თეთრი ქვები
დილით, იქნებოდა ასე ათი საათი, მე და დედაჩემი თეთრ ხიდზე გადავდიოდით. მარტის თვის ამინდი იდგა: წვიმასაც აპირებდა, მზეც ჭიატობდა, ქარიც ქროდა… მოკლედ, ციოდა. მე წინ მივდიოდი, თხელ ,,კოსტუმში“ ვიკუნტებოდი და ხელები გალურჯებული მქონდა სიცივისაგან. ალღოთი გავჩერდი იმ ადგილზე, საიდანაც ჩემის აზრით ერთდროულად მოჩანს წმინდა გიორგის ეკლესია და ბაგრატის ტაძარი.პირჯვარი გადავიწერე, თავი მოვუდრიკე და ის იყო, გზა უნდა გამეგრძელებინა, დედაჩემი გამახსენდა. უკან მივიხედე. დედა ხიდიდან ძირს იხედებოდა… -დედა, ცოტა ჩქარა, დღეს სხვა საქმეც მაქვს! -მოდი ერთი წუთით… შეხედე ამ ქვებს… -ადამიანო, რა იყო! ქვებს პირველად ხედავ?! წამოდი, მეჩქარება, ხო იცი! წავედით. ის უკან მომყვებოდა. ათიოდე ნაბიჯის შემდეგ ისევ შეჩერდა. -ხო შეგიძლია, რო დაწერო? მე გაკვირვებული მივბრუნდი უკან და რაც შემეძლო, ახლოს დავუდექი. -დედა, რაზე უნდა დავწერო?-გაკვირვებითა და ირონიით მივჩერებივარ, თან ვცდილობ, ისე დავდგეთ ორივე, გამვლელებს არ შევუშალოთ ხელი. -რაზე და თეთრ ქვებზე, დააკვირდი, რანაირი ქვებია! -აუუ… შენ გადამრევ, მაგის ყურებას, ეგერ, ბაგრატს შეხედე, პირჯვარი გადაისახე და წამოდი, მე დღეს სამსახურში ვარ მისასვლელი. * * * მაინც ვერ გავიგე საიდან მოდის ამდენი ცრემლი. რაც კარგია, რაც ნაღდია, რაც გულიდან მოდის, თუნდაც სხვისი გულიდან, ყველაფერზე ცრემლები მებჯინება ყელში. გუშინ წმინდა თეკლას ეკლესიაში წავედით მე და ჩემი მეგობარი. რახან პირველად ვიყავი იქ, ვცდილობდი, ყველაფერს კარგად დავკვირვებოდი, თან მღვდელს ვუსმენდი, რომელიც ვიღაც ჟიულის, ლახვრის ლოცვას უკითხავდა და დროდადრო პირჯვარს ვიწერდი. ლოცვის დასრულებისას მღვდელს ვთხოვე, ორივენი დაველოცეთ. თეთრი, თეთრი, გვერდზე გადავარცხნილი თმა-წვერი, გამხდარი სახე და სათნო თვალები ჰქონდა. მან დაგვლოცა და ჯვარს გვამთხვია, თან დალოცვის დროს, ისეთი სპეტაკი სულის გამომჟღავნებას ახერხებდა თავისი ბაგის ყოველი გაღებისას, რომ მე ვიგრძენი, თუ რაოდენ ცოდვილი და დაცემული ადამიანი ვიდექი მის წინაშე. ორი წვეთი ცრემლი უკითხავად გადმომცვივდა თვალთაგან და ორივე ჩემი ჩექმების წვერს დაეცა, ერთი-ერთს, მეორე-მეორეს. დავიჩოქე და ვერაფრით ვერ მოვახერხე ერთდროულად შემეჩერებინა ქვითინი და მხრების ცახცახი. ის კი, როგორც ეტყობოდა, წასვლას აპირებდა-მკლავზე მოსაცმელგადაკიდებული ანალოღიის წინ მეტანიებს ასრულებდა. იქედან ფეხით წამოვედით ქალაქისაკენ (მე ასე მინდოდა), სირაქლემებივით მივაბიჯებდით, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე შემდგარნი. ჯერ უკან მომყვებოდა, მერე გამისწორდა და მეკითხება: -რა გატირებდა წეღან? ხანდახან ისეთი კითხვების დასმა იცის ხოლმე, პასუხები რო არაა საჭირო. არა და დაჟინებით მთხოვს ვუპასუხო. -სართოდ, ეკლესიაში როცა სინანულით ლოცულობ, კარგია… -არა, ეგ ხო, ვიცი, მარა შენ რა გატირებდა? -აუ, კაი რა, რა ვიცი მე, რა მატირებდა, მომივიდა სინანული და ვტიროდი. მივხვდი, მაინც ვერ გაიგო ის, რაც აინტერესებდა. არადა მეც არ შემეძლო, უკეთესად ამეხსნა ჩემი საქციელი. მეტი აღარაფერი უკითხავს, ისე გადავიარეთ თეთრი ხიდი და ბაღში ჩამოვსხედით დასასვენებლად, იქ, სადაც ქვებისაგან გამოთლილი ქანდაკებები დგას. მზე ძალიანდებოდა, თუმცა ჩრდილში თითქოს მაინც ციოდა. ორი ჭიქა მზესუმზირა ვიყიდეთ და ახლა იმაზე წავკამათდით, სად დავმჯდარიყავით.მე მზეში მინდოდა, მას-ჩრდილში. ბოლოს ერთი სკამი ამოვირჩიეთ, ნახევრად მზე უყურებდა, ნახევრად-ჩრდილი, წინ კი საინტერესო ქანდაკება იდგა: თითქოს ცალ მუხლზე ჩაჩოქილ ქალს, მოგრძო ფორმის ქვა ორივე ხელებით, თავს ზემოთ ჰქონდა ატანილი. მე ჩანთიდან ბლოკნოტი ამოვიღე და მის ხატვას შევუდექი. ყოველ შემთხვევაში, ვცადე დამეხატა. ბაღში ახალგაზრდები მიდი-მოდიოდნენ. (ყელში ამომივიდა უკვე, ეს თეძოს შარვლები და შიშველი ჭიპები. სიცივეს მაინც მოერიდონ, ახალგაზრდები არიან, რაც არ უნდა იყოს, მომავალი დედები.) ის მზესუმზირას აკნატუნებს და ხმის ამოუღებლად ადევნებს თვალს, ჩემი ხელის მოძრაობას. დავასრულე ჩემი ,,შედევრი“. -არა! არ მომწონს ასე, საერთოდ არ გავს, ხო? ის იცინის და ქანდაკებისაკენ მიმითითებს: -იმ ქალს ცალი მუხლი ჩაჩოქილი აქვს, შენს ნახატში კი, საერთოდ არ ჩანს მუხლები. -ხო, რა ვიცი, -მეც მეცინება.-ასე უნდა იყოს არა? მკვეთრად ვავლებ რკალს იქ, სადაც მუხლი უნდა იყოს. ცოტათი ჯობია…- დამცინავ ღიმილს არ იტყობს ვითომ. -დამანებე თავი. მხატვარი რო ვიყო ახლა აქ კი არ ვიჯდებოდი… ჩემი ჭია ხო გავახარე… მეიხედე! რო ვიძახი ხოლმე: ,,ჭია გავახარე მეთქი“, ეს ჭია რო მომაკვლევინა, მეც მოვისვენებ და ჭიაც… შენ ხო მოისვენებ და მოისვენებ!- ვამბობ ხმამაღლა და ვდგები. -შენ ისე, ხანდახან, რა უცნაური ხარ!- ისიც დგება და მზესუმზირის ჩენჩოებს, ხელში რომ ჰქონდა ნაგროვები, სკამის უკან ყრის. ,,...ხო, შეიძლება ხანდახან მართლაც უცნაური ვარ, აბა რა მატირებდა ეკლესიაში.“ * * * მწერალთა სახლიდან გამოვედი და თეთრი ხიდისაკენ ავიღე გეზი. გარეთ გამოსული, ისევ ამიტანა სიცივემ. ნაბიჯს მოვუჩქარე და ის იყო, ხიდზე შევდგი ფეხი, კიდეც წამოვეწიე ქალბატონ ჯანიკოს. გავუსწორდი თუ არა, მაშინვე შეჩერდა. ძველი, გახამებული პალტოს ჯიბიდან მარცხენა ხელი ამოიღო, (მარჯვენაში ჩანთა ეჭირა.) მაჯაში ჩამავლო და მომაჩერდა. -შენ ის არა ხარ, ახლა რედაქტორთან რომ იყავი?! -დიახ, ქალბატონო ჯანიკო. -ხოო… ხომ ხედავ, გიცანი. -ესე იგი, არც ისეთი მოხუცი ბრძანდებით, წეღან რომ წუხდით… -ეხ!-ამოიოხრა და გზა განაგრძო ხიდზე. მე თავჩაღუნული, მოკრძალებით მივყვებოდი გვერდით. ხელკავი გამომდო: -არა… სხვებთან ერთად ვერ გიცნობდი… ჩემთან იმდენი ქალები შემოდიან, ვერ ვიმახსოვრებ, მით უმეტეს, ახლებს და მერევიან ერთმანეთში… ესე იგი, შენ წერ?! -დიახ. -პროზას?! -დიახ, პროზას. ისევ გაჩერდა. (ალბათ იღლებოდა რა ვიცი…) -კარგია, წერე.. შეიძლება რამე დაგიწუნონ, მაგრამ გული არ გაიტეხო, კრიტიკის არ უნდა შეგეშინდეს. შენ წერე… კარგი იქნება თიუ არა,-წერე… ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით მივდიოდით და ვსაუბრობდით. უფრო სწორად, ის საუბრობდა, მე ვუსმენდი. შუა ხიდზე, მოულოდნელად შემაჩერა და მთხოვა, ძირს გადამეხედა. გადავიხედე. რიონი თითქოს ციტა მოდიდებული და ცოტა ამღვრეული , ცალ მხარეზე მოედინებოდა, დარჩენილ ცალ მხარეზე კი-უზარმაზარი, თეთრი ლოდები ჩაწოლილიყვნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ. ნელ-ნელა, ზემოთ ავყევი თვალებით სივრცეს, წინ რუსთაველის ხიდი იდო, ზემოდან კი ბაგრატის ტაძარი და წმინდა გიორგის ეკლესია გადმოგვყურებდნენ. ქალბატონ ჯანიკოს შევხედე, ის მე მჩერებოდა. მე ისევ ქვებს ჩავაცქერდი ქვემოთ. ვფიქრობდი, რომ… აღარ მახსოვს, რას ვფიქრობდი, ალბათ არაფერს. უბრალოდ, დავშტერებოდი ხიდიდან ამ უზარმაზარ ლოდებს და ველოდი, რას მეტყოდა ქალბატონი ჯანიკო, რომელიც რაღაც ერთი საათის წინ გავიცანი მწერალთა სახლში. -ახლა შეხედე!-ისეთ ხმაზე მეუბნება, თითქოს რაღაც, ძალიან დიდი საიდუმლო უნდა გამანდოს. მე კი ჯერ არ ვიცი, რას უნდა შევხედო. -ბავშვობაში თუ გითამაშია ასეთი რამე, აი, ღრუბლებს რო მიჩერებიხარ და რაღაცეებს ამსგავსებ. იცვლის ღრუბელი ფორმას და რომელიმე ფრინველი დევს დაემსგავსება, ანდა-პირიქით. -დიახ, ქალბატონო ჯანიკო. ახლაც ხშირად მივჩერებივარ ხოლმე ღრუბლებს, როცა მცალია და ვამსგავსებ რაღაცეებს. -ხო. ახლა შეხედე! აი, იმ ჩირგვს ხომ ხედავ?-ხიდიდან ძირს მიმითითებს.-ადრე აქ, ზუსტად ამ ადგილზე შევჩერდით, მე და ცხონებული ლილი ნუცუბიძე და დავიწყეთ ქვებისაგან ფიგურების გარჩევა… ისე, როგორც ღრუბლებისაგან. მე თავს ვუქნევ და მაინტერესებს, ბოლო-ბოლო, რა უნდა რის თქმას ცდილობს. არადა ნამეტანი აჭიანურებს მთავარ სათქმელს. თანდათან ვიძაბები და მორიგეობით გადამაქვს ყურადღება-ჩირგვიდან ჯანიკოზე, ჯანიკოდან ჩირგვზე. თან ვფიქრობ: ,,რა შუაშია ჩირგვი?“ თან კიდევ, ღრუბლიანია და მცივა. -ახლა კარგად დააკვირდი!-იმ ჩირგვთან, თითქოს თავია… გველეშაპის თავი… აქეთ მხარეს ცალი თვალიც გარკვევით მოუჩანს… ხედავ?!-მე თავს ვუქნევ და არაფერს ვამბობ. ან რა უნდა ვთქვა, გარკვევით ვხედავ გველეშაპის თავს. - მერე მოყვები იმ თავს იქედან და აგერ, კისერი აქვს გადაგდებული თითქოს და ცალ მხარეზე გამოღადრული. მერე მოდის ტანი და კუდი კი, სადღაც გრძელდება და იკარგება ხიდის ქვეშ! ხედავ?!-კითხვის თვალით მომჩერებია. -ვხედავ!-მეტის თქმას ვერ ვახერხებ, იმდენად ვარ გაოცებული. -ესე იგი, ჩვენს თვალწინ ახლა გბელეშაპია, ყელგამოღადრული, დამარცხებული გველეშაპი. მაგრამ ეს არ არის მთავარი… ახლა დააკვირდი… გველეშაპის ბეჭზე თუ ხედავ რაიმე ფიგურას? მე გაოცებისაგან ენა მერთმევა, თითქოს და იმის შიშით, სანამ ბოლომდე დავმუნჯდებოდე, თქმა მოვასწრო-თქო, ქალბატონ ჯანიკოს შევხედე და ვეუბნები: -ეს ხომ ხატია?! -დიახ ხატი!-მიღიმის ის-მაგრამ ახლა დააკვირდი, ღვთისმშობელია?.. არა! -არა, მაცხოვრის ხატია!-სიტყვის თქმას აღარ ვაცლი, რახან დავრწმუნდი, რომ ლაპარაკი ისევ ძველებურად, გამართულად შემიძლია. -დიახ, მაცხოვრის! მაცხოვარი აზის დამარცხებულ გველეშაპს ბეჭზე.-ამაყად ამბობს ქალბატონი ჯანიკო და თავს ისე სწევს მაღლა, თითქოს თვითონ დაამარცხა ის გველეშაპი. -ცოტა ქარი რომ არის, მაშინ უნდა ნახო, აი, ის ღრმულში ჩაგუბებული წყალი, რაც მაცხოვრის ხატს ქმნის, როგორ ღელავს და ბობოქრობს თითქოს… ახლა ეს ამბავი შენ იმიტომ მოგიყევი, შემოქმედი გოგონა ხარ, ვხოვრება წინ გაქვს,.. ეჰ, ჯერ რამდენი რამე გაქვს გასავლელი და სასწავლი… ჰოდა იქნებ ოდესმე გამოგადგეს, იქნებ ოდესმე დაწერო ამ ქვებზე… ოღონდ, იმედია მე არ დაგავიწყდები, არ მიითვისებ ამ აღმოჩენას, იმ ცხონებული ლილისავით. მე დავიბენი: -ეგ რანაირად, ქალბატონო ჯანიკო, კარგად ვერ გავიგე?.. -მოგიყვები ყველაფერს. წამოდი, თან ვიაროთ.-ხელკავი გამომდო ისევ და გზა განაგრძო. -ხო, მერე ეს რომ ვაჩვენე ლილი ნუცუბიძეს, ის უფრო გავლენიანი ქალი გახლდათ, ტელევიზიას შეატყობინა ყველაფერი და… აქ მაშინ ოპერატორიც იყო მოსული, ყველაფერი გადაიღეს და ეს აღმოჩენა ლილის დაბრალდა… თუმცა ოპერატორმა მაშინაც კარგად იცოდა, რომ ჩემი იყო, მაგრამ რადგან ლილის დიდი ხათრი ქონდათ, ტელევიზიაში გავიდა გადაცემა ისე, თითქოს ჯანიკო გაბუნიამ და ლილი ნუცუბიძემ ერთდროულად აღმოაჩინეს ეს დამარცხებული გველეშაპი, მხარზე მაცხოვრის ხატით. ქალბატონი ჯანიკო შეჩერდა, გვერდულად გამომხედა და გაღიმებულმა ჩაილაპარაკა: -იმედია, თუ ოდესმე ამაზე დაწერ, არ მიითვისებ… მე შემრცხვა. - როგორ გეკადრებათ ქალბატონო ჯანიკო, ჯერ არც კი ვიცი, დავწერ თუ არა, ამას დრო უნდა… აგრე უცებ არაფერი რომ არ მოდის, იცით.. ხელოვანი ბრძანდებით და გამიგებთ, ალბათ, მაგრამ თუ ოდესმე რამე დავწერე ამაზე, აუცილებლად გარკვევით დავწერ იმას, რომ ეს აღმოჩენა მხოლოდ თქვენ გეკუთ ნით და არავის სხვას, თუმც მოემე არც თქვენ გყავთ და არც იმ ნათედამდგარ ქალბატონს. -ახლა კიდევ…-ისევ შეყოვნდა.-მე იმერეთის მაშინდელ გუბერნატორზეც მწყდება გული. ვთხოვე, აქ, ამ ადგილას, სადაც მაცხოვრის ხატია დამარცხებულ გველეშაპზე გამოსახული, ჯვარი აღვმართოთ-მეთქი! -კიო!-დამპირდა, მაგრამ, ე… გაკეთდა რამე? არაფერი… იმ გუბერნატორს მაშინ ისიც კი ვუთხარი…- უცებ შემომიბრუნდა.-ეგერ, წმინდა გიორგის ეკლესიას ხომ ხედავ?-მე თავს ვუქნევ. -ჰოდა, ქვედა გვერდზე რო სახლია, ნამეტანი ამახინჯებს ეკლესიის ხედს, დავანგრიოთ ის სახლი, ეკლესიის ხედი გათავისუფლდება და უფრო ლამაზად გამოჩნდება. იმ მოსახლეს კიდევ, ბატონო, აგერ, ქალაქში მივცეთ ერთი რომელიმე კარგი ადგილი და დავასახლოთ-მეთქი! „კიო!“-დამეთანხმა ამაზეც, მარა გააკეთა? ეგერ დგას ისევ ის სახლი… * * * -დედა, თეთრი ხიდიდან რომ ქვებს ათვალიერებდი, გახსოვს? -ხო, მერე? -რა მერე, მაინტერესებდა, გახსოვდა თუ არა. -რა გინდა მერე, შვილო?!-ბადრიჯანს ჭრის დედაჩემი. -არაფერი… რა მინდა და...აუ, იმ ხიდიდან ისეთი რამე დამანახა ,,კვალი ნათელის“ რედაქტორმა, რო… -ან სულ გაჩუმდი, შვილო, ან დალაგებულად მელაპარაკე.!-მეუბნება და ბადრიჯანს, თითქოს ცოტა უფრო გულმოსულად ჭრის. ხელს ვუშლი. არადა, ხომ ვიცი, არც არაფერს ვეტყვი წესიერად და გავაბრაზებ. ჯობია გავიდე და თავი დავანებო, ჩემთვის ვიფიქრო მხოლოდ. * * * -წამოდი, ახლა იმ სკამზე დავჯდეთ.-მთავაზობს ის და მზესუმზირის კნატუნს განაგრძობს. -არა, არ მინდა, დავიღალე, თან შემცივდა რომ გავჩერდით. წამოდი მერიის წინ რომ ბაღია, იქ გავიდეთ. თან საათსაც შევხედავთ იქედან, რა დროა არ გაინტერესებს? -კაი, წამოდი.-წინააღმდეგობის გარეშე მეთანხმება და ვტოვებთ ბაღს, სადაც თეთრი ქვებისაგან ნაკვეთი ქანდაკებები დგას… ცოტა მოშორებით ხიდია, ხიდის ქვეშ კი დამარცხებული გველეშაპია გართხმული, რომლის ბეჭზეც მაცხოვრის ხატია გამოსახული. მერიისკენ წავედით. თავში წამიერად გაირბინა განვლილმა… -დამელოდე!-შეჩერდა.- თუ იცი, რა არის?! -რა? -აუ, არაფერი… -გვერდულად ეღიმება: -რა უცნაური ხარ ხანდახან. ,,ჰო, ხანდახან ალბათ…“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი