ვერხვი და ბერიკაცი


სუსტი აღნაგობის ბერიკაცი, ჯოხის კაკუნით გამოვიდა სახლიდან. ეზოს ბოლოში, ვერხვთან შეჩერდა, ხელით მოიჩრდილა და ვერხვს ახედა.
    ადრიანი შემოდგომის მზიანი დღე იდგა.
    მოხუცმა ქუდი მოიხადა, სახეზე ჩამოისვა და იქვე ვერხვის ძირას ჩამოჯდა. ხელჯოხი გვერდით მოიდო, ქუდი მუხლზე დაიდო და ამოიოხრა.
    ნეტავ თუ ვინმე ამოიცნობს, რაზე ოხრავენ მოხუცები, ან რაზე ჩაფიქრდებიან ხოლმე ასე თავდავიწყებით? იქნებ სულაც არ არის ჩვენი საქმე, რაზე ფიქრობენ ისინი. ეს მათი საიდუმლოა, თანაც მეტად სევდიანი საიდუმლო, რადგანაც ხანდახან ისე ამოიოხრებენ ხოლმე, თითქოს  გული ამოაყოლესო.
    ბერიკაცი ვერხვის ხეს ზურგით მიეყრდნო. თვალები დახუჭა და ფიქრებში წავიდა.
    ახლა მისი ხნის თითქმის არც აღარავინ  დარჩენილა სოფელში, მარტო ამ ვერხვის ხეს ახსოვს მისი ბავშვობა და მარტო ამ ბერიკაცს ახსოვს ვერხვის ახალგაზრდობა.
    ვერხვის ნერგი მაშინ სულ ნორჩი იყო, როცა მან ექვსი  წლია ასაკში დარგო სწორედ ამ ადგილზე. მას შემდეგ ერთად თელავენ წლების სიმრავლეს და მოდიან დღემდე.  ბავშვობიდანვე შეიყვარა ვერხვი. ყოველთვის უყვარდა ამ ხის ჩრდილქვეშ დასვენება და ცოტა მოგვიანებით ქეიფიც კი.
    მერე ოჯახი შექმნა, შვილები გაუჩნდა. დიდხანს ცხოვრობდნენ ერთად და ბედნიერად, მაგრამ დრო გავიდა, შვილები დაიზარდნენ, თავ-თავიანთი ოჯახი შექმნეს და ათასში ერთხელ თუ მიაკითხავდნენ მშობლებს, ერთი-ორი დღით.
    მერე მეუღლე გამოეცალა ხელიდან. ისე ჩუმად, ისე უსიტყვოდ, როგორც აი ეს ვერხვის ხეა ახლა დადუმებული და შემორჩნენ ერთმანეთს მოხუცი და ვერხვის ხე.
    მოხუცს ჩასთვლიმა… თავისი სახელის გაგონებამ შეაკრთო იგი. მეზობლის ბიჭი ეძახდა.
    -რომელი ხარ, ბიჭო, აქეთ წამოდი, აქეთ ვარ! შეეხმიანა მოხუცი.
    -გიორგი ბაბუა! აქოშინებული მივარდა ბიჭი. -თქვენმა შვილიშვილმა შემოგითვალათ, ხვალ ამოვალო.
    -მადლობა, შვილო, ამფერი კაი ამბის მოტანისთვის.
    მოხუცი გაახარა ამ ამბავმა. მოვლენებს ცოტა წინ გაუსწრო და წარმოიდგინა, თუ როგორ შემოაღებს ხვალ მისი შვილიშვილი მორყეულ ჭიშკარს და მიუხედავად იმისა, რომ ბაბუაზე ბევრად მაღალია და განიერი ბეჭებიც ავს, მაინც პატარა ბიჭივით ჩაეკვრება გულში.
    მოხუცს სიამოვნების ღიმილმა გადაურბინა სახეზე და კვლავ ჩასთვლიმა.
    საღამოს დასავლეთიდან ცივმა ქარმა დაუბერა და ცაზე ღრუბლებიც გაჩნდნენ აქა-იქ.
     მოხუცს შეამცივნა და ბურანიდან გამოერკვა. ხელის ცეცებით ქუდი და ჯოხი მონახა, ფეხზე წამოდგა და მზეს შეხედა.
    -ქე ღამდება აწი.
    ჯერ ჭიშკარი ჩაკეტა, მერე სახლში შევიდა, აივანზე დაჯდა და თუთუნი გააბოლა. გაახსენდა, ხვალ შვილიშვილი რომ უნდა ჩამოსულიყო და თვალები სიამოვნებისაგან მოჭუტა. 
    ვერხვის ხეს გახედა. ამ ხეზეა გაზრდილი მისი შვილიშვილი. ბავშვობაში სულ ზედ იყო. რის მუქარა, რა ყვირილი, არაფერი მასთან არ გადიოდა. რამდენს უშლიდნენ; ,,ნუ ადიხარ ძალიან მაღლა, არ გადმოვარდეო! “ მაგრამ გაგიგონიათ? თითქოს მათ ჯიბრზე, უფრო და უფრო მაღლა ადიოდა და იქედან მთელ სოფელს ესმოდა ხოლმე მისი სიმღერები.
    ქარმა და ღრუბლებმა თანდათან იმატა და საღამოს ბინდი, გრიგალი და თავსხმა წვიმა, ერთად მოვარდნენ სოფელში.
    მთელი ღამე არ სძინებია მოხუცს, მთელი ღამე ურახუნებდა წვიმა სახურავზე და მთელი ღამე წვალობდა ქარი კარის გაღებაზე. სულ ლაწა-ლუწი გაუდიოდათ ხეებს. გამთენიის ხანს კი საშინელი გრიალით და ლიწინით წააქცია ეზოში რომელიღაც ხე.
    მოხუცი პირჯვარს იწერდა და შვილებზე ლოცულობდა.
    გათენდა. ქარიც ჩადგა და წვიმამაც გადაიღო. თითქოს ის საშინელებები წუხანდელმა ღამემ მოიტანა და წასვლისთანავე თან წაიღო.
    მოხუცი აივანზე გამოვიდა და ეზოს გადახედა. ბრძოლის ველს გავდა ეზო. სად ვედრო ეგდო, სად ხილი ეყარა, ტოტებით და ფოთლებით ხომ საერთოდ მოფარულიყო ეზო. ვერხვის ხეს შეხედა და თვალთ დაუბნელდა… ვერხვი შუაწელში გადაეგლიჯა ქარს და იქვე წაეწვინა.
    სასწრაფოდ რეზინის ჩექმებში ჩაჰყო ფეხები და ეზოში ჩავიდა. ვერხვს გარშემო შემოუარა და დააცქერდა. გაუკვირდა მოხუცს, რადგან ვერხვისათვის ასეთი რამ არ შეუმჩნევია, სულ დაჭიანებული და დაფუტუროვებული ჰქონდა გული.
    მოხუცი წაქცეულ ხეზე ჩამოჯდა , თვალები დაებინდა სინანულის ცრემლებით. ქუდი მოიხადა. ოფლიანი შუბლი და სახე მოიწმინდა და ისევ დაიხურა. ზურგით ვერხვის გადატეხილ ტანს მიეყრდნო და ჭიშკრისაკენ გაიხედა.
    ,,ი ბოვში მაინც ამევიდოდეს ადრიანად, ამოსხეპვაში მამეხმარებოდა.“ გაიფიქრა და ნერწყვი გადაყლაპა.
    -ბაბუა!-უკვე მერამდენედ ეძახდა შვილიშვილი მოხუცს, რომ ჩაკეტილი ჭიშკარი გაეღო, მაგრამ ვერ გააგონა.
    ბიჭს გაუკვირდა, ღობეზე აცოცდა და ეზოში ჩახტა. მიიხედ-მოიხედა, ბაბუა წაქცეული ვერხვის ხეზე იჯდა და ჭიშკრისაკენ იხედებოდა…
    იმ დროს ცივი იყო დილაც მოტეხილი ვერხვიც და მოხუციც...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი