,რატო აღარ გამოდიხარო?“ ,,დაგერეკა მაინცო!“ მე ათას რამეს ვიმიზეზებ. არა, რა იქნება, ეს ერთი ღამე დასთან რომ დავრჩე, მაგრამ რა ვიცი, მაინც ჩემს ნაქირავებ ბინაში მირჩევნია. უფრო თავისუფლად ვარ, უფრო ვისვენებ. სიძე ჩანთას მიმალავს, მაგრამ ვასწრებ თვალს, გარხერობში როგორ შედო. -კაი, არ გამოგივიდა ნომერი, დაგინახე. -თუ დამინახე, რავა წახვალ, დაგინახავ ახლა. სიცხეა ისეთი, სული მეხუთება.ფანჯარაში ვიხედები, ნიავი ოდნავაც არ იძვრის. -გოგო, ვალიდასთან ხო არ დაგირეკია?-ვკითხულობ დეიდაშვილის ამბავს. -არა, შენ? -მე საიდან დავრეკავდი?..-დედიკოსთან არ დაგირეკია? -არა, რამდენი ხანია.-თან მაგიდას აწყობს. არ მინდა ახლა ჭამა, წასვლა მინდა, მარა... -ნუ იპუწკები, გოგო, მიდღემჩი, წესიერად ჭამე!-მეუბნება და. -არ მინდა, შემეშვი. -შენ კიდე მარხვაზე ხარ?-მეკითხება სიძე. -კიდე რა, როდის გახსნილდა?! -არა, არ ვიცი მე და მიტო გეკითხები. რამდენი დარჩა კიდე გახსნილებამდე? -თორმეტში ხსნილდება. ძალიან არ უნდოდათ, მაგრამ, რომ დავიჟინე, მაინც ჩემი გავიტანე, არაფრით არ დავრჩი. ვიცი, ჩემს დაზე მეტად სიძეს დასწყდა გული, მაგრამ… - ,,რა ცუდი ხასიათი მაქვს ხანდახან.“ გზაში ვუფიქრდებოდი ჩემს საქციელს და სიძის ადგილზე რომ წარმოვიდგინე თავი, გული მეტკინა, თან ჩემს თავზე ბრაზი მომივიდა… მაინც არ შემეძლო დარჩენა. კარი ნესტანიმ გამიღო. -ოჰ, შენ გაიღვიძე?-ვეკითხები და სახლში შევდივარ. -ისე მეძინა ამ დილას, სულ არ გამიგია, რა დროს წახვედით. რატო არ გამაღვიძეთ?!-ნესტანი სტუდენტია. -რაზე უნდა გამეღვიძებინე სესიაზე გაგვიანდებოდა თუ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე? -არა, მაგრამ… მაინც გაგეღვიძებინე. -ოჰ, ბოდიში ბატონო, აწი როგორც დაგინახავ მძინარს, იქვე გაგაღვიძებ ხოლმე. -ე,ასე ქენი და ცოტა ჩუმად იყავი, ჯულის ძინავს. არ გაიღვიძოს, თორე ხო იცი, ვეღარ გააჩუმებ. -ვაი ამას რავა სულ სძინავს, ამ გაჭირვებულს. -მძინარე მზეთუნახავია, მარა უფლისწულიც რო აღარ გამოჩნდა არსაიდან?! აივანზე გავდივარ. აქედან ყოველ საღამოს ვუყურებ, როგორ ინთება ბაგრატის ტაძარი საღამოზე ცისფერი შუქებით. აქედანვე ვხედავ როგორ გაივლის და გამოივლის საღამოობით ერთი ბიჭი ამ აივნის წინ. არა, ბიჭები ბევრი გაივლიან აქ საღამოობით, მაგრამ ის ერთადერთია, რომელსაც მე ვხედავ. შორიდანვე ვამჩნევ და მაშინათვე ვცნობ სიარულით. რა იცის, როგორ ვინთები მის დანახვაზე ისე როგორც ბაგრატი ყოველ საღამოს.. როგორ ლოცვასავით მჭირდება მისი დალანდვა, სულის უხმო ფორიაქი და გაჟრჟოლება… ჩვენი ,,მძინარე მზეთუნაცავიც“ იღვიძებს. -გშიათ?-გვეკითხება. -მე არა.-ვამბობ და ტელევიზორს ვრთავ. -მეც არ მშია.-ამბობს ნესტანი. -შენ რა გასუქებს ერთი ის გამაგებინა.-ვეუბნები ნესტანს. -რა ვიცი მე? თქვენ ჭამთ და მე მერგება მგონი. -აუ, მოკლედ, ერთი ნორმალური გაუშვან რამე ამ ტელევიზორში და არ მინდა მეტი!-ვბრაზობ მე.-ამდენი არხია ახლა და არსად რამე ისეთი არ არის, დაჯდე და ყურადღებით უსმინო. ან რეკლამა, ან სერიალი, ან რაღაცა, საშინელი მულტფილმები. სამზარეულოში ჯული ,,კიშკაობს“ მარტო. -იყავით თქვენ მასე, მაწყინოს მე.-გვებურდღუნება იქედან. -ჯული, შენი ტელეფონი რეკავს.-ეძახის ნესტანი. -აუ, გამოიტანე რა. რაღაც ძალიან სევდიან განწყობაზე ვარ. არაფრის კეთება არ მინდა… თუმცა საკეთებელიც რა მაქვს, კაცმა რომ სთქვას. აივანზე გავდივარ ისევ, მაგრამ მაშინვე უკან ვბრუნდები. უაზროდ ვიღებ ნივთებს ხელში და ისევ უკან ვაბრუნებ. მოკლედ, რა მინდა, მეც არ ვიცი. ნესტანი ,,მესიჯებს“ წერს და წერს. როგორ არ ეზარება, სულ მიკვირს, ან ვის უგზავნის ამდენს ყოველ საღამოს. ჯული ოთახში შემოდის. -გოგო, ვინ დამირეკა იცით? წეხან ჩემ დას რო მესიჯი გავუგზავნე, კოდი შემშლია და თურმე სხვასთან დამირეკია. -მერე რა გითხრა?-მივაჩერდი ირონიული ღიმილით. -რა და, „ერთი კვირაა შეცდომით აგზავნით და დააზუსტეთ ნომერი, მე ფატი არავინ მყავსო!“ მე და ნესტანს სიცილი აგვივარდა. თვითონ დგას და ეღიმება. -მერე ვისთან აგზავნიდი მაინც, ვერ კითხე?-ვეუბნები მე. -რა ვიცი, ,დათო მქვიაო“, ასე მითხრა… ისე, რა კაი ხმა ქონდა, იცი? ახლა განგებ გავაგზავნი, ვითომ ისევე შემეშალა და გამოველაპარაკები, ვინაა ერთი, სადაურია… -ხო იცი, ,,თაგვმა თხარა, თხარაო…“-ვახსენებ მე. -მეიცა ერთი, ყველაფერი ნუ გეეჭვება! -დღეს ,,დასი“ იქნება, ვუყუროთ?-მეკითხება ნესტანი. -აუ, უყურე თუ გინდა, მე მეძინება. ჯერ ვლოცულობ, მერე კი ვწვები. ჩემი მოძღვარი მახსენდება. ხვალ წავალ და აღსარებას ვეტყვი. ეჰ, რამდენს ვცოდავ, მამაო, რა მეშველებოდა უშენოდ.მე ხომ ყოველდღე უფრო და უფრო ვიძირები ცოდვებში და სული მტკივა, დატანჯული-საკუთარი დაუდევრობის გამო. ძლიერი ყოფილა ეშმაკი, ვიდრე წარმოვიდგენდი, იმაზე უფრო ძლიერი და გულღრძო. მე კი უთქვენოდ ვერაფერს გავხდები მასთან. მოვალ ხვალ აღსარებაზე და ოლარებს ვემთხვევი თქვენსას, ჩემი ბილწი ბაგეებისთვის დიდი პატივი იქნება ესეც. მერე ბევრს ვილოცებ თქვენზე. მე ხომ მხოლოდ თქვენი ხელებით ველი, ზეციური სასუფევლის კარის გაღებას. ფანჯრისაკენ ვიხედები. ქუჩიდან ოთახში მკრთალად იჭრება ლამპიონის შუქი, გორაზე კი-ბაგრატი ანათებს იმედის ნათლის სვეტად. ნესტანი სიმღერებს უსმენს ,,სტერეოზე“. „ფოთოლცვენაა ისევ, შენ კი მიდიხარ შორს…“ ძილბურანში ჩამესმის სიმღერის ხმები. მერე თანდათან ირევა ფერები ერთმანეთში, ბოლოს იწმინდება და მხოლოდ კრიალა ცისფერი რჩება. ცოტა ხანში კი ცის ფონზე პირველად გუმბათი იკვეთება, მერე თანდათან ამოდის ნისლიდან გელათის ტაძარი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი